Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-230-218(კ-07) 18 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “ს-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2007 წლის 23 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის ქვითარი და კასატორს გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ ნაწილი _ 300 ლარი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორს _ შპს “ს-ეს” დაევალა ხარვეზის შესახებ 2007 წლის 23 მარტის განჩინების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის (3999,35 ლარი) გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველად.

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინების შპს “ს-ვის” ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვევა, მას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 30 მარტს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 13 აპრილს. შპს “ს-ეს” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2007 წლის 23 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება შპს “ს-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

2007 წლის 5 აპრილს შპს “ს-ემ” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შპს “ს-ეს” მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ გააჩნია ობიექტური შესაძლებლობა გადაიხადოს მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის _ 3999,35 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მხოლოდ მოქალაქის გათავისუფლება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლებელია შპს ,,ს-ის” შუამდგომლობის დაკმაყოფილება და მის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ნორმის გამოყენება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, იგი გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად, ხოლო თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმობაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხევევაში კი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა და 185-ე მუხლის თანახმად, შპს “ს-ეს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა _ 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი;

2. შპს “ს-ეს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა _ 300 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.