ბს-236-224(კ-07) 2 აგვისტო, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი(მოპასუხე) _ ........ საჯარო სკოლა
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ მ. გ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.07წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
30.05.06წ. მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1990 წლიდან მუშაობდა სოფელი .........-ის საშუალო სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილედ. 01.05.06წ. ¹2 ბრძანებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ. მისი სამსახურიდან დათხოვნა არ იყო შეთანხმებული პროფკავშირთან. მოსარჩელემ ........-ის საჯარო სკოლის დირექტორის 05.01.06წ. ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.07.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის .........-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 01.05.06წ. ¹2 ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილი იქნა ზესტაფონის რაიონის სოფელ ........-ის საჯარო სკოლის დირექტორის სასწავლო-აღმზრდელობითი დარგის მოადგილედ, აუნაზღაურდა იძულებით განაცდური განთავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა .......-ის საჯარო სკოლამ.
სააპელაციო პალატის 20.12.06წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ თ. კ-ე და ი. მ-ი.
03.01.07წ. მ. გ-ამ მოთხოვნა დააზუსტა და დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მოითხოვა აღდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.07წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონის .......-ის საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.07.06წ. გადაწყვეტილება მ. გ-ას წინანდელ სამუშაოზე ზესტაფონის რაიონის სოფელ .......-ის საჯარო სკოლის დირექტორის სასწავლო-აღმზრდელობითი დარგის მოადგილედ აღდგენის ნაწილში, მ. გ-ა აღდგენილ იქნა ზესტაფონის რაიონის სოფელ .......-ის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ .......-ის საჯარო სკოლის 01.05.06წ. ¹2 ბრძანებით მ. გ-ა განთავისუფლდა სასწავლო აღმზრდელობითი დარგის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.03.06წ. ¹191 ბრძანების, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, “განათლების შესახებ” კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, .........-ის საჯარო სკოლის დირექტორის 08.10.05წ. ბრძანების საფუძველზე.
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 15.09.05წ. ¹....... ბრძანების პირველი პუნქტით დაფუძნდნენ ამ ბრძანების ¹2, ¹3, ¹4, ¹5, ¹6, ¹7 და ¹8 დანართებით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. აღნიშნული ბრძანების დანართის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნდნენ სოფელი .......-ის, სოფელი .......-ის ¹...... სკოლა და ¹...... სკოლები. მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ მ. გ-ა გაფრთხილდა ......-ის ¹..... საშუალო სკოლის 08.10.05წ. ¹6 ბრძანებით.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, სკოლის საჯარო სახის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება არ ქმნიდა თანამშრომელთა გათავისუფლების საფუძველს. “განათლების შესახებ” კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ახორციელებდა მისი დამფუძნებელი, თუ აუცილებელი იყო დაწესებულების ფიზიკური ანდა ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია. განათლების და მეცნიერების მინისტრის 15.03.06წ. ¹191 ბრძანების “ვ.ბ” პუნქტის მიხედვით განხორციელდა .........-ის ¹..... , ¹..... და .........-ის საჯარო სკოლების რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით და ჩამოყალიბდა .........-ის საჯარო სკოლა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსალოდნელი განთავისუფლების შეახებ მ. გ-ა 08.10.05წ. იქნა გაფრთხილებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ გაფრთილება კანონით დადგენილი წესით არ იყო განხორციელებული, ვინაიდან რეორგანიზაციის ბრძანება მიღებული იქნა ამ გაფრთხილებიდან 5 თვის შემდეგ. სასამართლოს აზრით, თანამშრომლები მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ უნდა გაფრთხილებულიყვნენ რეორგანიზაციის ბრძანების მიღების შემდეგ. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატამ განსახილველი სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422 და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეორგანიზაცია განთავისუფლების საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მას ახლავს შტატების შემცირება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ .......-ის საჯარო სკოლას საშტატო განრიგი სამინისტროში შესათანხმებლად არ წარუდგენია. .......-ის საჯარო სკოლის საშტატო განრიგი დამტკიცებული იქნა 17.11.06წ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 01.05.06წ. მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ საწარმოში, დაწესებულებაში და ორგანიზაციაში, სადაც არსებობდა პროფკავშირი, ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო. მ. გ-ა სამსახურიდან პროფკავშირთან შეთანხმების გარეშე განთავისუფლდა.
