Facebook Twitter

ბს-229-223(კ-08) 22 მაისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ. ჯ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ მარტვილის რაიონის სოფ. ...... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოძღვარი ს. დ-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მარტვილის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მარტვილის რაიონის სოფელ ...... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა ს. დ-ამ 2006 წლის 26 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის, ი. ს-ას, გ. ც-ას, ო. ბ-ას, გ. ბ-ას, ა. ბ-ას, წამომადგენელი ე. ბ-ას, ნ. ს-ას, ჯ. ჯ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უფლების წარმომშობი დოკუმენტების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტის ერონვული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის იმის დავალება, რომ მარტვილის რაიონის სოფელ ...... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის უფლების რეგირსტრაცია მოახდინოს ეკლესიის გარშემო მდებარე 6,62 ჰა მიწის ფართობზე. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის ¹37/10 გადაწყვეტილებით მარტვილის რიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას მის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის (ყოფილი ...... სასახლის ეზო) _ 6.62 ჰა ფართობი გადაეცა მუდმივი სარგებლობის უფლებით მოვლა დაცვის მიზნით; მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულს დაეთანხმა სოფელ ........ მოსახლეობა მათი ყრილობის 1997 წლის 20 ივნისის ¹ 2 ოქმით, რომელსაც მოპასუხე მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. სოფლის ყრილობის გადაწყვეტილება დაამტკიცა მარტვილის ადგილობრივმა მმართველობამ. მოსარჩელის განმატებით, როცა მიმართა განცხადებით საქართვლოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ერვნულ სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს ზემოაღნიშნული უფლების რეგისტრაციის შესახებ, ამ სამსახურის 2006 წლის 5 ივნისის ¹ 104 წერილით უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი რეგისტრირებული ყოფილა მოპასუხეებზე, თუმცა მათი უფლების წარმომშობი რაიმე დოკუმენტი მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს არ გააჩნია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეთა საკუთრებაში უკანონოდ დარეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთი, რადგან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგელობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართვლოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუქტის შესაბამისდ კერძო საკუთრება არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ ისტორიის, ბუნებისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახელმწიფო საკუთრების ნაგებობების დაცვითი ზონების მიწებზე, სახელმწიფო კი დღემდე აღიარებს “რესპუბლიკაში საბაღე-საპარკო ხელოვნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების გაუმჯობესების ღონიძიებათა შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 21 აგვისტოს ¹ 430 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფოს მიერ დაცული საბაღე-საპარკო ხელოვნების რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლების ნუსხას, რომლიც დღემდე ძალაშია. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნულ ნუსხაში შედის სოფელ ......... ბაღი მათთვის გადაცემული 6,62 ჰა ფართობი, რომლის ნაწილი მოპასუხეთა კერძო საკუთრებადაა რეგისტრებული. აღნიშნულზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2000 წლის 12 აპრილის ¹ 1-389 წერილით აცნობა მარტვილის ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც აწარმოებდა საჯარო რეესტრს, ასევე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნა დარღვეული იყო. მარტვილის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის 2001 წლის 15 ივლისის ¹27 განკარგულებით დამტკიცდა სოფელ ....... საკრებულოს 2001 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (ოქმი ¹2) რომლითაც გაუქმდა აღნიშნული მიწის ფართობის ნაწილზე საკუთრების უფლება და დაუბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში, რომელიც ზემოაღნიშნული 1999 წლის 18 მაისის 337/10 ცენტრალიზებული ხელისუფლების აქტით მუდმივ სარგებლობაშია გადაცემული მოსარჩელეთათვის. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხე მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს უკანონოდ აქვს რეგისტრირებული მოპასუხეთა საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, რომლის უფლებაც არ არსებობდა და რეგისტრაცია უნდა გაეუქმებინა, ხოლო მოსარჩელეთა უფლება გაეტარებინა რეგისტრაციაში.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მარტვილის რაიონის სოფელ ...... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ეკლესიის გარშემო მდებარე 6,419 ჰა მიწის ფართობი, აქედან: სახნავი _ 1,7 ჰა, ნაგებობის ქვეშ განთავსებული _ 0,15 ჰა, გზები _ 0,07 ჰა, პარკ-ხეივანი _ 1,299 ჰა, ეზო _ 2,70 ჰა, სხვა დანარჩენი _ 0,50 ჰა; სათანადო თანხმობის საფუძველზე მოპასუხეების: ი. ს-ას საკუთრებაში არსებული 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი, ო. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,169 ჰა მიწის ნაკვეთი, გ. ც-ას საკუთრებაში არსებული 0,85 ჰა მიწის ნაკვეთი, გ. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,131Hჰა, მიწის ნაკვეთი, ა. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი და ნ. ს-ას საკუთრებაში არსებული 0,168 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადაეცა სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას და საჯარო რეესტრში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია. ამასთან საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში გაუქმდა მოპასუხეებზე აღნიშნული ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაცია; მოსარჩელეს უარი ეთქვა სოფელ .......-ში, ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციაზე უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს:

