Facebook Twitter

ბს-220-208(კ-07) 1 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიზე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა შპს აგროფირმა “პ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

01.07.04წ. შპს აგროფირმა ,,პ-მა" სასარჩელო განცხადებით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996წ. საწარმოსა და საგარეჯოს რაიონის გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა 1050 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის, მ.შ. 502 ჰა სახნავი მიწის შპს აგროფირმა ,,პ-თვის" იჯარით პირდაპირ მფლობელობაში გადაცემას 10 წლის ვადით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რუკა, რომელზეც მითითებული იყო მისი მფლობელის, შპს აგროფირმა ,,პ-ის" დირექტორის სახელი და საგარეჯოს რაიონის გამგეობის 07.04.04წ. წერილი, რომელშიც მოპასუხე ადასტურებდა, რომ 31.08.96წ. ¹158 დადგენილებით შპს აგროფირმა ,,პ-ს" გამოეყო 1050 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, აქედან სახნავი მიწა 502 ჰა. 25.05.98წ. შპს აგროფირმა ,,პ-ს" ჩამოერთვა იჯარით გადაცემული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო. მოსარჩელის აზრით, საიჯარო ხელშეკრულებაზე უარის თქმას კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ ნორმებს. მოსარჩელის განცხადებით, საგარეჯოს რაიონის გამგეობის მიერ მითითებულ საიჯარო კანონს, რომლის საფუძველზეც გამგეობამ ცალმხრივად მოშალა საიჯარო ხელშეკრულება, ხელშეკრულების მოშლის დროს, 25.08.98წ. ძალა დაკარგული ჰქონდა. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ" კანონი და ,,იჯარის შესახებ" კანონი ძალადაკარგულად ჩაითვალა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მოსარჩელის აზრით, საგარეჯოს რაიონის გამგეობამ ხელშეკრულება მოშალა ძალადაკარგული კანონის საფუძველზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-6 თავი რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარას, არ ითვალისწინებს საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველს. სახელმწიფოს მიერ საიჯარო ხელშეკრულების მოშლა ეწინააღმდეგება 405-ე მუხლის I ნაწილს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვროს მოვალეს ვადა. სახელმწიფომ შეტყობინების გარეშე მოშალა ხელშეკრულება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ხელშეკრულების მოშლა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" პუნქტს, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი ვალდებულების დარღვევაზე. შპს აგროფირმა “პ-ის" გადახდისუუნარობა გამოწვეული იყო სახელმწიფო ორგანოს, კერძოდ, სასამართლო აღმასრულებელი ორგანოს კახეთის სასამართლო სააღმასრულებლო დეპარტამენტის საგარეჯოს ბიუროს უკანონო მოქმედებით, რომლის შედეგად შპს აგროფირმა ,,პ-ს" ჩამოერთვა მთელი ქონება _ წარმოების ძირითადი საშუალებები. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 22.12.02წ. გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კახეთის სასამართლო სააღმასრულებლო დეპარტამენტის საგარეჯოს ბიურომ კანონის აშკარა და უხეში დარღვევით ჩამოართვა შპს აგროფირმა ,,პ-ს" წარმოების ძირითადი საშუალებები და დააკისრა აგროფირმისათვის დაებრუნებინა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.08.2000წ გადაწყვეტილებით დადასტურდა საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 08.08.97წ. გადაწყვეტილების უკანონობა, რომლის მიხედვით შპს აგროფირმა ,,პ-ს" ეკისრებოდა გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფოს მიერ საიჯარო ხელშეკრულებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 604-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, მოიჯარეს შეუძლია მოსთხოვოს მეიჯარეს საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, თუ მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მოიჯარეს მეურნეობის შესანარჩუნებლად და იჯარის მოშლა თუნდაც ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარის თუ მისი ოჯახისათვის იმდენად მტკივნეულია, რომ მას არა აქვს გამართლება თვით მეიჯარის პატივსადები ინტერესებითაც კი. მოსარჩელის განცხადებით შპს აგროფირმა ,,პ-თვის" სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო 1050 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, 502 ჰა სახნავი მიწა მისი მეურნეობის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, მიწა წარმოადგენდა სოფელი .........-ის 120 ოჯახის საერთო მფლობელობას. აღნიშნული ოჯახებისათვის მიწას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დასტურდებოდა სოფლის ყრილობის გადაწყვეტილებით, რომლითაც მიწა გადაუნაწილდათ სოფლის მკვიდრთ და შპს აგროფირმა ,,პ-ის" პარტნიორებს არც ერთი მტკაველი სახნავი მიწა არ შეხვდათ იმ მოტივით, რომ მათ თავიანთი წილი აგროფირმის 502 ჰა-დან ეკუთვნოდათ. არსებობდა შეთანხმება, რომ თუ შპს არსებობას შეწყვეტდა, მის პარტნიორებს შეხვდებოდათ მათი სამყოფი მიწა. მოსარჩელემ სადავო იჯარის ხელშეკრულების მოშლის ბათილად ცნობა და 1996წ. შპს აგროფირმა ,,პ-სა" და გამგეობას შორის არსებული საიჯარო ურთიერთობის აღიარება მოითხოვა.

