Facebook Twitter

¹ბს-245-232(კ-07) 26 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 7 ივნისს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წლის 9 თებერვლის ¹5 ბრძანების შესაბამისად, დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ......... დანაყოფში.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: ,,სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია”, მის მიმართ კი, მოპასუხეს გააჩნდა 1 069,58 ლარის დავალიანება, რის თაობაზეც მან რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, საიდანაც მიიღო უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის – 1 069,58 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის - 1069, 58 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლება ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რეალურად არ განუხორციელებია.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე გ. ხ-მა სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა ის აუცილებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენის ფაქტს.

საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მოსარჩელე კი სანივთე ქონებას ითხოვდა 2001-2003 წლების მდგომარეობით.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: ,,სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე”, მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, გ. ხ-ს აუნაზღაუროს სანივთე კომპენსაცია 1069,58 ლარის ოდენობით, რაც მითითებულია ¹9/2037 და ¹9/1442 ცნობებში ვალის აღიარებით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იგი არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ 15.07.2005 ¹.... და 16.05.2006 ¹.... ცნობებით აღიარებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა სანივთე კომპენსაციის დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის მიხედვით, თუ ხანდაზმულობის ვადა შეწყდება, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან, ხოლო აღიარება თავდაცვის სამინისტრის მიერ მოხდა 2005 წლის 15 ივლისისა და 2006 წლის მაისის ცნობების საფუძველზე და მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი უნდა გავრცელდეს მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე და არა იმ პირებზე, რომლებიც უკვე დათხოვნილი არიან სამხედრო ძალებიდან.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელო

და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.