ბს-220-214(კ-08) 7 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 5 მაისს ბ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2006 წლის 10 აპრილამდე მუშაობდა რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საბაჟო-საგუშაგო ,,ფოთის პორტის” საბაჟო კონტროლის განყოფილების .....-ად. 2006 წლის 31 იანვარს ხელი მოაწერა გაფრთხილების ფურცელს მოსალოდნელი გათავისუფლებისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ, სადაც არ იყო მითითებული ატესტაციის ჩატარების დრო და ფორმა. მისთვის ატესტაციის ჩატარების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ ერთი დღით ადრე და ასევე მოულოდნელი იყო ატესტაციის ზეპირი გასაუბრების ფორმა.
აღნიშნული ატესტაცია, მოსარჩელის მითითებით, ჩატარდა 1 აპრილს, რის შემდეგაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ზეპირ გასაუბრებას აფიქსირებდა ვიდეოფირზე. მოსარჩელის აღნიშვნით, მასზე მინათებული იყო ძლიერი მანათობელი, რომელიც ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა და უქმნიდა დისკომფორტს. მიუხედავად აღნიშნულისა, დასმულ შეკითხვებს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობიდან, მან სწორი და ამომწურავი პასუხი გასცა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საბაჟო დეპარტამენტის ,,დასავლეთის” რეგიონში მისი მუშაობის განმავლობაში განხორციელდა არა ერთი სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამასთან დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პერიოდულად ტარდებოდა მოხელეთა ატესტაცია. ატესტაციის შედეგებისა და საკადრო ცვლილებების მიუხედავად, იგი კვლავ განაგრძობდა მუშაობას ფოთის საბაჟო საგუშაგო გამშვებ ტერიტორიაზე სხვადასხვა თანამდებობაზე, რადგან გააჩნდა დაკავებული თანამდებობისათვის შესაბამისი პროფესიული ჩვევები და კვალიფიკაცია.
მოსარჩელის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო მისთვის ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგები ცნობილი გახდა 2006 წლის 18 აპრილს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება არ უნდა მომხდარიყო 18 მაისამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2006 წლის 3 აპრილის სხდომის ¹21 ოქმისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 7 აპრილის ¹180-კ ბრძანების ბათილად ცნობას და რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საბაჟო-საგუშაგო ,,ფოთის პორტის” საბაჟო კონტროლის განყოფილების .....-ის თანამდებობაზე აღდგენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და დამატებით ასევე მოითხოვა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის განჩინებით ბ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა გარემოება, დაცულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობდა მათი მხრიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული დარღვევები, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ბ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და უარი უთხრა მას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია მნიშვნელოვანწილად განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მოსაზრებისაგან, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ბ. ჯ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.