ბს-23-23(კ-06) 9 ივლისი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნათია წკეპლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - გ. ბ-ი, თ. ბ-ი, ზემო ...ის თემის საკრებულო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასასმართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადლო საქმეთა პალატის 07.04.05წ. განჩინება
დავის საგანი - საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტის ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. მ-მ გ. ბ-ის, ...ის ტექინვენტარიზაციის ბიუროსა და სოფ. ... თემის გამგეობის მიმართ საცხოვრებელი ბინის და მიწის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებისა და კომპენსაციის შესახებ სარჩელით მიმართა ...ის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე თ. ბ-ი ქორწინებამდე, ოჯახის წევრთა მრავალრიცხოვნობის გამო, 1983წ. გაეყარა მშობლების კომლს (...ის რაიონის სახელმწიფო არქივის ცნობა ¹7/02.11.01წ.), გაყრილობის განაჩენი დაკარგულია. 1985წ. საკომლო წიგნში ნ. ბ-ის კომლის შემადგენლობაში მისი მეუღლე უკვე აღარ ირიცხებოდა. როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს, ... მეცხოველეობის კომპლექსის ტერიტორიაზე თ. ბ-ს საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 76-ე და 77-ე მუხლების შესაბამისად გამოეყო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მისი კუთვნილი ფართიდანაც. როგორც ახლადშექმნილი კომლის უფროსს, ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 18.06.85წ. სხდომის ოქმის ¹6 გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ბ-ს უფლება მიეცა თავის მიწის ნაკვეთზე აეშენებინა საცხოვრებელი სახლი. ...ის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობისა და საპროექტო განყოფილების კომისიამ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ბ-ის სახელზე შეადგინა ბინათმშენებლობის პროექტი - გენერალური გეგმა ¹50, რომლის შესაბამისად აშენდა საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის განცხადებით, იმის გამო, რომ კომლის უფროსი ნ. ბ-ი 1991წ. გარდაიცვალა და მის სახელზე რიცხულ ბინაში მხოლოდ ქალები რჩებოდნენ, თ. ბ-ი ახალ ბინაში საცხოვრებლად არ გადასულა, თუმცა სარგებლობდა მისი დამხმარე სათავსოებითა და საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული ხეხილის ბაღით. მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი მაზლი გ. ბ-ი, რომელიც ამჟამად ფლობს სადავო ქონებას, თავისი ოჯახით ...ში სახელმწიფოსაგან უფასოდ მიღებულ სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. რესპუბლიკაში მიმდინარე მიწის რეფორმასთან დაკავშირებით მის მეუღლეს 1991-1992წწ. 2 ნაკვეთად გადაეცა 0.59 ჰა მიწის ფართობი, რაც დასტურდება ზემო ...ის თემის საკრებულოს მიერ გაცემული ¹241 ცნობით, ... მიწის მართვის სამმართველოს 12.11.01წ. ¹383 ცნობით და მიწის გამცემი კომისიის ხელმოწერით დადასტურებული ცნობით. კომლის უფროსის, თ. ბ-ის სახელზე იწერებოდა მიწის გადასახადი. 1997წ. გარდაიცვალა მისი მეუღლე თ. ბ-ი. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე თ. ბ-ის სახელზე რიცხულ ახალაშენებულ ბინაში დროებით საცხოვრებლად გადავიდა მისი ძმა გ. ბ-ი, რომელიც შემდეგ მოსარჩელის განმარტებით, აიძულებდა თ. ბ-ს, მისთვის დაეთმო სახლი და თვითონ საცხოვრებლად მამისეულ სახლში დარჩენილიყო. გ. ბ-ს ძმისგან თანხმობა არ მიუღია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თ. ბ-ის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ პრეტენზია განაცხადა მეუღლის სამკვიდრო ქონებაზე. საპასუხოდ გ. ბ-მა დაიწყო მისი ოჯახის შევიწროვება. ...ის თემის საკრებულოს შტატგარეშე მდივნის დანაშაულებრივი ხელშეწყობით შეადგინა 1996წ. დათარიღებული ვ. ბ-ის სახელზე შედგენილი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი 11.01.02წ. ¹11 ცნობის თანახმად მიწის მართვის სამმართველოში ვ. ბ-ის სახელზე არ დარეგისტრირებულა. მოსარჩელის განცხადებით, მხოლოდ 2001წ. მისთვის გახდა ცნობილი, რომ მისი მეუღლის სახელზე რიცხული ბინა 1990 წლიდან გ. ბ-ის სახელზე იყო აღრიცხული. ტექბიუროს რეგისტრაციის საფუძვლად ...ის თემის საკრებულოს 11.09.01წ. @¹... ცნობა ჰქონდა მითითებული. მის მიერ თ. ბ-თან დავის წამოწყების დროს ზემო ...ის საკრებულოს გათხოვილი ჰქონდა 1986-1990წწ. საკომლო წიგნები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ ...ის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გ. ბ-ის სახელზე განხორციელებული ბინის რეგისტრაციის გაუქმება, ბინის თ. ბ-ის სახელზე აღრიცხვა და თ. ბ-ის სახელზე აღრიცხული 0.25 ჰა მამაპაპისეული და პრივატიზაციის შედეგად მიღებული 0.59 ჰა მიწის ნაკვეთის (რომლის 0.10 ჰა-ს ფლობს გ. ბ-ის ოჯახი) დაბრუნება და გ. ბ-ის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოითხოვა.
