¹ბს-240-228(კ-07) 7 მაისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 25 აპრილს ნ. კ-ემ, გ. ბ-ემ, ნ. მ-ემ და ი. ო-იმ სარჩელით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. ქობულეთის მერიის მიმართ და ითხოვდნენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას იმის თაობაზე, რომ ფ. ო-ი და ზ. ო-ი იყვნენ დედა-შვილი. ძ. ო-ი და ო. ო-ი _ ცოლ-ქმარი, ხოლო სადავო სახლი წარმოადგენდა ზ. და ო. ო-ების საკუთრებას.
მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ დანგრეული სახლისა და დამხმარე ნაგებობების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენას, მიწის ნაკვეთის მათთვის გადაცემას და ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიოდ ცნობას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ, დაკმაყოფილდა, ხოლო დანგრეული სახლის აღდგენასა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-ემ, გ. ბ-ემ, ნ. მ-ემ და ი. ო-იმ იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ სახლის აღდგენასა და მიწის ნაკვეთის გადაცემაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩვრეს ნ. კ-ემ, გ. ბ-ემ, ნ. მ-ემ და ი. ო-იმ, რომლებმაც მოითხოვეს გაშვებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ცნობა, დანგრეული სახლის აღდგენა და მიწის ნაკვეთთან ერთად მათ საკუთრებაში გადაცემა.
საკასაციო სასამართლოში ზეპირი განხილვისას კასატორებმა შეცვალეს მოთხოვნა და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 6 მარტის განჩინებით ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ნ. მ-ისა და ი. ო-ის საკასაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 7 აგვისტოს განჩინება.
2005 წლის 13 მაისს ჯ. ო-მა განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იგი არის ფ. ო-ის მემკვიდრე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, არ იყო მიწვეული საქმის განხილვის დროს, რაც წარმოადგენდა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო 2005 წლის აპრილში, საიდანაც ერთთვიან ვადაში მიმართა სასამართლოს და ითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც დადასტურებულ იქნა ერთ-ერთი მოსარჩელის _ გ. ბ-ის ახსნა-განმარტებებით, რომლითაც ირკვეოდა, რომ ხ. ჭ-ას მემკვიდრეებს შეგნებულად დაუმალეს ჩამორთმეული სახლთმფლობელობის საქმის მასალები და არ აცნობეს სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ.
განმცხადებელი _ ჯ. ო-ი ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლების შედეგად ქ. ქობულეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 ივნისის ¹163 გადაწყვეტილებისა და მისით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობას _ 6792 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. ო-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ჯ. ო-ისა და თ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 ივნისის ¹163 გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები; აღდგენილ იქნა ჯ. ო-ისა და თ. კ-ის საკუთრების უფლება ქ. ქობულეთში, ........... ყოფილი .......... ქ. ¹.....-ში _ 6792 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელეებს _ ნ. კ-ეს, გ. ბ-ეს, ნ. მ-ესა და ი. ო-ის უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.
2005 წლის 22 ნოემბერს ქობულეთის რაიონის გამგეობამ განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ ჯ. ო-თვის 2005 წლის აპრილ-მაისში კი არ გახდა ცნობილი ბებიის ქონების თაობაზე და შესაბამისად, მისი როგორც მემკვიდრის, უფლების დარღვევის შესახებ, არამედ, მისთვის ეს ფაქტი ცნობილი იყო 2003 წელს, ე.ი. მოთხოვნა, რომელიც მან დააყენა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ხანდაზმული იყო. ასევე, ქობულეთის რაიონის გამგეობა ითხოვდა საქმის საბოლოო განხილვამდე სადავო მიწის ნაკვეთის დაყადაღებას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ქობულეთის რაიონის გამგეობის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო სადავო მიწის ნაკვეთს, რიცხულს ჯ. ო-ისა და თ. კ-ის სახელზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩვირა ჯ. ო-მა, რომელმაც მოითხოვა ქოულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ჯ. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინება მიწის ნაკვეთის დაყადაღების თაობაზე და გამოთავისუფლებულ იქნა ჯ. ო-ისა და თ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის რაიონის გამგეობის განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება ჯ. ო-ის, თ. კ-ის, ნ. კ-ის, ნ. მ-ის, ი. ო-ისა და გ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით ქობულეთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 1983 წლის 27 ივნისის ¹163 გადაწყვეტილების, მისით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობისა და ქ. ქობულეთში, ......... ქ. ¹.....-ში მდებარე 6792 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების თაობაზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ო-ის, თ. კ-ის, ნ. კ-ის, ნ. მ-ის, ი. ო-ისა და გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ო-მა და თ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინებისა და 2006 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ო-ისა და თ. კ-ის წარმომადგენლების _ დ. ვ-ისა და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინება, 2006 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის განჩნიებას არა აქვს სამოტივაციო ნაწილი. მასში სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ გადასინჯა გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე" და “ე1" პუნქტების შესაბამისად.
აქვე სააპელაციო სასამართლო აღნიშნავდა, რამდენადაც გაუქმდა 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინება, შესაბამისად უნდა გაუქმდეს 2006 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაც.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, არის თუ არა ქობულეთის რაიონის გამგეობის განცხადებაში მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა და სათანადო შეფასება მისცეს მას. ასევე, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ქობულეთის რაიონის გამგეობას განცხადებაში მითითებული გარემოებების თავის დროზე წარდგენის შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
კასატორი აღნიშნავდა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის განჩინება საფუძვლიანი იყო, ვინაიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გააჩნდა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს დასაშვებად უნდა მიეჩნია მისი განცხადება. გამგეობამ განცხადებაში დაასაბუთა, რომ სასამართლოს ჯ. ო-ისა და თ. კ-ის სარჩელი არ უნდა განეხილა იმ გარემოებების გამო, რომ მხარეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა. ხოლო რაც შეეხება გამგეობას, მისთვის ცნობილი გახდა ის გარემოებები და ის საფუძვლები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. შესაბამისად, სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ის საფუძვლები, რაც სასამართლოს აძლევდა საქმის წარმოების განახლების საფუძველს და რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო შეეხო იმ განჩინებას, რომელიც არ საჩივრდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
2007 წლის 17 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჯ. ო-ისა და თ. კ-ის წარმომადგენლების დ. ვ-ისა და ე. ბ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრება, რომლითაც ითხოვდნენ ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქარათველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.