¹ბს-224-218(კ-08) 8 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი - სს ,,....”; წარმომადგენელი – გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ლ-ე, წარმომადგენელი – ე. ბ-ე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 21 ივნისს ე. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სს ,,.....” და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ტექბიუროს ჩანაწერებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ე. ლ-ეს ქ. ქობულეთში, ..... ქუჩა ¹12-ში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი და 1160 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც 1981 წლის 28 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეისყიდა მოქალაქე ვ. ს-ისა და ვ. ს-გან საკუთრების უფლებით.
როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან და რეესტრის საარქივო მასალებიდან ირკვევა, ამჟამად ქ. ქობულეთში, .... ქუჩის ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 1160 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ერიცხება სს ,,....”, რეგისტრაციის საფუძველი: ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის ¹219 გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ე. ლ-ემ სს ,,....” 1995 წლის 21 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის სახით აიღო 5500 აშშ დოლარი, რომელიც არ გადაიხადა და რომლის ამოღების მიზნითაც ბანკმა განახორციელა ამ უკანასკნელისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება საცხოვრებელი სახლიდან, რათა მოეხდინა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია.
მოსარჩელის მითითებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია მოპასუხე მხარეთა (ე. ლ-ისა და მისი ოჯახის წევრების) მოწვევის გარეშე, ე.ი. მათ დაუსწრებლად. რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სს ,,....” კვლავ აწარმოებდა ე. ლ-ის მხრიდან 2004 წლის 13 თებერვლამდე თანხების ამოღებას, მითვისებას, მაშინ როდესაც 5500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მათ უკვე გადაცემული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის ¹219 გადაწყვეტილება ეყრდნობა რა გირავნობის ხელშეკრულებას, შემოიფარგლება მხოლოდ საცხოვრებელი სახლით (გადაწყვეტილებით დადგენილია მოპასუხეთა გამოსახლება საცხოვრებელი სახლიდან და აღნიშნული სახლის თავისუფალ მგომარეობაში გადაცემა სს ,,....” სასარგებლოდ, მისი რეალიზაცია და უფრო ძვირად გაყიდვის შემთხვევაში დარჩენილი თანხის ე. ლ-ის დაბრუნება) და არა საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, მიწის ნაკვეთზე არ არსებობს სს ,,....” მხრიდან საკუთრების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ ბანკის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედება, ე.ი. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის ¹219 გადაწყვეტილების საფუძველზე საცხოვრებელი სახლისა და 1160 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, უკანონოა.
1160 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე – ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დღემდე ვრცელდება ე. ლ-ის საკუთრების უფლება, რომლის ხელყოფაც ხდება სს ,,....” და საჯარო რეესტრის უკანონო მოქმედებებით.
მოსარჩელის განმატებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შეიძლება აღიძრას: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერსს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას; 3. სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედება (ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის ¹219 გადაწყვეტილების საფუძველზე 1160 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია) უკანონოა. ,,რეესტრის ჩანაწერები (სააღრიცხვო ბარათი 1160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ე. ლ-ის საკუთრებას, მაშინ როცა, აღნიშნული უფლება დაცულია და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით ,,საერთაშორისო სამართლის ნორმებით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ტექნიკური აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის სამსახურის ტექნიკური პასპორტისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერების – 1160 კვმ მიწის ნაკვეთზე სს ,,....” საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ბათილად ცნობას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ლ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ლ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ტექბიუროს ჩანაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერი – ქ. ქობულეთში, ..... ქუჩის ¹12-ში 1160 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს ,,....” საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე. 1160 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აღნიშნული ფართი სარგებლობის უფლებით აღირიცხა ე. ლ-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ლ-ემ 1991 წლის 28 დეკემბერს ნაყიდობის ხელშეკრულებით შეისყიდა ქ. ქობულეთში, .... ქუჩის ¹12-ში საცხოვრებელი სახლი, რომელიც განლაგებულია 1160 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, მოქალაქეების – ვ. ს-ისა და ვ. ს-გან საკუთრების უფლებით. მითითებული დროისათვის მოქმედი ,,მიწის კოდექსის” თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს და არა კერძო პირთა საკუთრებას. 1995 წლის 21 ივლისს ე. ლ-ემ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის სახით აიღო მოპასუხისაგან 5500 აშშ დოლარი, ამავე დროს მხარეთა შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკს წარედგინა საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 63,2 კვ.მ. მდებარე ქ. ქობულეთში, .... ქ. ¹12-ში, რომელიც წარმოადგენდა აპელანტის საკუთრებას. ვალის გადაუხდელობის გამო, ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის ¹219 გადაწყვეტილებით აპელანტი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. ქობულეთში, ..... ქუჩის ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, რათა ბანკს მოეხდინა მითითებული საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია. მითითებულ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციული ძალა აქვს მოცემული დავის მიმართ და აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები წარმოადგენს ისეთ ფაქტებს, რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებს.
ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ქობულეთში, ..... ქუჩის ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა საქართველოს საზღვაო კომერციულ ბანკს, ანუ მოპასუხისათვის განხორციელდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის და არა მიწის ნაკვეთის გადაცემა, ვინაიდან მხოლოდ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა გირავნობის საგანს.
მხარეთა შორის გირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედი ,,გირავნობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის პირველი მუხლის თანახმად, გირავნობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის დროსაც კრედიტორი (მოგირავნე) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სხვა კრედიტორებთან შედარებით იძენს უპირატეს უფლებას კანონით დადგენილი წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც სახლი დგას, კერძოდ, მითითებული საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობის ფართი საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად წარმოადგენს 96 კვ.მ-ს, ამდენად სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ბათილად ყოფილიყო ცნობილი ტექბიუროს ჩანაწერი. იმავდროულად სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ტექბიუროს ჩანაწერის უზუსტობა, ამიტომ საჯარო რეესტრის ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის მიმართ ვეღარ იმოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, შესაბამისად, ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერი-ქ. ქობულეთში, ..... ქუჩის ¹12-ში არსებული 1160 კვმ მიწის ნაკვეთის სს ,,.....” საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე და განისაზღვრა აღნიშნული ფართის სარგებლობის უფლებით ე. ლ-ის სახელზე აღირიცხვა.
სასამართლოს განმარტებით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში, ამ სამსახურის ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად კი, პირველადი რეგისტრაცია არის საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფლებამოსილი პირის სარეგისტრაციო განცხადებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში ვერანაირად ვერ იქნებოდა წარდგენილი 1 064 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ბანკის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, ვინაიდან სს ,,.....” ზემოთ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცა მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და არა მიწის ნაკვეთი, ამიტომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი 1064 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ბათილად უნდა ჩაითვალოს.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,.....” ლიკვიდატორმა ბ. პ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში ამ სამსახურის ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნევა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად.
როგორც დადგენილია, ბანკის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად აღრიცხულ იქნა თავდაპირველად ტექბიუროს ჩანაწერებით, რითაც საჯარო რეესტრში მისი აღრიცხვის კანონიერი საფუძველი იმთავითვე არსებობდა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ცალკე უფლების ობიექტი არ შეიძლება იყოს.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მას არ მისცა შესაძლებლობა, დაეცვა საკუთარი ინტერესები, ვინაიდან მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლო სხდომის დღე, ასევე საქმეში მესამე პირად არ იყო ჩაბმული რეალურად იმ დროისათვის სადავო ქონების მესაკუთრე შპს ,,.....”.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “....” ლიკვიდატორის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 1995 წლის 21 ივლისს ე. ლ-ემ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს “....” სესხის სახით აიღო 5500 აშშ დოლარი. იმავდროულად მხარეთა შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკს წარედგინა საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 63,2 კვ.მ, მდებარე ქ. ქობულეთში, ..... ქუჩა ¹12-ში.
ვალის გადაუხდელობის გამო ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის ¹219 გადაწყვეტილებით პროცესუალური მოწინააღმდეგე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ. ქობულეთში, ..... ქ. ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და სახლი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე საქართველოს საზღვაო კომერციულ ბანკს. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ორგანიზაციას დაევალა, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის სახლი გაიყიდებოდა ვალში აღებულ თანხაზე ძვირად, ნამეტი თანხა დაებრუნებინა მოპასუხისათვის.
მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით.
მოცემულ პირობებში საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მოტივაციას და მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას “გირავნობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონზე, რომლის I მუხლი შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ გირავნობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის დროსაც კრედიტორული მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სხვა კრედიტორებთან შედარებით იძენს უპირატეს უფლებას კანონით დადგენილი წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების ხარჯზე.
უდაოა და აღნიშნულის უარყოფას ვერ წარმოადგენს თავად კასატორიც, რომ მხარეთა შორის 1995 წლის 21 ივლისს დადებული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 63 კვ.მ, მდებარე ქობულეთში, ..... ქუჩა 12-ში.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, ნაკვეთის თაობაზე გირავნობის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე მითითებას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულს, იმ პერიოდში არსებული საკანონმდებლო სივრციდან გამომდინარე, ადგილი ვერც ექნებოდა. კერძოდ, მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულია 1995 წელს, ხოლო ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განთავსებული, ამ პირთა საკუთრებად გამოცხადდა 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან, ამავე კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც მიუთითებს ქ. ქობულეთში, ..... ქ. 12-ში განთავსებული სახლის საქართველოს საზღვაო კომერციული ბანკისათვის გადაცემაზე. მითითებული გადაწყვეტილება არ ეხება მიწის საკითხს, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად აღნიშნული გადაწყვეტილების მიჩნევის შესაძლებლობას.
1996 წლის 20 თებერვალს საქართველოს საზღვაო სააქციო კომერციული ბანკის სახელზე სადავო ქონების სამართლებრივი რეგისტრაციის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. როგორც აღინიშნა, მითითებული გადაწყვეტილება არ ქმნის მიწის კასატორის სახელზე რეგისტრაციის საფუძველს, რაზე დაყრდნობითაც საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის მართებულობა და თვლის, რომ სახეზეა მიწის რეგისტრაციის ნაწილში ჩანაწერის ბათილობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მხრიდან მისი საპროცესო უფლების უხეში დარღვევის თაობაზე. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა ბანკის წარმომადგენელს შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს, არ უცნობებიათ სასამართლო სხდომის ჩატარების დროს შესახებ და შესაბამისად, არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად (საუბარია 2007 წლის 20 დეკემბრისათვის არსებულ რედაქციაზე), სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. როგორც სარჩელში ასევე ბანკის მხრიდან საქმეში დაცულ სატიტულო ფურცელზე კასატორის მისამართად მითითებულია ქ. ბათუმი, ..... ქ. ¹60.
იმავე საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საქმეში დაცული გზავნილებისა და გზავნილების დასტურის შესაბამისად უდავოდ დასტურდება, რომ მხარეს პროცესის თაობაზე უწყება გაეგზავნა მითითებულ მისამართზე. კასატორს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის თაობაზე არ უცნობებია. რაც იმავე მუხლის საფუძველზე სასამართლოს აძლევდა პროცესუალურ უფლებას უწყება ჩაეთვალა ჩაბარებულად და საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განეხილა მხარის დაუსწრებლად. ხოლო რაც შეეხება კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის სხვა საქმესთან დაკავშირებით ცნობილი იყო ბანკის ახალი მისამართი, საკასაციო სასამართლოს მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება აღნიშნული მოსაზრების შესაბამის საპროცესო ნორმებზე მოტივირების შეუძლებლობის გამო.
იმავდროულად საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება, სააპელაციო სასამართლოში დავის გადაწყვეტის მომენტისათვის, გასხვისებული იყო, ქონება განმეორებით გასხვისდა საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის, მაგრამ აღნიშნულ გარემოებას საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძვლად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სარჩელის ფარგლებში, მისთვის ცნობილი არ ყოფილა ქონების გასხვისების ფაქტი, მას საპროცესო ნორმები არ დაურღვევია და რაც არსებითია, მოცემულ ვითარებაშიც კი, მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს მოახდინოს სარეგისტრაციო სამსახურების უკანონო ჩანაწერის ბათილობა და დამატებითი სამართლებრივი ბერკეტების მეშვეობით უზრუნველყოს საკუთარი უფლებების რეალიზება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს .....” ლიკვიდატორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.