მოპასუხე გ. ბ-მა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მისი ძმა, თ. ბ-ი, ნ. ბ-ის კომლს არ გამოჰყოფია და გაყრილობის აქტი არასდროს შემდგარა. მოპასუხის განმარტებით, იმის გამო, რომ იმ დროისათვის პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობდა და თანამდებობის პირთა მიერ ბინების მშენებლობას იმდროინდელი მმართველი პარტია უარყოფითად აფასებდა, იძულებული გახდა სახლის მშენებლობის პროექტი ძმის სახელზე დაემტკიცებინა. სადავო ბინა ააშენა საკუთარი სახსრებით, ოჯახის წევრებისა და მეზობლების ფიზიკური შრომის გამოყენებით. ბინების ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში სადავო ბინა 1990წ. მის სახელზე აღირიცხა. ბინის ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით შედგენილ იქნა პასპორტი და სახლი დარეგისტრირდა მის სახელზე. 1992წ. რეგისტრაცია განახორციელა სოფლის საკრებულოშიც. პრივატიზაციის პროცესში მას, როგორც ცალკე კომლის უფროსს, მიწა დამოუკიდებლად გამოეყო. მეორე ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მისი მშობლები, ძმა თავისი ცოლ-შვილითა და მისი და, მიწის ნაკვეთებს იღებდნენ ცალკე. თ. ბ-ი კომლის უფროსი არასოდეს ყოფილა. მამის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსი გახდა დედა, ვ. ბ-ი. მიუხედავად აღნიშნულისა ნ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ მამაპაპისეული და პრივატიზაციის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთები თ. ბ-ის სახელზე აღირიცხა. მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 0,91 ჰა-ს შეადგენდა. მოპასუხის განმარტებით, ი. მ-ს კონფლიქტური ხასიათის გამო თ. ბ-ი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები გაეყო და მშობლისა და დისგან თავისი ცოლშვილით ცალკე გასულიყო. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მშობელს სახლთან 0,07 ჰა და ე.წ. ,,ჭადრებთან" 0,10 ჰა გადასცა. გაყრა განაჩენით არ გაფორმებულა და არც არსად დარეგისტრირებულა. 0.17 ჰა მიწის ნაკვეთზე ვ. ბ-ს გააჩნდა ფაქტობრივი მფლობელობა. მისი გარდაცვალების შემდეგ მიწის ნაკვეთი თ. ბ-ს დედის ანდერძის საფუძველზე გადაეცა.
მოპასუხე ზემო ...ის თემის საკრებულოს გამგებელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 1985-1990წწ. საკომლო წიგნების ჩანაწერების თანახმად, ნ. ბ-ის კომლის წევრებად ირიცხებოდნენ ნ. ბ-ი, თ. ბ-ი, თ. ბ-ი, 1991 წლიდან - ი. მ-ა. ვინაიდან საკრებულოში 1990-1995წწ. საკომლო წიგნები ფიზიკურად არ არსებობდა, ცვლილებების შეტანა ხდებოდა 1985-1990წწ. წიგნებში. მოპასუხის განმარტებით საკომლო წიგნების ჩანაწერებით ნ. ბ-ის კომლი ოფიციალურად არ გაყრილა. ნ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად ვ. ბ-ი დაფიქსირდა. 1992წ. მიწის პრივატიზაციის შედეგად ოჯახმა ერთი ნორმა მიიღო. სადავო ბინის აღრიცხვა გ. ბ-ის სახელზე, მოპასუხის განცხადებით, ბინის ტექპასპორტისა და ტექბიუროს ცნობის საფუძველზე განხორციელდა.