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1999 წლის 18 მაისის ¹37/10 გადაწყვეტილების “ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ფართობების გამოყენების შესახებ" შესაბამისად მარტვილის რაიონის ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას მუდმივი სარგებლობის უფლებით მოვლა-დაცვის მიზნით გამოეყო მის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის (ყოფილი ...... სასახლის ეზო) 6,62 ჰექტარი ფართობი, აქედან: სახნავი _ 1,7 ჰა, ნაგებობების ქვეშ მოქცეული _ 0,15 ჰა, გზები _ 0,07 ჰა, პარკ-ხეივანი _ 1,5 ჰა, ეზო _ 2,70 ჰა, სხვა დანარჩენი _ 0,050 ჰა.

“საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" 2002 წლის 14 ოქტომბრის კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლის თანახმად: სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებულია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ეკლესიის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის (ყოფილი ...... სასახლე) მიწებზე ეკლესიის უფლების აღიარებისა და საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ.

პირველი ინსტაციის სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მარტვილის გამგეობის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოსარჩელის მოთხოვნას სახელმწიფო ფონდის 6,62 ჰა მიწის ნაკვეთის ეკლესიის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე. ასევე მოპასუხეებმა: ი. ს-ამ, გ. ც-ამ, ო. ბ-ამ, ა. ბ-ამ, ნ. ს-ამ მხარი დაუჭირეს სარჩელის მოთხოვნას ეკლესიის გარშემო მდებარე მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ეკლესიაზე გადაცემის შესახებ.

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი და მიუთითა, თუ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტვილის რაიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაზე მუდმივი სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ფონდის მიწებზე (ყოფილი ....... სასახლის ეზო) აღიარებულ უნდა იქნეს ეკლესიის უფლება და საჯარო რეესტრში ეკლესიის საკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს სახნავი _ 1,7 ჰა, ნაგებობების ქვეშ მოქცეული _ 0,15 ჰა, გზები _ 0,07 ჰა, პარკ-ხეივანი _ 1,229 ჰა, ეზო _ 2,70 ჰა, სხვა დანარჩენი _ 0,50 ჰა, სულ 6,419 ჰექტარი.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ეკლესიის ირგვლივ (ყოფილი ........ სასახლის ეზო) მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო ეკლესიის საკუთრებად, კერძოდ: ი. ს-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,23 ჰა, ო. ბ-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,169 ჰა, გ. ც-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,85 ჰა, გ. ბ-ას საკარმიდამო ნაკვეთი 0,131 ჰა, ა. ბ-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,23 ჰა, ნ. ს-ას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,168 ჰა, ამასთან გაუქმებულად ჩათვალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში მოპასუხეების სახელზე აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით ეკლესიაზე გადაცემის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯ. ჯ-ამ აღნიშნული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2005 წლის დეკემბერში შეიძინა ნ. კ-გან, რომელსაც ეს მიწის ნაკვეთი 2005 წლის 22 ნოემბერს. საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციო ნომრით ....... .

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველ ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ. ჯ-ამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი.

სასამართლომ ასევე გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი და 185-ე მუხლი; პირველი ინტანციის სასამართლომ ჯ. ჯ-ა მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად, რადგან ჩათვალა, რომ მან იცოდა 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის შესყიდვის დროს მისი გამსხვისებელი იყო მისი მესაკუთრე, რადგანაც ის ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ო. ჯ-ას მიერ უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლების _ ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობა არ მოუთხოვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარტვილის რაიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას წარმომადგენელმა ე. ქ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მარტვილის რაიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას წარმომადგენელი ე. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეიტლება სოფელ ......-ში ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0.201 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; მარტვილის რაიონის სოფელ ...... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჯ. ჯ-ას სახელზე მარტვილის რაიონის სოფელ ......-ში მდებარე 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის 2006 წლის 4 იანვრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი. დაევალა საჯარო რეესტრის ერვნულ სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს მარტვილის რაიონის სოფელ ......-ში მდებარე 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მარტვილის რაიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სახელზე აღრიცხვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის” 2002 წლის 14 ოქტომბრის კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის მუხლის თანახმად სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართვლოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებულ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც ისინია განლაგებული.

“უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული კონსტიტუციური შეთანხმება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, თანახმად “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური შეთანხმება წარმოადგენს უძრავი ნივთის, მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძვლს.

