ბს-227-221(კ-08) 16 ივლისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. და რ. მ-ებმა 11.07.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხების _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს “....” მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმში, .... ქ. ¹14/30-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებში ცვლილებების განხორციელება, ქ. ბათუმში, .... ქ. ¹14/30-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის მიწის ნაკვეთთან ერთად (რესტორან “.....” შენობა) ი. და რ. მ-ების თანასაკუთრებად აღრიცხვა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან არასაცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის გამოთხოვა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ე. მ-ში, რომელიც არის ერთ-ერთი მოსარჩელის, რ. მ-ის ბებია, ხოლო მეორე მოსარჩელის _ ი. მ-ის დიდი ბებია, საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში, .... ქ. 14/30-ში მდებარე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართს. 11.12.36წ. აჭარცეკის ¹23/21 დადგენილებითა და ბათუმის საბჭოს 07.06.37წ. საფინგანო გადაწყვეტილებით, ე. მ-ს ქონება ჩამოერთვა, ხოლო 28.07.37წ. ¹36 დადგენილებითა და ქ. ბათუმის საბჭოს 14.08.37წ. ¹13-60 გადაწყვეტილებით ჩამორთმევა ცნობილ იქნა უკანონოდ და ქონება დაუბრუნდა ე. მ-ს. ე. მ-ი 40-იან წლებში რეპრესირებულ იქნა და გადაასახლეს რუსეთში ოჯახთან ერთად. ე. მ-ის ქონების ნაწილი 1963 წელს მემკვიდრეობით მიიღო მისმა ერთ-ერთმა მემკვიდრემ, რომელმაც შემდგომში იგი გაასხვისა სხვა პირზე, ხოლო სადავო ფართი გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა სახელმწიფოს საკუთრებაში. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ თავის დროზე სადავო ქონების ჩამორთმევა მოხდა უკანონოდ, თუმცა იგი დაუბრუნდა მესაკუთრეს და მოგვიანებით მიიღო მისმა მემკვიდრემ, აქედან გამომდინარე, სადავო ქონება არის მათი სამკვიდრო ქონება, რაც სახელმწიფომ უკანონოდ ჩათვალა თავისად. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ, მართალია, მათ სასამართლოს გვიან მიმართეს, მაგრამ ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად, ვინაიდან მათი ოჯახი რეპრესირებული იყო და ჩამორთმეული ჰქონდათ ყოველგვარი უფლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.07წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ი. და რ. მ-ების მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ აღძრულ დავაში მოპასუხედ ჩართულ იქნა საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.03.07წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ის და რ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების დავალდებულების, ადმინისტრაციული გარიგების, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრედ აღრიცხვისა და ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.03.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და რ. მ-ებმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.07წ. განჩინებით რ. და ი. მ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.03.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის _ რ. მ-ის ბებია, ხოლო ი. მ-ის დიდი ბებია (მამის ბებია) _ ე. მ-ი საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹14/30-ში მდებარე შენობას. აჭარცეკის პრეზიდიუმის სხდომის 11.12.36წ. ¹23/12 ოქმის საფუძველზე ჩამოერთვა ეს ქონება, ხოლო 14.08.37წ. ¹13/60 ოქმით ისევ დაუბრუნდა მას. ე. მ-ი რეპრესირებულ იქნა და გადაასახლეს რუსეთში. ე. მ-ის ერთ-ერთმა მემკვიდრემ ხ. მ-მა 24.04.63წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ს. ვ-ის, რ. ც-ის, ვ. კ-სა და ნ. ვ-ან შეიძინა ქ. ბათუმში, .... ქუჩაზე (ამჟამინდელი .... ქუჩა) ¹14/28-30-ში მდებარე 3/10 ნაწილი, 960,0 კვ.მ საერთო სარგებლობაში არსებული სახლთმფლობელობა. ე. მ-ის მეორე შვილი ე. მ-ი გარდაიცვალა დედის გარდაცვალებამდე, თავად ე. მ-ი გარდაიცვალა ციმბირში. ე. მ-ის შვილი რ. მ-ი 1956 წლიდან მოიხსნა სპეცკომენდატურიდან, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.01.98წ. გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. 09.08.2000წ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 85,52%-იანი და სამი ფიზიკური პირის 4,6%-იანი წილით დაფუძნდა საზოგადოებრივი კვების ორგანიზაცია შპს ,,....”, მდებარე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹14-ში, რაზედაც გაცემულია სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. აჭარის ა/რ მთავრობის 13.09.05წ. ¹44 განკარგულებით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა დანართით, დანართის 25-ე ნომრად მითითებულია შპს ,,.....”. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 23 იანვრის ¹35 ბრძანებით განისაზღვრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,....” 85.52%-იანი წილის პრივატიზება აუქციონის ფორმით. ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე გამოქვეყნდა გაზეთ ,,...” 