ქარელის რაიონული სასამართლოს 12.04.02წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. მ-ს მიერ. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.11.03წ. განჩინებით ი. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქარელის რაიონული სასამართლოს 12.04.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა ქარელის რაიონულ სასამართლოს.
ქარელის რაიონული სასამართლოს 17.05.04წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ს სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ი. მ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
10.01.05წ. საოქმო განჩინებით ვ. ბ-ისათვის 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სათანადო მოპასუხედ საქმეში ვარა ბ-ის მემკვიდრე თ. ბ-ი ჩაება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.09.05წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, კერძოდ, ვ. ბ-ის სახელზე რიცხული 14.11.96წ. გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების ¹168 აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა სასამართლომ განიხილა ისე, რომ სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად არ დაადგინა სარჩელის ამ მოთხოვნის მიმართ სათანადო მოპასუხე. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია საქმის განხილვა რაიონულ სასამართლოში დაბრუნების გარეშე და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ი. მ-ს სასარჩელო მოთხოვნას გ. ბ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტისა და სადავო საცხოვრებელი სახლის განლაგების ნაწილში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ხოლო თ. ბ-ის მიმართ _ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი 1985-1990წწ. აშენდა, სახლი ...ის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ 1990წ. დარეგისტრირდა გ. ბ-ის სახელზე. მოსარჩელე და თ. ბ-ი დაქორწინდნენ 1991წ., სახლის გ. ბ-ის სახელზე ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრაციის შემდეგ. თ. ბ-ი გარდაიცვალა 1997წ., მას თავის სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია ბინის გ. ბ-ის სახელზე აღრიცხვის ფაქტი, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო სახლია აშენებული, აღრიცხული იყო ნ. ბ-ის სახელზე, რომლის თანხმობითაც გ. ბ-მა მშენებლობა აწარმოვა. 1983, 84, 85წ.წ. საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით ნ. ბ-ის ოჯახის წევრებზე ცალკე მიწის ნაკვეთი არ ირიცხებოდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 14.11.96წ მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მამაპაპისეული მიწის ნაკვეთი 0,25 ჰა, რომელზეც სადავო ბინაა განთავსებული, 1992 წლამდე გ. ბ-ის სარგებლობაში იმყოფებოდა. მიწის რეფორმის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში გადავიდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან სახლის მესაკუთრეთა საკუთრებად ჩაითვალა. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმის შესაბამისად მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების აუცილებელ პირობად კანონმდებლობის მიხედვით მიწის ,,კანონიერი" ფლობის ფაქტი მიიჩნევა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ი. მ-ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ბ-ის კომლი ოფიციალურად გაყრილი არ ყოფილა. მის შემადგენლობაში ირიცხებოდა ნ. ბ-ი, ვ. ბ-ი, თ. ბ-ი, ი. მ-ა. თ. ბ-ის და ნ. ბ-ის ოჯახები ცხოვრობდნენ ერთ სახლში ცალ-ცალკე. მიწის პრივატიზაციის დროს მიწის ნაკვეთი მიეცა ვ. ბ-ს. ...ის საკრებულოს 27.02.02წ. ¹48 ცნობის თანახმად, 0,17 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის 0,10 ჰა მიმართ პრეტენზიას ი. მ-ა აცხადებდა, რეგისტრირებული იყო ვ. ბ-ის სახელზე, რომელიც იხდიდა მიწის გადასახადებს. მისი გარდაცვალების შემდეგ მიწის გადასახადებს თ. ბ-ი იხდიდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცული ,,გაყრილობის განაჩენის" თანახმად, ვ. ბ-ის ოჯახის და ქონების, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგად ვ. ბ-ის ოჯახს, რომლის შემადგენლობაში დარჩა თ. ბ-ი, გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი, ეზოს მიმდებარე 0,07 ჰა მიწის ნაკვეთი და პრივატიზებული 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ი. მ-ს ოჯახს სარგებლობაში დარჩა სახლის დანარჩენი ნაწილი, 0,12 ჰა მიმდებარე მიწის ნაკვეთი, 0,036 ჰა საბაღე ნაკვეთი, 0,32 ჰა ჭადრებთან და სხვ., სულ 0,72 ჰა. ,,გაყრილობის განაჩენის" საფუძველზე ი. მ-მ საცხოვრებელი სახლის ნაწილი და მიწის ნაკვეთი აღრიცხა ტექაღრიცხვის ბიუროსა და საჯარო რეესტრში, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა ვ. ბ-ს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ მიუთითა დავის საგანი, რითაც დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, გადაწყვეტილებაში დავის საგნად მითითებულია ბინის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება და კომპენსაცია, ხოლო მის სასარჩელო მოთხოვნას საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტისა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობა წარმოადგენდა.
