Facebook Twitter

ბს-216-210(კ-08) 10 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ხონის რაიონში დ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 31 აგვისტოს ა. ჩ-მა სარჩელით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ხონის რაიონში დ. ხ-ას მიმართ და მოითხოვა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ხონის რაიონში დ. ხ-ამ დაავალდებულოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომ ამ უკანასკნელმა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ¹327 ბრძანებულების შესაბამისად, დროულად გამოუყოს მას ეზოს გაგრძელებაზე არსებული 600 კვ.მ თავისუფალი მიწის ნაკვეთი.

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ხონის რაიონში დ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხონის რაიონში დ. ხ-ას საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინებით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხონის რაიონში დ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს. შესაბამისად, დ. ხ-ას დაევალა წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2008 წლის 10 მარტს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს ხონის რაიონში დ. ხ-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მარტის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 21 მარტს, მაგრამ კასატორს ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2008 წლის 1 აპრილს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელს ხონის რაიონში დ. ხ-ას ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2008 წლის 31 მარტის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა 2008 წლის 1 აპრილს, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ხონის რაიონში დურმიშხან ხურცილავას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ხონის რაიონში დ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.