საგარეჯოს რაიონული სასამართოს 19.08.04წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იჯარის ხელშეკრულების დადების ან მოშლის მტკიცებულებები. 1996წ. დადგენილებით მოსარჩელისათვის მიწის სარგებლობაში გადაცემა, ხოლო 1998 წლის დადგენილებით ამავე მიწის ჩამორთმევა საიჯარო ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებლად არ მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოში მიწის გადასახადის გადახდა არ ადასტურებდა შპს აგროფირმა “პ-ის” მიერ იჯარის ქირის გადახდასაც.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 19.08.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს აგროფირმა ,,პ-მა".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.02.06წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. მ-ი, დ. ლ-ი, გ. მ-ე, ო. მ-ი, ნ. ფ-ი, ვ. ო-ე, შ. შ-ი, ვ. ს-ი, ო. მ-ი და სხვები, სულ 47 კაცი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.06წ. განჩინებით შპს აგროფირმა ,,პ-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს აგროფირმა ,,პ-ი" რეგისტრირებული იქნა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 22.07.95წ. დადგენილებით. საგარეჯოს რაიონის გამგეობის 31.08.96წ. ¹158 დადგენილებით დამტკიცდა მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის 29.08.96წ. გადაწყვეტილება, რომლის დანართშიც მეთითა: ,,პ-თვის" 1050 ჰა მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ. საგარეჯოს რაიონის გამგეობის 25.08.98წ. ¹152 დადგენილებით იმ მოტივით, რომ ,,პ-ს" შეექმნა მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უჭირდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულის დამუშავება, ვერ იხდიდა მიწის გადასახადს, ერიცხებოდა დიდი რაოდენობით გადასახადი, აღნიშნული ფართობი ჩამოერთვა შპს აგროფირმა ,,პ-ს" და გადაეცა სხვა პირებს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს აგროფირმა ,,პ-ის" მიერ სადავოდ არ გამხდარა შემდეგი გარემოებანი: შპს აგროფირმა ,,პ-ს" მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია, გადასახადი არ გადაუხდია. ამასთანავე, საგარეჯოს რაიონის გამგეობის 31.08.96წ. დადგენილების საფუძველზე იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მოიჯარე მიწათსარგებლობის უფლებას მოიპოვებდა ხელშეკრულების საფუძველზე. იჯარის ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებისა და რეგისტრაციის ხარჯების გაღებას კანონი აკისრებდა მოიჯარეს. აღნიშნული კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე ძალადაკარგულად ჩაითვალა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის პროცესის მოწესრიგების მიზნით, დამტკიცდა დებულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ". ბრძანებულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემისას საიჯარო ხელშეკრულება ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის შესაბამისად ექვემდებარებოდა სავალდებულო რეგისტრაციას მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებში მათი გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" 13.11.96წ. კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები დაექვემდებარა სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. დადგინდა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგარეჯოს რაიონის გამგეობის მიერ შპს აგროფირმა ,,პ-თვის" გამოყოფილი იქნა მიწის ნაკვეთი, თუმცა იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მხარეებს შორის საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჩამოყალიბებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს აგროფირმა ,,პ-მა". კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მღებულია კანონის დარღვევით, კერძოდ, განჩინებით არასწორად არის განმარტებული ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ" კანონი. კასატორის განცხადებით, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი შესაბამისად ხელშეკრულების დადებისათვის საკმარისი იყო სახელწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის მსურველი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს განცხადებით მიემართა რაიონულ გამგეობისათვის. რაიონულ გამგეობასთან არსებული მიწის იჯარით გამცემი კომისია აკმაყოფილებდა ამ განცხადებას, რაც მერე მტკიცდებოდა გამგეობის მიერ.

კასატორის აზრით, აღნიშნული ნორმა სპეციალურ ნორმას წარმოადგენდა, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემას. სასამართლომ არ გამოიყენა კანონის აღნიშნული მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული სსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად სამართლის ნორმის დარღვევას წარმოადგენდა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო პალატის 07.05.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს აგროფირმა “პ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დასაშვებად მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს აგროფირმა “პ-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.