კასატორის აზრით, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის .,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კასაციის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული სამართლებრივი ნორმები, რომელთა საფუძველზეც მისი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი ...ის ტექაღრიცხვის ბიუროში დარეგისტრირდა 1990წ. და თ. ბ-ს, რომელიც 1997წ. გარდაიცვალა, სადავოდ არ გაუხდია საცხოვრებელი სახლის გ. ბ-ის სახელზე აღრიცხვის ფაქტი. კასატორის განცხადებით, 1990წ. გ. ბ-ის სახელზე შემდგარია ტექნიკური პასპორტი, რომლის ბათილად ცნობაც მისი მოთხოვნის საგანს შეადგენდა, სადავო სახლი გ. ბ-ის სახელზე არც ტექბიუროში და არც საჯარო რეესტრში არ აღრიცხულა.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გ. ბ-მა ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე მისივე თანხმობით ააშენა სადავო საცხოვრებელი სახლი. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც ნ. ბ-ის მიერ გ. ბ-სთვის სახლის აშენებაზე მიცემული თანხმობა დადასტურდებოდა. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა იყოს აღნიშნული მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში არ არის მოხსენიებული საქმეში დაცული მტკიცებულებების დიდი ნაწილი. სასამართლომ დაარღვია ასევე სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა და არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ 183-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველია სანოტარო საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სასამართლო ვერ ასაბუთებს, რატომ მიიჩნია სადავო სახლი გ. ბ-ის საკუთრებად მაშინ, როდესაც მშენებლობის ნებართვა, გენგეგმა და პროექტი გაცემული იყო თ. ბ-ის სახელზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ტექპასპორტის არსებობა 2001 წლამდე მისთვის ცნობილი არ იყო. 1990წ. დათარიღებული ტექპასპორტი გ. ბ-ს არსად არ წარუდგენია და სახლი თავის სახელზე არ აღურიცხავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის საგანს შეადგენს საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტის და მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საკარმიდამო ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ვ. ბ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც მას გადაეცა ე.წ. ,,საქარელოში" (იგივე ე.წ. ,,ჭადრებთან") 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი. პირველ მოთხოვნას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზემო ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მშენებლობის ნებართვა გაცემულია ი. მ-ს მეუღლის, 1997 წელს გარდაცვლილ თ. ბ-ის სახელზე (ს.ფ. 9), აგრეთვე თ. ბ-ის სახელზე გაცემული ბინის პროექტი (ს.ფ. 21). მეორე მოთხოვნის საფუძვლად კასატორი უთითებს იმ გარემოებას, რომ 1985 წლისათვის მისი მეუღლე ცალკე კომლად იყო გამოყოფილი და ფლობდა 0,25 ჰა მამაპაპისეულ მიწის ნაკვეთს.
