Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-226-220(კ-08) 14 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს “...-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

2006 წლის 14 სექტემბერს შპს “...-ის” დირექტორმა ნ. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს ქ. სენაკის გამგეობის მიმართ და ქ. სენაკის გამგეობის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹8/1 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “...-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...-ის” დირექტორმა ნ. შ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით შპს “...-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში ქ. სენაკის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შპს “...-ის” სარჩელის გამო, მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მისი დაუშვებლობის (სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის) გამო. მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ხსენებული განჩინება შეიძლება გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული ქ. სენაკის გამგეობის წარმომადგენელთა მიერ 2005 წლის 6 ოქტომბერს შედგენილი აქტით დასტურდებოდა, რომ 2005 წლის 6 ოქტომბერს ნ. შ.-ს ქ. სენაკის გამგეობის სამდივნოში გასაცნობად გადაეცა “ქ. სენაკის გამგეობის 2003 წლის 25 ნოემბრის ¹8/1 დადგენილებისა და შპს “...-თან” დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ” ქ. სენაკის გამგეობის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹8/1 დადგენილება. ნ. შ.-ა გაეცნო ხსენებულ დადგენილებას, მაგრამ არ მიიღო იგი და დახია. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “...-ის” დირექტორ ნ. შ.-ს მის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ქ. სენაკის გამგეობის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹8/1 დადგენილება გადაეცა 2005 წლის 6 ოქტომბერს.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში შეეძლო შეეტანა ადმინისტრაციული საჩივარი უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან იმავე ვადაში აღეძრა სარჩელი სენაკის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის ვადა, ისე სასამართლოში სარჩელის შეტანის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ვადაც.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ აღნიშნულის თაობაზე საჩივარი (განცხადება) სენაკის გამგეობაში წარადგინა 2006 წლის 6 მარტს, ხოლო სარჩელი _ სენაკის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2006 წლის 14 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, შპს “...-ის” მიერ დარღვეული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადები, რაც წარმოადგენდა სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას, ხოლო თუ სარჩელი არ დააკმაყოფილებდა დასაშვებობის პირობებს, სასამართლო თავისი განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წყვეტდა საქმის წარმოებას.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებაზე შპს “...-ის” დირექტორმა ნ. შ.-მ კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა, იმ მოტივით, რომ სასარჩელო განცხადებით გასაჩივრებული აქტი შპს “...-თვის” არ გადაუციათ კანონით დადგენილი წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს “...-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინება და მხარეებს განემარტათ, რომ ხსენებული განჩინება არ საჩივრდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე შპს “...-ის” დირექტორმა ნ. შ.-მ საკასაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. სენაკის გამგეობის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹8/1 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს “...-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შპს “მ.-ის” სარჩელის გამო, მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მისი დაუშვებლობის (სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის) მოტივით. მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ხსენებულ განჩინებაზე შეიძლებოდა კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ განჩინებაზე შპს “მ.-ის” დირექტორმა ნ. შ.-მ კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს “მ.-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინება და მხარეებს განემარტათ, რომ ხსენებული განჩინება არ საჩივრდებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს “...-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინება. ხსენებული კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა ზემდგომ სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც გამოიტანა განჩინება შპს “მ.-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს კერძო საჩივრის თაობაზე. ამასთან, იმავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ ხსენებული განჩინება არ საჩივრდებოდა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, რომლებიც გამოტანილია სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), რაც შეიძლება დაექვემდებაროს საკასაციო წესით გასაჩივრებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით არ პასუხობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რადგან გასაჩივრებულ განჩინებაზე მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არც საკასაციო და არც კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “მ.-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს საკასაციო საჩივარი არ შეესაბამება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან ხსენებული საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კერძო საჩივრის თაობაზე, რომლის გასაჩივრების შესაძლებლობასაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის გამოც მისი განხილვა შეუძლებელია და უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს “...-ის” დირექტორის _ ნ. შ.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.