Facebook Twitter

¹ბს-246-233(კ-07) 12 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”)

წარმომადგენელი _ ე. ს.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. ჭ.-ე

წარმომადგენელი _ ლ. ქ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინება

სარჩელის საგანი _ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 19 ივლისს ლ. ჭ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლითაც აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა “ლ” ქვეპუნქტი, მისი მოქმედება გავრცელდა სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებზე. მოსარჩელეც წარმოადგენდა ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს. ხსენებული ცვლილებით იმავე კანონს დაემატა ასევე მე-151 მუხლი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების თაობაზე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი მიეკუთვნებოდა საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალს და წარმოადგენდა ავიაციის მოსამსახურის იმ კატეგორიას, რომელსაც “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა დანიშვნოდა სახელმწიფო კომპენსაცია საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით, მოპასუხე კი უარს ეუბნებოდა მის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ ნაფრენი საათები სავალდებულო იყო საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის, რაც წარმოადგენდა მითითებული კანონის არასწორ განმარტებას, რადგან დასახელებულ კანონში ცალსახად იყო მითითებული აღნიშნული პერსონალისათვის კუთვნილი კომპენსაციის შესახებ ხსენებული ოდენობით. ამასთან, აღნიშნული პერსონალისთვის დაუშვებელი იყო ნაფრენი საათების რაიმე ნორმის დადგენა, რადგან ისინი საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს აწარმოებდნენ მიწაზე და არა ჰაერში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ლ. ჭ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის დანიშვნა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების პერსონალს ეკისრებოდა ხომალდის მიწაზე მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნულ კატეგორიას სამსახურებრივად არ ევალებოდა თვითმფრინავის ბორტზე ყოფნა.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ...-ს, რომელიც საქართველოს ავიაციაში მსახურობდა 1955 წლიდან. ავიაკომპანია “...-ის” მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ ლ. ჭ.-ე ავიაკომპანია “...-ში” მუშაობდა ავიატექნიკური კომპლექსის თვითმფრინავების ...-ის თანამდებობაზე და მიეკუთვნებოდა ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობას და მას ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის განსაზღვრავდა საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის აპელირება აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტზე, კერძოდ, იმაზე, რომ საქართველოს ავიაციის მოსამსახურეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაენიშნებოდა კომპენსაცია, თუ იგი წარმოადგენდა მე-151 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კატეგორიას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის პუნქტებს შორის არსებობდა ისეთი კავშირი, რომ მე-2 პუნქტი გამომდინარეობდა და უშუალოდ განსაზღვრავდა პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიის მოსამსახურის კომპენსაციის ოდენობას და ხსენებული პუნქტები არ გამორიცხავდა ერთ-ერთ მათგანში მოცემულ კატეგორიას, ხოლო დასახელებული კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების პერსონალი არ შეიძლებოდა დასახელებულიყო იმ კატეგორიაში, რომელსაც უცილობლად უნდა ჰქონოდა ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა. აღნიშნული ეხებოდა იმ მოსამსახურეთა კატეგორიას, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაცია გაცილებით ადრე ენიშნებოდათ, კერძოდ, არა 65 წლის, არამედ 50 წლის ასაკიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ჭ.-ე წარმოადგენდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის სუბიექტს და მას უნდა დანიშნოდა ხსენებული კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით დადგენილი კომპენსაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის მე-151 მუხლი და მისი პირველი და მე-2 პუნქტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოიყენა, არ დაუდგენია, აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელე ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის რომელიმე მოთხოვნას. კასატორის მტკიცებით, ლ. ჭ.-ე არ აკმაყოფილებს ხსენებული მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ვრცელდება იმ კატეგორიის მომსახურე პერსონალზე, რომელიც უშუალოდ იღებს მონაწილეობას ფრენაში, ლ. ჭ.-ე კი მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომელიც თავის საქმიიანობას ახორციელებდა ხმელეთზე და მას არ გააჩნდა კომპენსაციის დასანიშნად აუცილებელი ფრენის საათები (6000 საათი), რაც კომპენსაციის დანიშვნის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. დასახელებული მუხლის დამატება აღნიშნული კანონისათვის გამოწვეულია იმით, რომ ჰაერში ფრენამ შესაძლოა მავნე ზეგავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდის შემადგენლობაზე და ამასთან დაკავშირებით, კანონმდებელმა სპეციალური ნორმით განსაზღვრა მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 23 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 17 მაისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2007 წლის 4 ივლისს, 13.