Facebook Twitter

ბს-219-207(კ-07) 11 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ჯ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 16 ნოემბერს ო. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან 2005 წლის 11 მაისამდე მუშაობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე სამედიცინო კუთხით. საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, შესაბამისი დამსახურებებიც ჰქონდა. ამასთან, იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე. რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანებით ო. ჯ-ე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა სამსახურიდან.

მოსარჩელის განმარტებით, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას უნდა მიეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება სარგოს (ხელფასის) რვამაგი ოდენობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 3772 ლარს შეადგენდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-12 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით სამხედრო მოსამსახურეს ეძლეოდა შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რაც მოსარჩელეს არ მიუღია.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, მას თავისი სახსრებით უხდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹273 ცნობაში ჩამოთვლილი ნივთების შეძენა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ო. ჯ-ის მიმართ 934,51 ლარის დავალიანება გააჩნდა.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ რამდენიმე წელი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ... სამსახურის უფროსად, 1998-1999 წლებში აღნიშნულ სამსახურში მუშაობისას სამხედრო აკადემიას მის მიმართ წარმოეშვა 491 ლარის დავალიანება, რაც აღიარებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის 2005 წლის 27 აპრილის ¹513 ცნობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით სარგოს (ხელფასის) რვამაგი ოდენობის _ 3772 ლარისა და მიყენებული ზიანის _ 934,51 ლარის, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიისთვის _ 491 ლარის დავალიანების, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეებზე დაკისრებული ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება. იმავე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების დაკისრების ნაწილში და 3772 ლარის ნაცვლად, 2640 ლარის დაკისრება მოითხოვა, დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები კი უცვლელად დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან.

საბოლოოდ, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთჯერადი დახმარების სახით სარგოს (ხელფასის) რვამაგი ოდენობის _ 2640 ლარის, სანივთე ქონების კომპენსაციის _ 934,51 ლარისა და სახელფასო დავალიანების _ 491 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ო. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობის _ 2640 ლარისა და სახელფასო დავალიანების _ 491 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ო. ჯ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი. აპელანტმა ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ო. ჯ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების _ 2640 ლარის გადახდა დაეკისრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ო. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო. ჯ-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ო. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის _ 934,51 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანებით ო. ჯ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) თანახმად. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის 2006 წლის 18 იანვრის ¹38 ცნობის თანახმად, ო. ჯ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 330 ლარს. საქმეში არსებული ო. ჯ-ის ნამსახურობის ნუსხის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა 1992 წლის 16 მარტიდან დათხოვნის დღემდე, სულ 13 წელი, 1 თვე და 10 დღე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹273 ცნობის თანახმად კი, მოსარჩელის 2000-2002 წლების კუთვნილი სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა 934,51 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით მოწესრიგებული იყო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები. ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების მე-8 თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგოები განისაზღვრება თანამდებობრივი, სამხედრო წოდების, კვების ულუფის ღირებულებისა და ნამსახურობის პროცენტული დანამატების გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ჯ-ს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, 2000-2002 წლებში სამხედრო სამსახურის გავლისას უნდა მიეღო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რაც არ მიუღია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹273 ცნობის გაცემით, რითაც აღიარებულ იქნა ო. ჯ-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის _ 934,51 ლარის დავალიანების არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება (სეკვესტრი) არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოსა (ხელფასის) და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალებიდან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების სახით, ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. იმავე ბრძანებულების 33-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით კი 10-დან 15 წლამდე ნამსახურეობის წლებისთვის გაიცემა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით რვამაგი თანამდებობრივი სარგო.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულებით “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებისთვის დამატებული 611-ე პუნქტის თანახმად, მითითებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ხსენებული ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელეზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან ხსენებული ბრძანებულების 331-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან 2006 წლის 1 იანვრიდან. მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2005 წელს, ამდენად, მასზე ხსენებული ბრძანებულების 331-ე მუხლი ვერ გავრცელდება.

კასატორი აღნიშნავს, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ეხება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს. შესაბამისად, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია ო. ჯ-ის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე.

კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹273 ცნობა ო. ჯ-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე საინფორმაციო ხასიათისაა და ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ამასთან, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ის აუცილებელი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და სანივთე ქონების საკუთარი სახსრებით შეძენის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 15 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 17 მაისამდე.

2007 წლის 30 მარტს ო. ჯ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 11 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანებით ო. ჯ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) თანახმად (ს.ფ. 16). საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის 2006 წლის 18 იანვრის ¹38 წერილის მიხედვით, ო. ჯ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 330 ლარს (ს.ფ. 57). საქმეში არსებული ო. ჯ-ის ნამსახურობის ნუსხის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა 1992 წლიდან დათხოვნის დღემდე _ 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (ს.ფ. 7-13). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹273 ცნობის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი 2000-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა 934,51 ლარს (ს.ფ. 14).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან ხსენებული ბრძანებულების 331-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან 2006 წლის 1 იანვრიდან. მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2005 წელს, ამდენად მასზე ხსენებული ბრძანებულების 331-ე მუხლი ვერ გავრცელდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით _ 10-დან 15 წლამდე _ რვამაგი ოდენობით.

ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, თუმცა 2006 წლის 21 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დასახელებული ბრძანებულების 331-ე პუნქტი აღარ იყო შეჩერებული.

ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ნორმის მოქმედების ვადის გარკვეული დროით გადაწევა არ ნიშნავს ხსენებული ნორმის აბსოლუტურ უმოქმედობას და მის გაუქმებას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს, კერძოდ, იურიდიული თვალსაზრისით არ არსებობს აბსოლუტურად უმოქმედო ნორმა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ხსენებული ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი.

რაც შეეხება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე (იმჟამად მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ არის ხანდაზმული, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹273 ცნობის გაცემით, რითაც აღიარებულ იქნა ო. ჯ-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის _ 934,51 ლარის დავალიანების არსებობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ო. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არის ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა 2000-2002 წლების წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, ხოლო აღნიშნულის თაობაზე სარჩელი აღძრა 2005 წლის 16 დეკემბერს, ანუ ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹273 ცნობის გაცემა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მიერ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის დავალიანებად აღიარებასა და მისი გადახდის დაპირებაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹273 ცნობა ო. ჯ-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე საინფორმაციო ხასიათისაა და ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ამდენად, ამ ნაწილში სახეზეა არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს ო. ჯ-ისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ო. ჯ-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.