საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-23-23(კ-08) 21 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მ. ხ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2007 წლის 23 ივლისს ი. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მ. ხ-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადდა კონკურსი და 2007 წლის 23 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ჩატარდა გასაუბრება, რომელშიც ი. ღ-მაც მიიღო მონაწილეობა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მისთვის, როგორც კანდიდატისათვის, წერილობით არ უცნობებია მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებდა ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2007 წლის 20 ივლისს ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ზეპირი განცხადებით შეატყობინა მოსარჩელეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებული კონკურსის ჩაშლის შესახებ, რაც მოსარჩელემ დაუსაბუთებლად მიიჩნია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კონკურსზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა გასაუბრების შედეგები. მოსარჩელემ კი 2007 წლის 23 ივნისს ჩატარებულ გასაუბრებაზე დასმულ შეკითხვებს გასცა სწორი პასუხები, რაც გასაუბრების დროს შედგენილ ოქმში უნდა ყოფილიყო ასახული. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შემოწმებულიყო 2007 წლის 23 ივნისს ჩატარებული გასაუბრების შედეგების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მიღება, გასაუბრების შედეგების კანონიერების შემოწმება, მისი მოსამართლის თანაშემწედ დანიშვნა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 ივლისის, 2 აგვისტოსა და 8 აგვისტოს განჩინებებით ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს თვითაცილება მოცემული საქმის განხილვაზე, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოცემული საქმე განსახილველად ბორჯომის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ ხარვეზის შესახებ 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ი. ღ-ის სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-179-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც მოსარჩელეს განუსაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც მას შესაბამისი ხარვეზები უნდა შეევსო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სარჩელი არ იქნებოდა მიღებული წარმოებაში.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ი. ღ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ მან არ შეავსო ხარვეზის შესახებ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზები.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე ი. ღ-მა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
ი. ღ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა, რომელიც განსახილველად ამ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ი. ღ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. მხარეებს განემარტათ, რომ ხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ განეკუთვნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიას, რომელთაც სასამართლოები განიხილავდნენ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული დავა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელი იყო დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილი იყო საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. ღ-ის სარჩელი გამომდინარეობდა ხაშურის რაიონული სასამართლოს აპარატის თანამშრომელთა შესარჩევად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობიდან. მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ მას, როგორც კონკურსში მონაწილე პირს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ ეცნობა კონკურსის შედეგების შესახებ, სადავოდ მიიჩნია კონკურსის ჩაშლის საფუძვლიანობა, ამასთან, გასაუბრების შედეგების საფუძველზე, მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ “საერთოOსასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებდნენ სასამართლოთა აპარატები. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სასამართლოს აპარატის თანამშრომლები იყვნენ სახელმწიფო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა. ამდენად, საერთო სასამართლოების აპარატის თანამშრომელთა, როგორც სახელმწიფო მოსამსახურეთა სამსახურში მიღება წარმოებდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი თანამდებობაზე შეიძლებოდა დანიშნულიყო კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით დავების გადაწყვეტა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმება უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, რისთვისაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2007 წლის 31 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო ი. ღ-ის კერძო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინება ი. ღ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილვა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ი. ღ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. ღ-მა კერძო საჩივარი შეიტანა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც ი. ღ-ის სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ი. ღ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცა განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს: სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და სააპელაციო სასამართლოების განჩინებები, რომლებიც გამოტანილია სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად (სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, აგრეთვე განჩინება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნების შესახებ). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელიც წინ უსწრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების (განჩინება) გამოტანას, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან (სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება) ან სააპელაციო სასამართლოს განჩინებასთან ერთად, რომელიც გამოტანილია სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად (სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, აგრეთვე განჩინება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნების შესახებ), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), რაც შეიძლება დაექვემდებაროს საკასაციო წესით გასაჩივრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით არ პასუხობს არც კერძო საჩივრის მოთხოვნებს, რადგან გასაჩივრებულ განჩინებაზე არც კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები არ ითვალისწინებს საქმის განსჯადობით უფლებამოსილ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ განჩინებაზე მხარის მიერ კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების ი. ღ-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსჯად სასამართლოში საქმის გადაგზავნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება. ამასთან, სასამართლოს განჩინება განსჯად სასამართლოში საქმის წარმართვის შესახებ არ საჩივრდება. განსჯადობის თაობაზე დავა შეიძლება წამოიწყოს იმ სასამართლომ, რომელსაც განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საქმე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო ამასთან მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2007 წლის 31 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო ი. ღ-ის კერძო საჩივარი, რომლის განხილვაც დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე (ს.ფ. 56) და აღნიშნული კერძო საჩივარი ამჟამად განხილვის პროცესშია.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ შეესაბამება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, იგი წარმოდგენილია ამ კანონმდებლობის დარღვევით, რის გამოც მისი განხილვა შეუძლებელია და უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ი. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.