სააპელაციო პალატის განცხადებით, ვინაიდან .......-ის საჯარო სკოლაში არსებობს დირექტორის მოადგილის 1.5 შტატი, ამავე დროს მ. გ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა, მოსარჩელე აღნიშნულ თანამდებობაზე უნდა ყოფილიყო აღდგენილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ........-ის საჯარო სკოლამ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელი რეორგანიზაციის და შტატების შემცირების შესახებ ეცნობა ყველა თანამშრომელს და მათ შორის მ. გ-აც. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ზესტაფონის რაიონის სკოლების ოპტიმიზაციის პროექტი თანდართული საშტატო განრიგით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადასცა 14.12.05წ. ¹311 წერილით. რესურსცენტრის ხელმძღვანელის ¹181 14.07.06წ. პასუხში მითითებული იყო, რომ ,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ¹191 ბრძანებით ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი დამტკიცებულ იქნა". შესაბამისად რეორგანიზებული იქნა ........-ის ¹..... და ¹..... , ასევე ........-ის საჯარო სკოლები და ჩამოყალიბდა ......-ის საჯარო სკოლა, რომლის ადმინისტრირების შესახებ გამოცემული იქნა .......-ის საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებები: ¹¹1,2,3,4; განისაზღვრა სასწავლო ნაწილის 1,5 შტატი. კასატორის განმარტებით, ......-ის ¹.... ¹..... და .........-ის სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთი იურიდიული პირი _ სსიპ ........-ის საჯარო სკოლა, თუმცა ტერიტორიულად საჯარო სკოლა სამივე სკოლის შენობაში განთავსდა. როგორც სასწავლო ნაწილი _ სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი, ყოფილ .......-ის ¹..... სკოლისა და ........-ის სკოლების შენობებში დარჩნენ სასწავლო ნაწილები _ ერთგან 1 საშტატო ერთეულზე, მეორე ადგილას 0.5 საშტატო ერთეულზე. აღნიშნული პირები ამ სკოლებში მუშაობდნენ რეორგანიზაციამდე. .......-ის ¹..... საჯარო სკოლის ბაზაზე, არსებულ შენობაში, სადაც დირექტორის სამუშაო ადგილია და ფიზიკურად ხელმძღვანელობს სკოლას, სასწავლო აღმზრდელობითი ფუნქციები შეითავსა დირექტორმა და მოადგილის შტატი არ არსებობს. 25.11.06წ. ¹21 ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის მოადგილის 1.5 საშტატო ერთეული ის საშტატო ერთეულია, რომელზეც მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ მესამე პირები. კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ მ. გ-ა სხვა პირის საშტატო ერთეულზე აღადგინა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა მ. გ-ას ხელფასის ოდენობა. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში დაცული შესაბამისი მტკიცებულებანი, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.03.07წ. განჩინებით .......-ის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
მ. გ-ას წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ .......-ის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.07.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან მ. გ-ას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებულით წარმოებული ადმინისტრაციული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ექვემდებარებოდა განხილვას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.
განსახილველი დავის საგანს შეადგენს ქ. თბილისის ¹...... საჯარო სკოლის დირექტორის 01.05.06წ. ¹2 ბრძანების ბათლად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც მოცემული დავა არ არის თავისი შინაარსის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის დავა.
განსახილველ სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ........-ის საჯარო სკოლა. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. განსახილველ შემთხვევაში სადავო ურთიერთობა არ წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს, სადავო აქტი წყვეტს ფიზიკურ პირსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის არსებულ შრომითი სამართლებრივ ურთიერთობას.
მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე განეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის (საქართველოს ეროვნული ბანკის გარდა). მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის მითითებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება ვერ მიიჩნევა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლის თანამშრომლის, მ. გ-ას სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 იანვრის განჩინება და მოცემული საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ......-ის საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.07წ. გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.