საქმის მასალებში დაცული ...ის რაიონული სახელმწიფო არქივის 02.11.01წ. ¹7 ცნობის თანახმად, 1983-1985წწ. საკომლო წიგნებში ბ-ი ნ. აღრიცხული იყო ცალკე კომლად, რომლის წევრებად აღრიცხული იყო: მეუღლე – ვ. ბ-ი, შვილები: გ. ბ-ი და თ. ბ-ი, რძალი – მ. ბ-ი, შვილიშვილები - ა. გ-ის ძე ბ-ი და ლ. გ-ის ასული ბ-ი. ოჯახის სარგებლობაში იყო 0.40 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე დაწესეულების 02.11.01წ. ¹6 ცნობის თანახმად, 1986-1990წწ. საკომლო წიგნების მიხედვით ნ. ბ-ის კომლის წევრებად გ. ბ-ი და მისი ცოლ-შვილი აღრიცხული არ არიან. კომლის შემადგენლობაში მათ ნაცვლად ჩაწერილები არიან თ. ბ-ი, მისი მეუღლე ი. მ-ა და მათი შვილი - ნ.. ნ. ბ-ის კომლს სარგებლობაში აქვს ისევე 0.40 ჰა მიწა (ს.ფ. 18,20). ...ის რაიონის სოფელი ზემო ...ის საკრებულოს 12.02.02წ. ცნობის მიხედვით, მომდევნო 1990-1995წწ. საკრებულოში საკომლო წიგნების არ არსებობის გამო ცვლილებების (კომლის გაყრა, კომლის წევრის გარდაცვალება, ახალი წევრის შემატება) შეტანა ხდებოდა 1985-1990წწ. წიგნებში. ქარელის რაიონულ სასამართოლში 05.04.02წ. და 11.04.02წ. სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული იქნა სოფელ ზემო ...ის სასოფლო საბჭოს წიგნები, რომელიც გამოთხოვილი იყო ...ის რაიონული არქივიდან. შემოწმების შედეგად დადასტურდა ...ის რაიონული სახელმწიფო არქივის ზემოაღნიშნული ცნობების უტყუარობა (ს.ფ. 98-100). შსს ...ის რაიონული განყოფილების სავიზო და მ/რ სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება ასევე, რომ გ. ბ-ი ქვემო ...იდან ამოეწერა 1982 წ. (ს.ფ. 62). საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. ბ-ი მუშაობდა ...ში, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ამდენად, 1986-1990წწ. გ. ბ-ი ნ. ბ-ის კომლის წევრად არ ითვლებოდა. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნ. ბ-ის კომლს სარგებლობაში ჰქონდა 0.40 ჰა მიწის ნაკვეთი. საქმეში დაცულია ქვემო ...ის საკრებულოს 12.02.02წ. ცნობა, რომლის მიხედვითაც თ. ბ-ი მშობლებთან ოფიციალურად გაყრილი არ ყოფილა (ს.ფ. 42). ...ის რაიონის არქივის 02.11.01წ. ¹7 ცნობა არ ადასტურებს თ. ბ-ის კომლიდან გაყრას, კომლის წევრად არ მითითება არ ნიშნავს ახალ, ცალკე კომლად ჩამოყალიბებას. ცალკე კომლად დაფუძნებას ესაჭიროებოდა ახალი კომლისათვის ნაკვეთის ცალკე გამოყოფა, რასაც ადგილი არ ჰქონია. მიწის ნაკვეთის გამოყოფის გარეშე გაყრილობა არ დაიშვებოდა, არქივის ცნობაში მითითებულია კომლზე სარგებლობაში გამოყოფილი ნაკვეთის ოდენობა - 0.40 ჰა, რაც ადასტურებს იმას, რომ თ. ბ-ზე კომლის სარგებლობაში არსებული ნაკვეთიდან მიწა არ გამოყოფილა. საქმეში არ მოიპოვება თ. ბ-ისათვის ნაკვეთის მიწის რაიმე სხვა ფონდიდან გამოყოფის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არც გაყრილობის აქტი მოიპოვება. ამდენად, საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. ბ-ი ცალკე კომლად იყო გამოყოფილი. კასატორის მოსაზრება ე.წ. ,,გაყრილობის განაჩენის" დაკარგვის შესახებ არ წარმოადგენს თ. ბ-ის ცალკე კომლად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კომლის რეგისტრაცია ასახული უნდა ყოფილიყო საკომლო წიგნში, რასაც ასევე ადგილი არ ჰქონია. თ. ბ-ი რომ არ იყო მშობლების კომლიდან გამოყოფილი ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მასზე, როგორც ცალკე კომლზე, მიწის რეფორმის გატარების დროს არ გაცემულა, მიწა გაიცა მისი მშობლის ვ. ბ-ის სახელზე, როგორც კომლის უფროსზე (ნ. ბ-ის 1991 წელს გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად ვ. ბ-ი აღირიცხა), მაშინ როდესაც მინისტრთა კაბინეტის 06.02.92წ. ¹128 დადგენილების მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემას მიწის რეფორმის დაწყების პერიოდისათვის რიცხული კომლების მიხედვით.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ბ-ი ირიცხებოდა მშობლის კომლში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიწის რეფორმის შედეგად ოჯახმა მიიღო პირველი კატეგორიის კომლის კუთვნილი ნორმა. საკრებულოს 25.02.04წ. ცნობის თანახმად თ. ბ-ი ფლობდა მამაპაპისეულ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთს. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დანარჩენი 0,15 ჰა მიმართ თ. ბ-ს პრეტენზია არ განუცხადებია. საქმეში დაცული 1998წ. ,,გაყრილობის განაჩენის" მიხედვით ვ. ბ-ის კომლის ქონება გაიყო ვ. ბ-სა და ი. მ-ს შორის. გაყრილობის აქტის თანახმად, მხარეებს შორის ორად გაყოფილი მიწის ფართი 0,25 ჰა უახლოვდება. მხედველობაშია მისაღები, რომ გაყრილობის აქტში მითითებულია არა საერთო ფართი, მათ შორის ის, რომელზედაც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, არამედ მხოლოდ მიმდებარე ბაღის მონაკვეთი, რომლის ფართიც გაყრილობის განაჩენის მიხედვით, მთლიანობაში 0,19 ჰა-ს შეადგენს. აღნიშნული ადასტურებს, რომ კომლს, რომლის უფროსადაც ნ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ ვ. ბ-ი ითვლებოდა, საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა 0,25 ჰა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხე გ. ბ-ისათვის გადაცემული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მოიცავს კასატორის მეუღლის მიერ პრივატიზებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რაიმე ნაწილს.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 1990 წლისათვის სადავო სახლის მშენებლობა დასრულებული იყო, 1990 წელს სადავო სახლი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში გ. ბ-ის სახელზე აღირიცხა. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ რომ სადავო სახლი ტექინვენტარიზაციის ბიუროში არასოდეს აღრიცხულა. საქმეში დაცული ტექინვენტარიზაციის ბიუროს 16.11.01წ. ¹119 ცნობის თანახმად (ს.ფ.8) საცხოვრებელი სახლი 1990 წლიდან მოქ. გ. ბ-ის სახელზე აღირიცხა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო უძრავი ქონების აღრიცხვის შედეგად ახდენდა ტექინვენტარიზაციის პასპორტის შედგენას, ტექპასპორტის შედგენა ადასტურებს ნაგებობის ტექბიუროში რეგისტრაციას. საკასაციო საჩივარში მითითებული 04.02.02წ. ცნობა გაცემულია არა ტექინვენტარიზაციის ბიუროს, არამედ მიწის მართვის სამმართველოს მიერ და შესაბამისად ადასტურებს, რომ მიწის მართვის სამმართველოს რეესტრში არ არის აღრიცხული რაიმე ქონება გ. ბ-ის სახელზე. ამავე სამმართველოს 09.01.04წ. ცნობით დასტურდება, რომ გ. ბ-ის სახელზე მიწის ნაკვეთი არ ირიცხება პრივატიზაციამდე (ს.ფ. 199). რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 31.05.05წ., 30,03.05წ., 23.03.05წ. ცნობებს იმის შესახებ, რომ ბინის ტექნიკური პასპორტის დედანი არ ინახება ამ დაწესებულებაში და არც ბინაა აღრიცხული მის სახელზე, ხსენებული ცნობები გაცემულია მას შემდეგ, რაც ქარელის რაიონულ სასამართლოში, სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, ...ის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ წარმოადგინა სადავო აქტის დედანი, რომელიც დაცულია საქმის მასალებში (ს.ფ. 272-272). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. მ-ა თავდაპირველად სასარჩელო განცხადებით (ს.ფ.7) მოითხოვდა ...ის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გ. ბ-ის სახელზე მიწის ნაკვეთის და ბინის აღრიცხვის გაუქმებას, მოსარჩელე ითხოვდა აგრეთვე ნაკვეთის დაბრუნებას, კომპენსაციის გზით ზარალის ანაზღაურებას. შემდგომში ი. მ-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გ. ბ-ის სახელზე გაცემული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტისა და მიწის მიღება-ჩაბარების აქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომელზედაც განლაგებულია სადავო საცხოვრებელი სახლი, ხოლო მოპასუხე თ. ბ-ის მიმართ მოსარჩელე მოითხოვდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობას. აღნიშნულის შესახებ მითითებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ამდენად უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ტექპასპორტის გაცემის შემდეგ გ. ბ-ის ოჯახი ...ის რაიონის სოფ. ქვემო ...