Facebook Twitter

ბს-213-202(კ-07) 7 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ი. ს.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ტ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ი. ს.-ის მიმართ და აღნიშნა, რომ 15.07.02წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ქ. გორში, ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე ფართი, სადაც განთავსებულია ავტოშემკეთებელი სახელოსნო. ფართს მოსარჩელისათვის გაურკვეველი სტატუსით არის დაუფლებული მოპასუხე, რომელიც უარს აცხადებს ფართის გამოთავისუფლებაზე. სკ-ის 172-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ფართის მფლობელობის შეწყვეტა, ობიექტის განთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარება.

მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული გორის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველო.

ი. ს.-მ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ სადავო ფართს ფლობს 1996 წლიდან, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავო ობიექტის პრივატიზების პროცედურა მისთვის, როგორც ობიექტის შესყიდვით დაინტერესებული და უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირისათვის, გასაიდუმლოებული იყო. ვინაიდან აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი, მოსარჩელემ მოითხოვა აუქციონის, მისი თანამდევი შედეგების ბათილად ცნობა. ვ. ტ.-მ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ ი. ს.-ს წ.-ის სამმართველოს უფროსთან 05.03.96წ. დადებული აქვს ქირავნობის ხელშეკრულება. სადავო ფართის მესაკუთრე არის სახელმწიფო, შესაბამისად ობიექტის სხვა პირისათვის გადაცემა საჭიროებდა სახელმწიფო ქონების მართვის და აღრიცხვის სამმართველოს თანხმობას, რის გამო მოსარჩელემ მოითხოვა ,,წ.-ის" სამმართველოსა და ი. ს.-ს შორის 05.03.96წ. დადებული ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 26.02.04წ. გადაწყვეტილებით ვ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. ს.-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. გორში, ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე მოსარჩელის სახელზე აღრიცხული ავტოსარემონტო სახელოსნოები და გადაეცა მას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ბათილად იქნა ცნობილი 05.03.96წ. ქირავნობის ხელშეკრულება დადებული ,,წ.-ის" სამმართველოს უფროსსა და ი. ს.-ს შორის. ი. ს.-ის შეგებებული სარჩელი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 05.03.96წ. ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას აუცილებელი იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის, თანხმობა, ამასთანავე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ი. ს.-ი 1998 წლიდან აღარ უხდიდა ქირას შპს ,,წ.-ს". რაც შეეხება აუქციონის ჩატარებას, ცნობა აუქციონის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნდა 07.05.01წ. გაზეთ ,,ლ.-ში".

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ს.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 03.05.04წ. განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 26.02.04წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. ტ.-ის სარჩელი ავტოსარემონტო სახელოსნოდან გამოსახლების და ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სააპელაციო საჩივრის განხილვა საქმის ამ ნაწილში შეჩერდა საქმეზე ადმინისტრაციული სამარათლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. ს.-ის შეგებებული სარჩელი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ განსახილველად განსჯადობით გადაეცა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი იქნა წარდგენილი ვ. ტ.-ის მიერ, საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 02.07.04წ. განჩინებით ვ. ტ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. ტ.-ის სარჩელი ი. ს.-ის მიმართ ავტოსარემონტო სახელოსნოდან გამოსახლებისა და ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობით გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.02.05წ. გადაწყვეტილებით ი. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 26.02.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ს.-ის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. გორში, ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებული ავტოფარეხის შენობა და გადაეცა ვ. ტ.-ის განთავისუფლებულ მდგომარეობაში, ბათილად იქნა ცნობილი 05.03.96წ. ქირავნობის ხელშეკრულება, ი. ს.-ის შეგებებული სარჩელი აუქციონის შედეგებისა და 15.07.02წ. ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ი. ს.-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე აუქციონის გამართვისას დაირღვა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ" კანონის მე-7 მუხლი I-ლი პუნქტის მოთხოვნა საპრივატიზაციო ფასის განსაზღვრის შესახებ, ასევე მე-8 მუხლი, რომლის შესაბამისად საპრივატიზაციო თანხა 50%-ით უნდა შემცირებულიყო. კასატორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.12.05წ. განჩინებით ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.02.05წ. გადაწყვეტილება; საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.06წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 26.02.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე ვ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ს.-ის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. გორში, ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე 1800 კვ.მ. ფართის მიწაზე განლაგებული ავტოფარეხის შენობა და გადაეცა მესაკუთრე ვ. ტ.-ის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში. ბათილად იქნა ცნობილი გორის წ.-ს და ი. ს.-ს შორის 05.03.96წ. დადებული ქირავნობის ხელშეკრულება. ი. ს.-ის შეგებებული სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.02.05წ. სხდომაზე აპელანტმა ი. ს.-მ დააზუსტა მოპასუხეები და შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეებად დაასახელა გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, გორის შპს ,,წ.-ი", ხოლო ვ. ტ.-ი დასახელებული ჰყავდა მესამე პირად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია. რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ბ" პუნქტის საფუძველზე სადავო გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.03.2000წ ¹1-3/198 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ" დებულების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილი იყო მოეხდინა ქონების რეალიზაციის ორგანიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოში სახელმწიფო წილი 50%-ზე მეტი იყო და საწარმოს პარტნიორები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამორტიზირებული და გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების რეალიზაციის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,წ.-ი" დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. საწარმოს პარტნიორთა კრებამ 30.06.2000წ მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,წ.-ის" ბალანსზე რიცხული საწესდებო კაპიტალში არსებული ავტოფარეხის შენობის რეალიზაციისა და შესული თანხის წარმოების საჭიროებისათვის გამოყენებაზე. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საამისოდ უფლებამოსილმა ორგანომ - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ - ამ სამინისტროს გორის სამმართველომ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა სადავო ობიექტის აუქციონის ფორმით რეალიზაციის ორგანიზება, საჯარო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