სახელმწიფო მინისტრის 1999 წლის 18 მაისის ¹37/10 გადაწყვეტილებით მარტვილის რაიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას გადაეცა მის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის (ყოფილი ........ სასახლის ეზო) 6,62 ჰა ფართობი, აქედან სახნავი _ 1,7ჰა, ნაგებობის ქვეშ განთავსებული _ 0,15 ჰა გზები-0,07 ჰა, პარკ ხეივანი-1,229 ჰა, ეზო _ 2,70 ჰა, სხვა დანარჩენი _ 0,50 ჰა, მოვლა დაცვის მიზნით, მარტვილის რიაონის გამგეობის 1997 წლის 31 მარტის ¹14 დედგენილების საფუძვლეზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩია, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი წარმოადგნეს უძრავი ნივთის, ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს. ამასთან “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის “გ” პუნქტის Qმიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უარს ამბობს რეგისტრაციაზე, თუ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ნ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული იქნა 2005 წლის 22 ნოემბერს, რომელმაც 2005 წლის 9 დეკემბერს მიყიდა ეს ნაკვეთი ჯ. ჯ-ას. ჯ. ჯ-ას საკუთრებაში სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა 2006 წლის 4 იანვარს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1999 წლის 18 მაისის ¹37/10 გადაწყვეტილებით; მას ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის” 2002 წლის 14 ოქტომბრის კონსტიტუცუიური შეთანხმებით, ამიტომ რამდენადაც 1999 წლისათვის სადავო მიწის ნაკვეთი ეკლესიას ჰქონდა გადაცემული, არასწორად იქნა რეგისტრირებული ეს ნაკვეთი კ-ის სახელზე 2005 წლის 22 ნოემბერს, შესაბამისად ამ ნაკვეთის გასხვისების შემდეგ რეგისტრაცია ჯ. ჯ-ას სახელზე არასწორად იქნა სასამართლოს მიერ მიჩნეული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ჯ. ჯ-ას სახელზე მარტვილის რაიონის სოფელ .......-ში მდებარე 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის 2006 წლის 4 იანვრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს დაავალა აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღრიცხვა მარტვილის რაიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სახელზე საკუთრების უფლებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციაზე.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 248-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ მიაკუთვნა მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე მას ჰქონდა მოთხოვნილი. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნაა მისი (როგორც ერთ-ერთი მოპასუხის) სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში მისი უფლების რეგისტრაცია, მაშინ როცა მოწიინააღმდეგე მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რის გამოც სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი. ამასთანავე კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მის სახელზე მოხდა უკანონოდ.

კასატორმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნია; მისი მოსაზრებით “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის “გ” პუნქტის და ასევე “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” მე-10 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად სადავო მიწაზე მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კანონმდებლობის სრული დაცვით.

კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი კ-ის მამას რეფორმით მიღებული ჰქონდა 1995 წელს, ხოლო მოსარჩელეს მიწის ნაკვთი გადაეცა სარგებლობის და არა საკუთრების უფლებით უფრო გვიან, კომისიის 1999 წლის 37/10 გადაწყვეტილებით; ნ. კ-მა, როგორც მემკვიდრემ საჯარო რესტირში დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და იმ მომენტისათვის სადავო მიწაზე არავის უფლება არ ყოფილა რეგისტრირებული; კასატორის მოსაზრებით ნ. კ-მა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ყოველგვარი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილი და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მან სადავო მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა იმ პირისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო მესაკუთრედ და იმ მომენტისათვის აღნიშნული ჩანაწერის საწინააღმდეგოდ არ ყოფილა შეტანილი საჩივარი, რის გამოც იგი სასამართლოს კეთილსინდისიერ შემძენად უნდა მიეჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ მიაკუთვნა მხარეს ის რაც არ მოუთხოვია და გასცდა მარტვილის რაიონის სოფელ ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას წარმომადგენელ ე. ქ-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2006 წლის 5 ივნისის ¹104 წერილში მითითებული მოპასუხეთა უფლების წარმომშობი დოკუმენტების ბათილად ცნობას და სადავო მიწის ნაკვეთზე მითითებული ეკლესიის საკუთრების უფლების რეგისტრაციას (ს.ფ. 1-3). ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს სააპელაციო საჩივარიც (ს.ფ. 108-109), რომლითაც აპელანტმა მოითხოვა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის “საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის ¹37/10 გადაწყვეტილების” 1-ლი პუნქტის “ძ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც მარტვილის რაიონის ....... ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას მუდმივი სარგებლობის უფლებით გამოეყო მის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის (ყოფილი ....... სასახლის ეზო) 6,62 ჰა მიწის ნაკვეთი. “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად კი ეკლესიას საკუთრების უფლებით გადაეცა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ჯ. ჯ-ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.