2006 წლის 24 იანვრის ¹10 ნომერში. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 23.02.06წ. განცხადებით მიმართა მოქალაქე ა. ხ-ამ და სურვილი გამოთქვა აუქციონში მონაწილეობაზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 23.02.06წ. მოქალაქე ა. ხ-ას გადაეცა აუქციონის მონაწილის ¹4 ბილეთი. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 27.02.06წ. ¹121 ბრძანებით დამტკიცდა სააუქციონო ვაჭრობის ოქმი ლოტი ¹1, გამარჯვებულად გამოცხადდა მოქალაქე ა. ხ-ა. 16.03.06წ. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ო. ბ-სა და მოქალაქე ა. ხ-ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რაზედაც გაცემულია ¹396-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ი. და რ. მ-ების მოთხოვნები, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივის), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის. დავა მიმდინარეობს ე. მ-ის დანაშთ ქონებაზე, რომლის ნაწილიც, აპელანტების განმარტებით, მემკვიდრეობით მიღებული აქვს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილს) ზ. მ-ს. შესაბამისად, მას მიღებულად ეთვლება მთელი სამკვიდრო ქონება. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წამოადგენს, რომ ხ. მ-ი არის რ. მ-ის ბიძა (მამის, ეშრემ მ-ის ძმა) და ი. მ-ის მამის, ზ. მ-ის ბიძა (მამის ძმა). ე. მ-ს (რ. მ-ის მამას და ი. მ-ის ბაბუას) დედისაგან სამკვიდრო ქონება არ მიუღია, რადგან იგი დედაზე ადრე გარდაიცვალა გადასახლებაში, რ. მ-ს მემკვიდრეობა მამის წილ სამკვიდროზე არ მიუღია. ასევე არ მიუღია მემკვიდრეობა ზ. მ-ს. ბიძის (ხ. მ-ის) მემკვიდრეები კი ისინი ვერ იქნებიან, ვინაიდან ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები. ძმისშვილი და ძმისშვილიშვილი სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით მხოლოდ მეორე რიგის მემკვიდრეები არიან. იმავე კოდექსის 1337-ე მუხლით წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას (იგივე წესია დადგენილი 1964 წლის რედაქციის სამოქალაქო კოდექსის 544-ე მუხლით). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ქონების (მდებარე ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹14/28-30, 960,0 კვ.მ) ხ. მ-ის მიერ მემკვიდრეობით მიღების ფაქტი. დადგენილია, რომ ე. მ-ის შვილმა, ხ. მ-მა, 24.04.63წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ს. ვ-ს, რ. ც-ის, ვ. კ-ისა და ნ. ვ-ან შეიძინა ქ. ბათუმში, ..... ქუჩა (ამჟამინდელი .... ქუჩა) ¹14/28-30-ში მდებარე 3/10 ნაწილი, 960,0 კვ.მ საერთო სარგებლობაში არსებული სახლთმფლობელობა. ამდენად, აპელანტების მითითება, თითქოს ხ. მ-მა მიიღო ე. მ-ის სამკვიდრო, რაც მთლიან ქონებაზე სამკვიდროს მიღებას ნიშნავს, უსაფუძვლოა და საქმის მასალებით არ დასტურდება. სამოქალაქო კოდექსის 1366-ე მუხლის პირველი ნაწილით შვილიშვილები და შვილიშვილის შვილები კანონით მემკვიდრეებად მაშინ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი. ი. მ-ის მამას ე. მ-ის გარდაცვალების შემდეგ არ მიუღია რა მემკვიდრეობა, იგი ბაბუის დედის დანაშთ ქონებაზე ვერ მოიპოვებს სამკვიდროს მიღების უფლებას, რადგან მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისთვის ცოცხალი იყო ი. მ-ის მამა ზ. მ-ი, რომელსაც სამკვიდრო არ მიუღია ისევე როგორც მის ძმას _ რ. მ-ს. მათ კანონით დადგენილი წესით პრეტენზიაც არ განუცხადებიათ დედის სამკვიდროზე, რაც სავსებით მართებულად იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და დადგინდა, რომ ამჟამად დავა სამკვიდროზე ხანდაზმულია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითა, რომ რ. და ი. მ-ებს სამკვიდროს მიღების შესახებ სასამართლოსთვის შეეძლოთ მიემართათ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით – 1922 და 1964 წლების სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. 1922 წლის სამოქალაქო კოდექსით (44-45-ე მუხლები) დადგენილი იყო სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მათ ეს უფლება არ გამოუყენებიათ, დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოს სარჩელით მიმართეს მხოლოდ 2006 წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდამულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა ამ პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უფლების დარღვევის თაობაზე რომც შეეტყოთ 1998 წლიდან (რ. მ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან), სარჩელის შეტანის მომენტში (სარჩელი შეიტანეს 2006 წელს) გაშვებული აქვთ ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების მოთხოვნა პრივატიზებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე, რადგან მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹14/30-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის შპს ,,....” გადაცემის ფაქტი. შესაბამისად, უსაფუძვლოა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნაც, რადგან თანახმად სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, არსებობს რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო ქონება აღრიცხულია სხვა სუბიექტის სახელზე და მანამ, სანამ არ გაუქმდება ჩანაწერი საკუთრების თაობაზე, დაუშვებელია ამ ქონების სხვის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. ამასთან, რ. და ი. მ-ები არ ითხოვენ ჩანაწერის გაუქმებას. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის 6.1 მუხლით სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით, ხოლო იმავე კანონის 6.6 მუხლით სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფორმების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. განსახილველ შემთხვევაში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით შპს ,,ბლაგოევგრადის” 85.52%-იანი წილის პრივატიზება მითითებული სამინისტროს მიერ განხორციელდა აუქციონის ფორმით ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები და მოცემულ საქმეზე მიღებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ი. მ-ებმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, თითქოს ე. მ-ის შვილს, ე. მ-ს, გადასახლებაში შეეძინა ორი შვილი, რ. მ-ი და ზ. მ-ი, სინამდვილეში ისინი დაიბადნენ ბათუმში, მათი გადასახლება და რეპრესირება ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მოგვიანებით მოხდა. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი მოცემულ დავასთან დაკავშირებით, კერძოდ, მიუთითა, რომ ზ. და რ. მ-ებს კანონით დადგენილი წესით პრეტენზია არ განუცხადებიათ სამკვიდროზე, რასაც ითვალისწინებდა 1922 და 1964 წლების სამოქალაქო კოდექსები, რაც თითქოს მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ მაშინ დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნულ მოტივაციას პირდაპირ ეწინააღმდეგება იმავე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის, რომ მოსარჩელეები მთლიანად რეპრესირებულნი იყვნენ თავიანთ უფლებებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაც კი არ ჰქონდათ. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი, კერძოდ, მოსარჩელეთა თანამემკვიდრემ, ე. მ-ის ერთ-ერთმა შვილმა, ხ. მ-მა, 1963 წელს მემკვიდრეობით მიიღო მხოლოდ ნაწილი (რაც რატომღაც შეფასების გარეშე დატოვა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ), ამიტომ ითვლება, რომ მათ მთლიანად მიიღეს სამკვიდრო (სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილი), მას შემდეგ, რაც მიიღეს სამკვიდრო, მოსარჩელეები მისი მესაკუთრეები გახდნენ (სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი), დანარჩენ სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა მოპასუხეთა საკუთრებაში, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერებით. ე. მ-ის მიერ არც საკუთრების უფლების მიტოვება მომხდარა უძრავ ნივთზე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლისა (არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერები საჯარო რეესტრში), არც სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის და სხვა კანონებით გათვალისწინებული პირობების, მათ შორის, აუცილებელი ან გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევა იმ წესების მიხედვით, რომლებსაც ითვალისწინებს ,,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს ორგანული კაონი, ასევე საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”. შესაბამისად, არ მომხდარა საკუთრების უფლების გადასვლა მოპასუხეებზე, რის გამოც დარღვეულია მოსარჩელეთა უფლება, ფლობდნენ და თავისუფლად განკარგავდნენ თავიანთ საკუთრებაში არსებულ ქონებას. კასატორების მოსაზრებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რადგანაც მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია სწორედ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანისკენ, რაც, თავისთავად, ნიშნავს ძველი ჩანაწერის გაუქმებას და მისი ახლით შეცვლას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 1990 წლიდან, ანუ კომუნისტური რეჟიმის დამხობიდან 2005 წლამდე, მოსარჩელეებს თავისუფლად შეეძლოთ დავის დაწყება, არ დაეთანხმნენ კასატორები, იმის გამო, რომ სრული სამართლებრივი უფლებების წარმოშობა აღნიშნული დავის დასაწყებად უკავშირდებოდა საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციას, 1997 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსს, საქართველოს მიერთებას საერთაშორისო კონვენციებთან და სხვა აქტებთან. აგრეთვე მოსარჩელეების, როგორც რეპრესირებულების აღდგენას სამოქალაქო უფლებებში, სადავო მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე პრეტენზიების დაკანონებას მიუთითებს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებაც, დაწყებული 2000 წლიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს-წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. და ი. მ-ების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.07წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. რ. და ი. მ-ებს დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.