სააპელაციო პალატის განცხადებით, აპელანტმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე დამადასტურებელი მტკიცება იმისა, რომ სადაო ქონების საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა არასწორად, ხოლო აუქციონის ფორმით პრივატიზების დროს ქონების გასაყიდი წესი არ დადგინდა საკონკურსო საწყისებზე. ამასთანავე არ მიუთითა, რაში გამოიხატა დარღვევა და რომელი სამართლებრივი საფუძვლებით უნდა მომხდარიყო საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გამოქვეყნდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში გაზეთ ,,მ.-ს” და ადგილობრივ პრესაში, ქ. გორის გაზეთ ,,ლ.-ში" ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების დათქმულ თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე. ცნობაში მითითებული იყო საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული ფართი, შენობის დახასიათება, მისამართი, ობიექტის გაყიდვის პირობები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების პრივატიზება განხორციელდა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის და სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.03.99წ. ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზების შესახებ" დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 20.09.94წ. ¹55-1ს დადგენილების მე-2 პუნქტისა და ,,იჯარის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1996 წელს, გორის წ.-ის სამმართველოსა და ი. ს.-ს შორის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისათვის გორის წ.-ის სამმართველოს უფროსი უფლებამოსილი არ იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე დროებით სარგებლობაში გადაეცა მის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ქონება უფლებამოსილი ორგანოს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს, გორის სამმართველოს ნებართვისა და თანხმობის გარეშე. ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) ზესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 14.11.97წ. ¹1-3/687 ბრძანებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესაებ" დებულება, რომლის მე-6 მუხლით განისაზღვრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ფორმით გაცემის წესი. ხოლო მე-9 მუხლის მიხედვით იმპერატიულად დადგენილი იქნა, რომ ქირავნობის ფორმით გაცემული ქონება უნდა აღრიცხულიყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში. სადაო ქირავნობის ხელშეკრულება, სააპელაციო პალატის განმარტებით, სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებული არ იყო, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლების შესაბამისად ქირავნობის ხელშეკრულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს.-მ, გადაწყვეტილების გაუქმება, მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ქ. გორში ...-ის ქ. ¹2-ში 1800 კვ.მ ნაკვეთზე აშენებული ავტოფარეხის შენობა გადაეცა 05.03.96წ. შპს ,,წ.-ის" დირექტორთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. 1999 წლიდან აღნიშნული ტერიტორია გადავიდა გორის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ბალანსზე. ქირას უხდიდა სამმართველოს უფროსს, რომელიც თავს არიდებდა მასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ჰპირდებოდა, რომ მიაწვდიდა ზუსტ ინფორმაციას ქონების აუქციონზე გატანის შესახებ.

კასატორის განცხადებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აუქციონის გამართვისას დარღვეული იქნა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის 1 პუნტისა დ და მე-2 მუხლის მოთხოვნა საპრივატიზაციო ფასის განსაზღვრისა და საწყისი ფასის 50%-ის შემცირების თაობაზე. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნდა მხოლოდ გორის რაიონულ გაზეთ ,,ლ..-ს" 2001 წილს 20 მარტის, 7 მაისის, 22 ივნისის, 15 სექტემბრის ნომრებში და გაზეთ ,,მ.-ს" 2002 წლის 4-11 იანვრის ნომრებში. ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო აუქციონის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე საპრივატიზაციო ობიექტის - მიწის და მასზე განლაგებული ნაგებობების ფართობების ჩვენებით. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ არ ყოფილა გამოკრული საპრივატიზაციო ობიექტში თვალსაჩინო ადგილას, არ ჩატარებულა შრომის კოლექტივის წევრთა საერთო კრება იმის გასარკვევად, სურდათ თუ არა მათ მონაწილეობის მიღება პრივატიზაციის პროცესში და უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.03.07წ. განჩინებით ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად.

ვ. ტ.-ის წარმომადგენელმა 10.04.07წ. წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა. რომ მოპასუხე ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი დასაშვებობის პირობებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ს.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.