Facebook Twitter

ბს-221-209(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. გ-ი

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.06წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-ნმა 15.05.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 28.10.90წ. საქართველოში ჩატარებული პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად, პოლიტიკური ბლოკი «მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს» საარჩევნო სიით გახდა უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ასრულებდა უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის, მიწათმფლობელობისა და ეკოლოგიის კომისიის .... მოვალეობას. 22.12.91წ. სამხედრო გადატრიალების შედეგად, სამხედრო საბჭოს უკანონო გადაწყვეტილებით, ვადამდე შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონოდ დათხოვნა, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნეოდა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია. მოსარჩელემ მიუთითა აღნიშნული კანონის მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა სასამართლო წესით უნდა განხორციელებულიყო. სასამართლოსათვის მისი მიმართვა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მიხედვით რეპრესირებულთათვის გათვალისწინებულია მთელი რიგი სოციალური შეღავათები, რომელთა გავრცელებაც მოსარჩელემ მის მიმართ მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გ. გ-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება და მის შედეგად საქართველოს უზენაესი საბჭოს საქმიანობის ვადამდე შეწყვეტა მიეკუთვნებოდა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების კატეგორიას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებას არ საჭიროებდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 30.01.92წ. ¹85 დადგენილებით, სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრა, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს განეხორციელებინა ანგარიშსწორება ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით დადასტურებულია 28.10.1990წ. არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დაგმობილ იქნა 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სამხედრო საბჭოს 02.01.92წ. დადგენილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს საქმიანობა, წარმოადგენდა უკანონო აქტს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში შედეგად კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლის გ. გ-ის უფლებამოსილების ვადამდე უკანონოდ შეწყვეტა მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.06წ. გადაწყვეტილება 29.08.06წ. სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 28.10.1990წ. ჩატარებული არჩევნების შედეგად გ. გ-ი აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად პოლიტიკური გაერთიანება «მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს» საარჩევნო სიით. 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვარში საქართველოში მოხდა ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, რასაც ერთ-ერთ შედეგად მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საქმიანობის ვადამდე შეწყვეტა. 02.01.92წ. გ. გ-ს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 30.01.92წ. ¹85 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების განხორციელება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით დადასტურდა 28.10.90წ. არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დაგმობილ იქნა 1991-1992წწ. დეკემბერ-იანვრის არაკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლოს საქმე უნდა განეხილა უდავო სამართალწარმოების წესით, რაზეც მიუთითა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მიეკუთვნებოდა აღიარებითი სარჩელების კატეგორიას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით პირს შეეძლო აღეძრა აღიარებითი სარჩელი უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დასადგენად, თუ მას ამის კანონიერი ინტერესი გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. გ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრობიდან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებების საფუძველზე პოლიტიკური მოტივით, ლეგიტიმური ხელისუფლებისადმი მისი კუთვნილების გამო, რაც წარმოადგენდა უკანონო დათხოვნას. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნეოდა თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებებთან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 07.05.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.06წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. გ-ვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების, ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. კასატორის აზრით, მინისტრთა კაბინეტის 30.01.92წ. ¹85 დადგენილება, რომლის საფუძველზეც გ. გ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა, უკანონობის მოტივით არ გაუქმებულა და კვლავ კანონიერ ძალაშია. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ არ დასტურდება «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინებაზე საქართველოს ფინანსტა სამინისტრომ წარმოადგინა 11.04.07წ. მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს ქმნის «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის სწორად განმარტების საჭიროება. კასატორის განცხადებით, მიმდინარეობს სხვა ამდაგვარი დავები და გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება ხელს შეუწყობს არასწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის გაუმართლებელ ხარჯებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განსახილველად ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 28.10.90წ. საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად გ. გ-ი აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად პოლიტიკური გაერთიანება «მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს» საარჩევნო სიით. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში საქართველოში მოხდა ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება, რასაც ერთ-ერთ შედეგად მოჰყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საქმიანობის ვადამდე შეწყვეტა. გ. გ-ს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 02.01.92წ. დადგენილების საფუძველზე შეუჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 30.01.92წ. ¹85 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების განხორციელება. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რაც გამოიხატებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი გამოყენებისა თუ მისი მცდარი განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო გ. გ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება უსაფუძვლოა, ვინაიდან ძალაშია მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიღებული მინისტრთა კაბინეტის 30.01.92წ. ¹85 დადგენილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ. გ-ის დათხოვნა უკავშირდებოდა ლეგიტიმური ხელისუფლებისადმი მის მხარდაჭერას. გ. გ-ის დათხოვნა მოხდა არალეგიტიმური ორგანოს _ სამხედრო საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რომლითაც შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება და შესაბამისად, შეჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა, მათ შორის - გ. გ-ის უფლებამოსილება. აღნიშნული დასტურდება საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით «1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ», რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 28.10.90წ. არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 26.05.91წ. საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონდებლობით დადგენილ ვდებში. ამავე დადგენილებით გადასინჯვას დაექვემდებარა სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელმწიფო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამს. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე 24.06.05წ. «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვეპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის 1.2 მუხლის შესაბამისად, მითითებული კანონის მოქმედება გავრცელდა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-2 მუხლმა დაადგინა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა და მათგან ერთ-ერთი არის: «თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა», რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდბიანი საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და უდავოა, რომ სამხედრო საბჭოს 02.01.92წ. დადგენილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს საქმიანობა, წარმოადგენდა უკანონო აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლის – გ. გ-ის უფლებამოსილების ვადამდე უკანონოდ შეწყვეტა. აღნიშნული გარემოება უნდა შეფასდეს, როგორც თანამდებობიდან უკანონო დათხოვნა, ვინაიდან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა, სამსახურიდან დათხოვნა, 04.01.92წ. მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო დეპუტატის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.

ზემოაღიშნულიდან გამომდინარე და სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გამოებებზე დაყრდნობით სახეზეა მოსარჩელე გ. გ-ის მიმართ პოლიტიკური რეპრესიის განხორციელება, რაც გამოიხატა მისი, როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლის _ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან უკანონო გათავისუფლებაში. აღნიშნული ქმედება ქმნის «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს. კასატორს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ი «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე მართებულად იქნა აღიარებული პოლიტიკურ რეპრესირებულად, რის გამოც, საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას და მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.06წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.