Facebook Twitter

¹ბს-222-210(კ-07) 16 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 7 ივნისს პ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1994 წლიდან 2005 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ბოლო 6 წელი ....... სამმართველოს უფროსად.

2005 წლის 10 ოქტომბერს დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება საავადმყოფო ფურცლით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რ. გ-ემ გამოიძახა სამსახურში და ფსიქოლოგიური იძულების გამოყენებით აიძულა დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, იძულების ძირითად ბერკეტად გამოყენებულ იქნა არგუმენტი, რომ განცხადების დაუწერლობის შემთხვევაში სამსახურს დატოვებდა ყველა მისი თანამშრომელი.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა, ვინაიდან განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების Dშესახებ, მას დააწერინეს ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში. ამასთან, მისთვის არ გაუცვნიათ ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნულიდან გამომდინარე, გაშვებული არ არის ხანდაზმულობის ვადა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-21 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ხ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, პ. ხ-მა სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა კერძო პრაქტიკის დაწყებასთან დაკავშირებით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად კი, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას, რაც ამ შემთხვევაში განხორციელდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹179 ბრძანებით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ხ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ უგულებელყო სასარჩელო მოთხოვნა _ მოპასუხისაგან უკანონო გათავისუფლებიდან დღემდე კუთვნილი თანხების გამოთხოვის შესახებ, მაშინ როდესაც ასკ-ის მე-19-20 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მას შეეძლო და ვალდებულიც იყო, ვინაიდან, განაცდურის ანაზღაურება სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნულის გარდა, მიუხედავად მისი მრავალი მოთხოვნისა, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუმადგომლობა საავადმყოფო ფურცლის გამოთხოვის თაობაზე და ასევე, არ დაჰკითხა მოწმეები, რომლებსაც შეეძლოთ დაედასტურებინათ გათავისუფლებისას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის არსებობა.

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლემ პროცესის მსვლელობისას არ გამოიტანა დასაბუთებული განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო თუ ასეთი განჩინება პროცესუალური ნორმების დარღვევით, დაგვიანებით იქნა გამოტანილი ამით დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან ეს განჩინება მას დღემდე არ გადასცემია.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ პროცესუალურმა დარღვევებმა გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, ვინაიდან სასამართლომ არათუ არასრულად, არამედ საერთოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ჰქონდა თუ არა ადგილი იძულებას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან. Gგადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უპასუხა მოსარჩელის მთავარ არგუმენტს – კანონიერი იყო თუ არა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და იძულების პირობებში განცხადების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით პ. ხ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წლის 10 ოქტომბერს პ. ხ-მა განცხადებით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კერძო იურიდიულ პრაქტიკასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹179 ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე და 95-ე მუხლების შესაბამისად, პ. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ბათილად ცნობის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადაგენილი წესი.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებაში მოსარჩელის ნების თავისუფალი გამოვლენის თაობაზე, ვინაიდან, გარდა პ. ხ-ის მითითებისა, მის მიერ საწინააღმდეგო შინაარსის მტკიცებულებანი საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი.

ამასთან, სააპელაციო პალატამ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-21 პუნქტსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება აპელანტზე აღნიშნული ნორმების დაცვით გასაჩივრებული ბრძანების ჩაბარების თაობაზე.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ხ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახალა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 21 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 10 აპრილს პ. ხ-მა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ საფუძვლით მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, პ. ხ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ პ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას პ. ხ-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.