ბს-219-213(კ-08) 24 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
22.09.05წ. ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველომ სასაჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს თელავის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ და მოითხოვა 13526 ლარის მიწის გადასახადისა და მასზე დარიცხული 17569 ლარის საურავის გაუქმება. მოსარჩელის განცხადებით, გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 30.05.02წ. ¹136 შეტყობინებით ეცნობა, რომ ერიცხებოდა მიწის გადასახადი, რასაც არ დაეთანხმა და დეკემბრიდან დაიწყო დავა არასწორად დარიცხული თანხის ჩამოწერაზე. სხვადასხვა დროს გაეგზავნა წერილი გურჯაანის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, თელავის საგადასახადო ინსპექციას, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, მაგრამ უშედეგოდ. 01.01.04წ. დავალიანებამ შეადგინა 13526 ლარი. მოპასუხემ, ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს მოთხოვნის საფუძველზე, 01.01.04წ. შეწყვიტა მისთვის მიწის გადასახადის დარიცხვა, თუმცა აგრძელებდა საურავის დაკისრებას, რომელმაც 17 569 ლარი შეადგინა. 22.08.05წ. კვლავ მიმართა თელავის საგადასახადო ინსპექციას არასწორად დარიცხული მიწის გადასახადისა და საურავის გაუქმების თაობაზე. თელავის საგადასახადო ინპექციის 02.09.05წ. ¹145 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. მოსარჩელის განცხადებით, ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია და საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის 1 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტით და 276 მუხლის 1 ნაწილის მე-4 პუნქტით გათავისუფლებულია მიწის გადასახადის გადახდისაგან.
თელავის რაიონული სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილებით ქვემო ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თელავის საგადასახადო ინსპექციის 02.09.05წ. ¹145 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს თელავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი აქტის გამოცემა.
თელავის რაიონული სასამართლოს 20.01.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველო წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელსაც საგადასახადო ინსპექციამ დაარიცხა მიწის გადასახადი. გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციის 11.06.03წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, მიწის გადასახადით არ იბეგრებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული ჰქონდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობით გამოყენებული მიწებისა. თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული იყო ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ თელავის რაიონის სოფ. ...-ში არსებული ..-ის სარწყავ სისტემაზე რიცხული მიწის იჯარა განთავისუფლებულია მიწის გადასახადისაგან, ვინაიდან ეს ორგანიზაცია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის არაერთგზისმა მიმართვამ გამოიწვია მიწის გადასახადის დარიცხვის შეწყვეტა 2004 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ უკვე დარიცხული გადასახადი არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამრთლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ინდივიდუალური ადმინიტსრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის გამოც ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე მართებულად დაეკისრა სასამართლოს მიერ ახალი ადმინიტსრაციული აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციამ. კასატორის განმარტებით, სადავო აქტი გამოცემული იყო საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს სადავო გადასახადის დარიცხვა გაასაჩივრა საგადასახადო კოდექსის 147-ე და 149-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ზაკ-ის 182.1 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 04.02.05წ. ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს უარი ეთქვა გადასახადის ჩამოწერაზე ადრე შემოტანილ საჩივარზე. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ...-ის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.