Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-234-228(კ-08) 29 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე., ზ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 10 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-234-228(კ-08) ე., ზ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით ე., ზ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებას საკასაციო საჩივრით ასაჩივრებენ ე., ზ. და რ. კ-ები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში ჩართულნი არიან ასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად, რის გამოც ისინი არ სარგებლობენ სასამართლო აქტების გასაჩივრების საპროცესო უფლებით. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კასატორებს არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი). შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 110-113).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ე., ზ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორებს ჩაჰბარდათ 2008 წლის 29 მარტს (იხ. ს.ფ. 118-119), ხოლო მათ წარმომადგენელს ლ. თვარაძეს _ 2008 წლის 3 აპრილს (იხ. ს.ფ. 122), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორებმა ხარვეზი არ შეავსეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე., ზ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე., ზ. და რ. კ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.