Facebook Twitter

ბს-22-22(2კ-08) 15 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი _

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ნ. დ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლებისას საბოლოო ანგარიშისა და სხვა გასაცემლების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2-3/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლიდან ეკავა მე-4 სამმართველოს უფროსის თანამდებობა.

სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის ¹249 დადგენილების შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - “შრომის ინსპექცია და ნ. დ-ე 2006 წლის 4 იანვრის ¹02-14 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.1. მუხლის საფუძველზე. მოსარჩელემ გათავისუფლებისას მიიღო მხოლოდ ორი თვის კომპენსაცია, ხოლო საბოლოო ანგარიში და ძველი დავალიანებები არ მიუღია. მას მიუღებელი აქვს 1999 წლის 4 თვის სახელფასო დავალიანება - 240 ლარი, სამი თვის საპრემიო დავალიანება - 180 ლარი, სამივლინებო ხარჯები - 225 ლარი და საშვებულებო დავალიანება - 600 ლარი; 1999 წლის იანვრიდან 2000 წლის ივლისამდე პერიოდის ტრანსპორტის კომპენსაცია - 141 ლარი, 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდის დანამატი ნამსახურობისათვის - 1620 ლარი და გამოუყენებელი შვებულებისათვის - 305 ლარი. აღნიშნული დავალიანებები დადასტურებულია შრომის ინსპექციის მიერ 2005 წლის 28 დეკემბერს გაცემული ¹320 ცნობით.

სარჩელის სამართლებრივი გარემოებები:

საქართველოს შრომის კოდექსის 31.3. მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებული იყო, ნებისმიერი ანგარიშსწორების დაყოვნებისას, ყოველი დღისათვის გადაეხადა დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0,007 პროცენტი. ამასთან, ამავე კოდექსის მოქმედება ვრცელდებოდა არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა, ანუ მას ჰქონდა უკუქცევითი ძალა. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 3 აპრილამდე მოსარჩელისთვის გადაეხადა 2228 ლარი (2555 დღის) 1245 ლარის გადაუხდელობის გამო, 2000 წლის ივნისიდან ტრანსპორტის კომპენსაციის - 141 ლარის დაყოვნებისათვის - 223 ლარი, 3311 ლარის გადაუხდელობის გამო 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 3 აპრილამდე, 455 დღის დაყოვნებისათვის – 1054,5 ლარი, სულ თანხის დაყოვნებისათვის მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 3505 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000 წლების მიუღებელი ტრანსპორტის კომპენსაცია - 133,23 ლარი, სამივლინებო ხარჯი - 224,86 ლარი, შრომის ანაზღაურება - 357,20 ლარი, სულ - 715,20 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - 2595,80 ლარის ანაზღაურების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის ¹249 დადგენილების შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - “შრომის ინსპექცია”, რის გამოც ნ. დ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.1. მუხლის საფუძველზე. მოსარჩელემ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109.1. მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მიიღო ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაცია. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹1/11/04/1627 ცნობა, რომლის შესაბამისად, ნ. დ-ის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 715,20 ლარს.

საქალაქო სასამართლომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო, პრემია და სხვა დანამატები. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს ასევე უფლება ჰქონდა, მიეღო მივლინების ხარჯები. ამასთან, “საქართველოს რესპუბლიკაში საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლების შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 23 მარტის ¹167 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მიეღო ტრანსპორტის კომპენსაცია. ამდენად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა მიუღებელი დავალიანება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 2 მარტს გაცემული ¹1/11/04/1627 ცნობის შესაბამისად, 715,20 ლარის ოდენობით.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.4. მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი. “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს 2007 წლის კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაძლებელი იყო 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გამოყენება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონმა “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად, შრომის კოდექსისაგან განსხვავებულად მოაწესრიგა საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვის წესი ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გამოყოფით. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, წინა წლების დავალიანების დაფარვის წესი მოწესრიგებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით და ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-9 მუხლით და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შრომის კოდექსის 31.3. მუხლი მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდებოდა. ამდენად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც საბიუჯეტო დაწესებულებას, არ ეკისრებოდა ვალდებულება, საქართველოს შრომის კოდექსის 31.3. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისთვის აენაზღაურებინა ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის ყოველი დაყოვნებული თანხის 0,007% /იხ.ს.ფ. 44-49/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება 2595,80 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, იგი გამოტანილი იყო საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას. შუამდგომლობების სტადიის დამთავრების შემდეგ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა მოპასუხის მიერ წარდგენილი “უწყისები”, მაგრამ არ მიიღო სასამართლოსგარეშე ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 7 ნოემბრის განჩინება მსგავს დავაზე, რომეშიც სასარჩელო მოთხოვნა იდენტური იყო მოცემულ დავასთან, მათ შორის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საშვებულებო დახმარების და ამავე კანონის 37-ე მუხლით დადგენილი ნამსახური წლებისათვის დანამატის მოთხოვნის ნაწილშიც. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

