ბს-215-209(კ-08) 16 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. კ-სა და ლ. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
23.01.06წ. დ. კ-მა და ლ. ძ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის 20 იანვრამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.
10.08.07წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და 2004 წლის ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე თითოეულისათვის 7 132 ლარის მიუღებელი პრემიის, როგორც იძულებითი განაცდურის ნაწილის, ანაზღაურება მოითხოვეს. მოსარჩელეთა განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე, ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ სხვა დანამატებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანამშრომლებზე პრემიებს გასცემს მათი დამსახურებისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მოსარჩელეები გათავისუფლებულები იყვნენ სამსახურიდან, არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს და აღნიშნული დროის განმავლობაში არ ეკუთვნით პრემიის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.08.07წ. გადაწყვეტილებით დ. კ-სა და ლ. ძ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა და ლ. ძ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინებით დ. კ-სა და ლ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.08.07წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა და ლ. ძ-ემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის, კერძოდ, 7 132 ლარის პრემიალური დანამატების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.04.08წ. განჩინებით დ. კ-სა და ლ. ძ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად. დ. კ-მა და ლ. ძ-ემ წარმოადგინეს მოსაზრება, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. კ-სა და ლ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. კ-სა და ლ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. კ-სა და ლ. ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.