Facebook Twitter

¹ბს-23-23(კ-07) 10 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლების საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ინდივიდუალურმა მენაშენეთა ამხანაგობა ,,რ-მა" 04.04.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის წინააღმდეგ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 07.05.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურს, რომლის უფლებამონაცვლე გახდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური, დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გაეცა ქ. თბილისში, .... ქ. ¹18-20 ნომერში ასაგები სახლის მშენებლობის ნებართვა არსებული პროექტის მიხედვით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურმა ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობის სახელზე გასცა ¹6/130 მშენებლობის ნებართვა.

მოსარჩელის განმარტებით, 10.10.04წ. რამდენიმე ფიზიკურმა პირმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. 16.11.04წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და შეჩერებული იქნა თბილისის მთავრი არქიტექტორის 15.11.02წ. ¹20/819 ბრძანების და ¹6/130 მშენებლობის ნებართვის მოქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.06წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,რ-ის" შუამდგომლობა და ზემოაღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერება გაუქმდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ¹6/130 მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო განსაზღვრული ვადით და შეჩერების პერიოდში გაუვიდა მოქმედების ვადა, რის გამოც მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და ¹6/130 მშენებლობის ნებართვის ვადის იმ დროით გაგრძელება მოითხოვა, რა ვადითაც მისი მოქმედება სასამართლოს მიერ იყო შეჩერებული. მოსარჩელის განცხადებით, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს არ გაუცია შესაბამისი დოკუმენტი. მოსარჩელემ ასკ-ის 23-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე თბილისის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურისათვის 07.05.04წ. ¹6/130 მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ იშუამდგომლა ასევე სასამართლოს წინაშე განმწესრიგებელი სხდომის ჩატარებამდე დროებითი განჩინების მიღების თაობაზე, რომლითაც 07.05.04წ. ¹6/130 მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა დავის საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაგრძელდებოდა. სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების ნაცვლად ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რ-ის" 06.03.06წ. განცხადების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მოწინააღმდეეგე მხარემ სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა, ამასთანავე, მოითხოვა მიღებული განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 14.11.06წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.06წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.06წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 01.08.01წ. ¹8-13 გადაწყვეტილების მე-9 მუხლით გათვალისწინებული იქნა განსახორციელებელი ღონისძიებები. იმ დროისათვის, როდესაც გაიცა ბრძანება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,რ-ის" მრავალფუნქციური ცხრა სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე, მითითებულ მუხლში გაწერილი პროცედურები შესრულებული, ხოლო უფლებრივი ზონირების რუკები შემუშავებული არ იყო. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 02.12.02წ. ბრძანება პროექტის შეთანხმების თაობაზე კანონიერ ძალაში იყო. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა სამი სტადიით, რომელთაგან მოპასუხეს თავის დროზე ყველა გავლილი ჰქონდა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების გამო მშენებლობის დასრულების გარეშე გავიდა მისი მოქმედების ვადა, ამხანაგობა ,,რ-ს” გავლილი ჰქონდა წინა ორი სტადია, მესამე სტადიას კი მშენებლობის ნებართვის გაცემა შეადენდა. ამავე დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად, ნებართვა უნდა გაცემულიყო საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო ვადით, რომელიც მშენებლობის ორგანიზების პროექტით განისაზღვრებოდა. თუ მშენებლობა ვერ დასრულდებოდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეეძლო იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე ახალი ნებართვა მიეღო, ხოლო 22-ე მუხლის საფუძველზე, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანმიმდევრობით განხორციელებულია გარკვეული პროცედურები და გამოცემულია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტები, დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდება ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი შესაბამისი სტადიიდან. ამასთანავე, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისათვის განხორციელებული გარკვეული პროცედურები და გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებდნენ იურიდიულ ძალას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელეს ნებართვის გაცემაზე კანონით დადგენილი წესით ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე. რომ მოპასუხე ადმინსტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ვადის გაგრძელებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემაზე უარი იყო უკანონო.

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სააპელაციო პალატის 14.11.06წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ-მა”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.12.06წ. განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ვინაიდან ამხანაგობის წარმომადგენელმა წერილობითი ფორმით განაცხადა უარი სააპელაციო პალატის 14.11.06წ. განჩინების გასაჩივრებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მ/შ მიერ. კასატორის განცხადებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის მოთხოვნათა შესაბამისად ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 07.03.06წ. ¹ა/წ-207 ბრძანებით დაწყებული იქნა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საქმის განხილვა ამხანაგობა ,,რ-ის" თავმჯდომარის 06.03.06წ. ¹1/47 განცხადების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ოფიციალურად ეცნობა განმცხადებელს და დაინტერესებულ მხარეებს. ზეპირი მოსმენა გაიმართა 14.03.06წ., შედგა ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების ვადად მითითებული იქნა 5 დღე. საქმეში არსებული დოკუმენტაციისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად სამსახურმა მიზანშეუწონლად მიიჩნია განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან პროექტი არ შეესაბამებოდა ,,ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 01.08.01წ. ¹8-13 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელ სავალდებულო რუკას.

კასატორის განმარტებით, .... ქ. ¹18-20 მიეკუთვნება განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას (სზ-3), მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტია კ-1=0,5, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2=1,8, ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი დადგენილ კოეფიციენტებს არ შეესაბამებოდა, რაც კასატორის განცხადებით, ნებართვის მაძიებლის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. კასატორმა აღნიშნა, რომ განაშენიანების წესები ადგენს ქ. თბილისის ტერიტორიაზე ცალკეული მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების სამრთლებრივ და ნორმატიულ რეგლამენტებს. განაშენიანების წესები წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ სამართლებრივ აქტს, რომელიც აუცილებელია შესასრულებლად სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ, რომლებიც ეწევიან, მონაწილეობენ და/ან აკონტროლებენ ქალაქთმშენებლობით საქმიანობას ქ. თბილისის ტერიტორიაზე. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული წესების მე-12 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ფუნქციურ _ ზონირების საკითხებს.

კასატორმა აღნიშნა, რომ ამხანაგობა ,,რ-ი" 06.03.06წ. განცხადებით ¹6/130 მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. მოქმედი კანონმდებლობა მშენებლობის ნებართვის მოქმედების გაგრძელებას არ ითვალისწინებს. კასატორმა მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. ¹114 დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებაზე, რომლის თანახმად, თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვის დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე.

კასატორი თვლის, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მათ მიერ აღსრულდა და გამოიცა ¹6/130 მშენებლობის ნებართვა, რის გამოც იგივე გადაწყვეტილება ვერ გახდება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი.

კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.06წ. ¹3ბ/2802 განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.01.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს მიეცათ უფლება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოედგინათ მოსაზრებები. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “რ-ის” წარმომადგენელმა წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

27.03.07წ. კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის მერის 23.03.007წ. ¹89 განკარგულებით ქ. თბილისში, .... ქ. ¹18-20-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დადგინდა განაშენების ინტენსივობის კოეფიციენტი კ1-0.82; კ2-6.7, რის შედეგადაც საკასაციო საჩივარმა დაკარგა აზრი. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის განცხადებას თან ერთვის ,,ქ. თბილისში, .... ქუჩა ¹18-20-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდის მიზნით სპეციალური (ზონალური) ნებართვის (შეთანხმების) გაცემის შესახებ” 23.03.07წ. ¹89 განკარგულება, რომლითაც გაზრდილია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის მ/შ განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, განმცხადებელმა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უარი საკასაციო საჩივარზე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც შესაძლებელია მისი განცხადების დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. ქ. თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.