ში აღირიცხა ცალკე კომლად და გარდა საკარმიდამო ნაკვეთისა, რომელზეც განლაგებულია სადავო სახლი, მას, როგორც ცალკე კომლს, მიღებული აქვს 0.71 ჰა მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 52). საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, 1990 წელს, ანუ თ. ბ-ის და ი. მ-ს დაქორწინებამდე, გ. ბ-ი თავის ოჯახთან ერთად შესახლდა სახლში, იმავე წელს გ. ბ-ის სახელზე შედგა ტექპასპორტი. დადგენილია აგრეთვე, რომ თ. ბ-ის ოჯახს სადავო სახლში არასოდეს უცხოვრია, თ. ბ-ს სიცოცხლის განმავლობაში არ უცდია საცხოვრებელი სახლის თავის სახელზე აღრიცხვა, მას არასოდეს გაუხდია სადავოდ საცხოვრებელ სახლში გ. ბ-ის ოჯახის ცხოვრება, გ. ბ-ის სახელზე სახლის აღრიცხვა, საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფა, რაც ადასტურებს იმას, რომ თ. ბ-ი არ თვლიდა მისი გარდაცვალების შემდეგ ი. მ-ს მიერ სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებას თავის საკუთრებად. საქმეში დაცულია (ს.ფ. 212-227) ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო სახლის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო მასალები გ. ბ-ის სახსრებით არის შეძენილი. ბინის მშენებლობის ნებართვის და პროექტის თ. ბ-ის სახელზე გაცემა თავისთავად არ ნიშნავს საცხოვრებელი სახლის თ. ბ-ის მიერ აშენებას, არ ქმნის ი. მ-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის, რომ თავად ი. მ-მ საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე გ. ბ-ის უფლება სარჩელის აღძვრით სადავოდ გახადა 2001 წლის ბოლოს, განვლილი პერიოდის განმავლობაში მას არ მიუღია ზომები სახლის აღრიცხვისათვის, ამდენად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ი. მ-ს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე.
უსაფუძვლოა მოთხოვნა აქტის იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც ვ. ბ-ს გადაეცა ე.წ. ,,ჭადრებთან" 0.10 ჰა მიწის ნაკვეთი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ბ-ის კომლის წევრებს მისი გარდაცვალების პერიოდისათვის წარმოადგენენ თ. ბ-ი, ი. მ-ა თავისი ორი არასრულწლოვანი შვილით. მართალია საქმეში დაცული ,,გაყრილობის განაჩენი" კასატორის მიერ ხელმოწერილი არ ყოფილა, თუმცა მის საფუძველზე და მის შესაბამისად მისთვის მიკუთვნებული უძრავი ქონება კასატორის მიერ აღირიცხა საჯარო რეესტრში, რითიც დაადასტურა გაყრაზე თავისი თანხმობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომლის ქონება მისი წევრების თანასაკუთრებას წარმოადგენს და კომლის ფაქტობრივად გაყრის საფუძველზე სადავო ქონება ვ. ბ-ის სახელზე კანონიერად აღირიცხა. ი. მ-ს კომლის ქონების გაყოფაზე დავა არ წამოუწყვია, მის მოთხოვნას არ წარმოადგენს კომლის ქონების ხელახლა გადანაწილება. განსახილველი დავის საგანს არც ვ. ბ-ის სამკვიდრო ქონების მოპასუხე თ. ბ-ისათვის გადაცემის კანონიერება წარმოადგენს. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ გაყრილობის აქტის თანახმად, რომლითაც სადავო 0.10 ჰა ნაკვეთი ვ. ბ-ს გადაეცა, კასატორ ი. მ-ს გამოეყო 0,72 ჰა (ს.ფ. 380). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან, სკ-ის 1513-ე მუხლის თანახმად, ითვლება ამ პირთა საკუთრებად. 14.11.96წ. ¹168 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ვ. ბ-ს გამოეყო 0,17 ჰა ორ ნაკვეთად (ს.ფ. 31-33). 14.11.96წ. ¹166 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად გ. ბ-ზე მთლიანობაში გაცემულია 0,96 ჰა, 4 ნაკვეთად (ს.ფ. 60-61). მინისტრთა კაბინეტის 28.06.93წ. ¹503 დადგენილების თანახმად მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს მიწის საკუთრების, მფლობელობის ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის მოქალაქეებზე გადასაცემად. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო ნაწილებში მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთები მოპასუხეთა კანონიერ სარგებლობაში იმყოფებოდა მართებულია სააპელაციო პალატის მიერ სადავო სამართალურთიერთობათა მიმართ სკ-ის 1513-ე მუხლის გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.