აპელანტის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის ინსპექციის მიერ 2005 წლის 28 დეკემბერს გაცემული ცნობა – მოსარჩელის მიმართ 3311 ლარის დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ; შრომის ინსპექციის 2005 წლის 22 ნოემბრის ¹341 წერილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიმართ, რომლითაც ინსპექცია მიუთითებდა თანამშრომლების მიმართ დავალიანების არსებობას და მოითხოვდა მის დასაფარად თანხების გამოყოფას; შრომის ინსპექციის 2005 წლის 7 დეკემბრის ¹368 წერილის ასლი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹01/11/04/1427 წერილის ასლი, რომლითაც სამინისტრომ აცნობა მოსარჩელეს, რომ მათ ბალანსზე ირიცხებოდა 1999-2000 წლების ტრანსპორტის კომპენსაცია, სამივლინებო ხარჯები და შრომის ანაზღაურება, სულ 715,20 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლო პროცესზე არ იქნენ მიწვეული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის უფროსი ა. მორჩილაძე და მთავარი ბუღალტერი ლ. ხოდელი, მით უფრო, რომ ისინი ხელს აწერდნენ არა მარტო ზემოაღნიშნულ ცნობებს, არამედ მოპასუხის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ “უწყისებსაც” /იხ.ს.ფ. 61-62; 72-75/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა არსებული დავალიანების - 3311 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის 2005 წლის 28 დეკემბრის ¹320 ცნობის თანახმად, ნ. დ-ის 1999 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სახელფასო დავალიანება შეადგენდა 240 ლარს, ხოლო ამავე წლის ივნისის, სექტემბრის, დეკემბრის თვეების საპრემიო დავალიანება - 180 ლარს, 1999 წლის იანვრიდან 2000 წლის ივლისამდე ტრანსპორტის კომპენსაცია - 141 ლარს, 1999 წლის სამივლინებო ხარჯები - 225 ლარს, საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საშვებულებო დახმარება - 600 ლარს, ამავე კანონის 37.2. მუხლით გათვალისწინებული დანამატი ნამსახური წლებისათვის 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე - 1620 ლარს, ამავე კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებისას კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარს და გამოუყენებელი შვებულების დღეებისათვის - 305 ლარს, სულ - ყველა სახის დავალიანება ნ. დ-ის მიმართ შეადგენდა 4511 ლარს. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹01/11/04/1427 წერილი, რომლითაც ნ. დ-ეს ეცნობა, რომ მათ ბალანსზე ირიცხებოდა 1999-2000 წლების ტრანსპორტის კომპენსაცია, სამივლინებო ხარჯებისა და შრომის ანაზღაურება, სულ 715,20 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1. მუხლი და განმარტა, რომ ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა იმ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში და რომელსაც გააჩნდა მუშაკის მიმართ დავალიანება.

