ბს-243-230(კ-07) 26 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ნ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. თ-მ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 958.58 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელის მეუღლე თ. დ-ე გარდაცვალებამდე მსახურობდა ეროვნული გვარდიის რიგებში 1993-2000 წლებში. მისი მეუღლის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, რომელიც 2002 წლის ფასებით შეადგენდა 958.58 ლარს. მოსარჩელემ ვერ მოახერხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან დავალიანების მიღება, რის გამოც ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას (ს.ფ. 1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მისი მეუღლის მიმართ არსებული სანივთე კომპენსაციის დავალიანება 958.58 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული ქორწინების მოწმობით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ნ. თ-ის მეუღლე იყო თ. დ-ე. საქმეში არსებული გარდაცვალების მოწმობით დგინდებოდა, რომ თ. დ-ე გარდაიცვალა 2002 წელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს თ. დ-ის მიმართ გააჩნდა სანივთე კომპენსაციის დავალიანება 958.58 ლარის ოდენობით. 2006 წლის 12 ოქტომბერს შედგენილი სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ნ. თ-ს გააჩნდა უფლება თავდაცვის სამინისტროსათვის მოეთხოვა მისი გარდაცვლილი მეუღლის მიმართ არსებული სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, რაც შეადგენდა 958.58 ლარს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ დადგენილი გარემოებები მთლიანად შეესაბამებოდა აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს და შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანი იყო (ს.ფ. 26-27).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
ნ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2000-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, რამდენადაც თ. დ-ე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2002 წელს გარდაცვალების გამო. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოში არ წარადგინა მტკიცებულება სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენის, გამოყენებისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის თაობაზე, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ასეთი სახის დავალიანებები არ გადავადდებოდა და სამხედრო მოსამსახურისთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ სამსახურის პერიოდში აღნიშნული სახის კომპენსაციის ანაზღაურება, დათხოვნილ სამხედრო პირებზე სანივთე ქონება არ გაიცემოდა. აღნიშნული არგუმენტების მიუხედავად, სასამართლომ მოპასუხეს მაინც დააკისრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა იმ დროს წარმოშობილი დავალიანებების მიზეზები _ სეკვესტრირებული ბიუჯეტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მწირი შესაძლებლობები, ასევე არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები (ს.ფ. 30-31).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო ნ. თ-ისათვის აენაზღაურებინა სანივთე ქონების კომპენსაცია 958.58 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული 2006 წლის 4 სექტემბრის ცნობით აღიარებული იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება მოსარჩელის მიმართ. აღნიშნული დავალიანების არსებობას ადასტურებდა 2006 წლის 22 სექტემბრის ¹9/3076 წერილიც, რომელიც გაცემული იყო თავდაცვის სამინისტროს ფინანსების დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ ხანდაზმულობის ვადა შეწყდება, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. დავალიანების არსებობის აღიარება თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა 2006 წლის 4 სექტემბრის ცნობით და 2006 წლის 22 სექტემბრის ¹9/3076 წერილით და მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს (ს.ფ. 46-49).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, ნ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2000-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოში არ წარადგინა ის აუცილებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის კანონიერებას, კერძოდ, მისი მეუღლის მიერ სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები.
კასატორის აზრით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი უნდა გავრცელდეს მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე და არა იმ პირებზე, რომლებიც უკვე დათხოვნილი არიან სამხედრო ძალებიდან (ს.ფ. 53-54).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე და რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 4 სექტემბრის ცნობისა და 2006 წლის 22 სექტემბრის წერილის, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტებად შეფასებისა და, ამდენად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობისადმი სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების შეფარდების შესახებ.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამასი ფულადი კომპენსაცია. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე კასატორი ვალდებული იყო მოსარჩელის მეუღლისათვის აენაზღაურებინა სანივთე ქონების ღირებულება. ამასთან, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლის დავალიანება, რომელსაც მოსარჩელე, როგორც მემკვიდრე ითხოვს, წარმოშობილია 2000-2002 წლებში. დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა 2002 წელს. სარჩელი აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულია 2006 წლის ოქტომბერში _ მოსარჩელის მამკვიდრების გარდაცვალებიდან თითქმის 4 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ვადა უკვე გასული იყო. აქედან გამომდინარე, მოცემული ურთიერთობის მიმართ ვერ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლები, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საკითხს არეგულირებს, რამდენადაც ხანდაზმულობის ვადა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მის გასვლამდე, მისი დენის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არც სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას აქვს ადგილი, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 4 სექტემბრის ცნობა და 2006 წლის 22 სექტემბრის წერილი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ვერ განიხილება ვალდებული პირის აღიარებად და ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძვლად. იმისათვის, რომ ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს, როგორც ადმინისტრაციის მიერ ვალდებულების აღიარება, საკმარისი არ არის, რომ აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებული იყოს პირის მიმართ ადმინისტრაცული ორგანოს არსებული დავალიანების ოდენობა. მასში გამოხატული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ნება, მიცემული უნდა იყოს დაპირება, რომ სამომავლოდ ადმინისტრაციული ორგანო აანაზღაურებს დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებულ 2006 წლის 4 სექტემბრის ცნობაში მოცემულია მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია, თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის მამკვიდრებლის დავალიანება. აღნიშნული ცნობა არ შეიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაპირებას, რომ აღნიშნული თანხები მოსარჩელეს აუნაზღაურდება, რის გამოც ეს ცნობა შეიძლება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებად იქნეს განხილული. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 22 სექტემბრის წერილს, მასში პირდაპირ მითითებულია, რომ სადავო დავალიანება სამინისტროს კრედიტორულ დავალიანებად არ არის დაფიქსირებული და სამინისტრო დავალიანების ანაზღაურებას არ აპირებს, რის გამოც აღნიშნული წერილი ასევე ვერ განიხილება ვალდებულების შესრულების დაპირებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. თ-ს სარჩელი აღძრული აქვს ხანდაზმულობის ვადის გაშვების შემდეგ, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.