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის ¹249 დადგენილების მე-21 პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამდენად, ნ. დ-ის მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელს, ხოლო არსებული დავალიანების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის 2005 წლის 28 დეკემბრის ¹320 ცნობის მიხედვით, რამდენადაც აღნიშნული გაცემული იყო იმ დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში /იხ.ს.ფ. 89-94/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და არასრულია, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. ნ. დ-ე გათავისუფლდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან. მას მიეცა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს – 1200 ლარის ოდენობით. “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის ¹249 დადგენილების მე-21 პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებული საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შრომის ინსპექციის სალიკვიდაციო კომისიის მიერ შედგენილ უფლებამონაცვლისათვის გადაცემულ უწყისებში, რომლითაც განისაზღვრებოდა შრომის ინსპექციის თანამშრომლებზე დარიცხული ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯებისა და ტრანსპორტის კომპენსაცია, ნ. დ-ის კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით იყო შემდეგი მონაცემები: 1999-2000 წლების ტრანსპორტის კომპენსაცია – 133,23 ლარი, სამივლინებო ხარჯი – 224,86 ლარი და შრომის ანაზღაურება 357, 11 ლარი, სულ – 715,20 ლარის ოდენობით. ამდენად, საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება დასაშვებად ცნობას. ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში /იხ.ს.ფ. 99-101; 118-120/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ნ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით. სასამართლომ ასევე არასწორად ჩათვალა, რომ მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურება წესრიგდება არა შრომის კანონთა კოდექსით ან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, არამედ “ბიუჯეტის შესახებ” კანონით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34.3. მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 106-109/.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/. ამავე განჩინებით ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:L

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა _ კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის 2005 წლის 28 დეკემბრის ¹320 ცნობის თანახმად, ნ. დ-ის 1999 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების სახელფასო დავალიანება შეადგენდა 240 ლარს, ხოლო ამავე წლის ივნისის, სექტემბრის, დეკემბრის თვეების საპრემიო დავალიანება - 180 ლარს, 1999 წლის იანვრიდან 2000 წლის ივლისამდე ტრანსპორტის კომპენსაცია - 141 ლარს, 1999 წლის სამივლინებო ხარჯები - 225 ლარს, საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საშვებულებო დახმარება - 600 ლარს, ამავე კანონის 37.2. მუხლით გათვალისწინებული დანამატი ნამსახური წლებისათვის 2005 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე - 1620 ლარს, ამავე კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებისას კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო - 1200 ლარს და გამოუყენებელი შვებულების დღეებისათვის - 305 ლარს, სულ - ყველა სახის დავალიანება ნ. დ-ის მიმართ შეადგენდა 4511 ლარს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹01/11/04/1427 წერილით, ნ. დ-ეს ეცნობა, რომ მათ ბალანსზე კრედიტორად ირიცხებოდა მისი შრომის ინსპექციაში მუშაობის 1999-2000 წლების ტრანსპორტის კომპენსაცია, სამივლინებო ხარჯებისა და შრომის ანაზღაურება, სულ 715,20 ლარის ოდენობით, რაზეც მონაცემები გადაიცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში /იხ.ს.ფ. 7/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 და “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელთანაც შრომით-სამართლებრივ ურთერთობაში იმყოფებოდა მუშაკი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის ¹249 დადგენილების მე-21 პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის უფლებამონაცვლედ, რომელთანაც შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელე, განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნ. დ-ის მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელს, ხოლო არსებული დავალიანების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის 2005 წლის 28 დეკემბრის ¹320 ცნობის მიხედვით, რამდენადაც აღნიშნული გაცემული იყო იმ დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის 2005 წლის 28 დეკემბრის ¹320 ცნობის საფუძვლიანობა ან, რომ ეს უკანასკნელი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია, ის გარემოება, რომ სამინისტროს ნ. დ-ის დავალიანების შესახებ სხვა მონაცემები გააჩნია, არ აქარწყლებს შრომის ინსპექციის ცნობის მართლზომიერებას, აღსანიშნავია, რომ სამინისტოს თავად არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებია, რათა დაედგინა მონაცემების შეუსაბამობის საკითხი და კონკრეტული მტკიცებულებები წარედგინა სასამართლოსათვის, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის დებულებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე, სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 260.1. მუხლის საფუძველზე გასწორდა საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით 200 ლარის დაკისრების ნაცვლად დაეკისრა სასამართლო ხარჯის სახით 100 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო ხარჯების სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.