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ვინაიდან კასატორს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მისთვის სავალდებულოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. ჭ.-ე წარმოადგენს ...-ს, რომელიც საქართველოს ავიაციაში მსახურობდა 1955 წლიდან, ხოლო ავიაკომპანია “...-ის” მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ იგი ავიაკომპანია “...-ში” მუშაობდა ავიატექნიკური კომპლექსის თვითმფრინავების ...-ის თანამდებობაზე და მიეკუთვნებოდა ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალს (ს.ფ. 60). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონით აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა “ლ” ქვეპუნქტი და ამ კანონის მოქმედება გავრცელდა სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებზეც. ხსენებული ცვლილებით იმავე კანონს დაემატა ასევე მე-151 მუხლი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-151 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს: ა) მამაკაცს _ ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე და ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა, ან ნაფრენი 6000 საათზე მეტი; ბ) ქალს _ ავიაციაში მუშაობის ათი წელი და ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა, ან ნაფრენი 4800 საათზე მეტი, ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების პერსონალი იყო ხომალდის მიწაზე მომსახურების უზრუნველსაყოფად და აღნიშნულ კატეგორიას სამსახურებრივად არ ევალებოდა თვითმფრინავის ბორტზე ყოფნა. ამასთან დაკავშირებით, ლ. ჭ.-მ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის სხდომაზეც აღნიშნა, რომ ტექნიკური მომსახურების პერსონალი არ ახორციელებს საქმიანობას ავიარეისებში, არამედ იგი ამზადებს თვითმფრინავს, ამგზავრებს ეკიპაჟს და მგზავრებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობას და მას ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის განსაზღვრავს საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2007 წლის 20 ივნისის კანონზე, რომლითაც აღნიშნული კანონის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატა 11 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სახელმწიფო კომპანიებში ფრენასა და საფრენ საათებთან დაკავშირებით არ ვრცელდება საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალზე, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს. აღნიშნული ცვლილებით იმავე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით, ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მას დაემატა მითითება საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალის მხრიდან უშუალოდ თვითმფრინავების მომსახურებაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”) წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ ფონდს (სააგენტო), როგორც მოპასუხეს, ლ. ჭ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დანამატი “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში 2007 წლის 20 ივნისის ცვლილების შეტანის პერიოდიდან, მას შემდეგ, რაც ამ კანონის მე-151 მუხლს დაემატა 11 პუნქტი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებული მუხლი აღნიშნული ცვლილების შეტანამდეც ვრცელდებოდა საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალზე, ხოლო საკასაციო სასამართლოს დასახელებულ სხდომაზე ლ. ჭ.-ის წარმომადგენელმა ლ. ქ.-მ მართებულად განმარტა, რომ ლ. ჭ.-ე წარმოადგენდა ავიაციის მოსამსახურის იმ კატეგორიას, რომელსაც “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, უნდა დანიშნოდა სახელმწიფო კომპენსაცია განცხადების შეტანის დღიდან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული, 2007 წლის 20 ივნისის ცვლილებით დაკონკრეტდა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის მოქმედება საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალთან მიმართებაში, ასევე იმავე ცვლილებით ხაზი გაესვა ხსენებული პერსონალის უშუალო ფუნქციურ დანიშნულებას _ თვითმფრინავების მომსახურებას, რაც ლ. ჭ.-სადმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის 2006 წლის 10 ივლისის წერილის (ს.ფ. 14) თანახმად, ხორციელდება ხომალდის მიწაზე მომსახურებით და საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის შემადგენლობაში არ ყოფილა და არ არის გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი. ამდენად, დასახელებულმა ცვლილებამ გაამყარა და გამოკვეთა ლ. ჭ.-ის, როგორც სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური მომსახურების პერსონალს მიკუთვნებული პირის, სარჩელის საფუძვლიანობა და ხაზი გაუსვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”) საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-151 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნა სტაჟის შესახებ, კერძოდ, მამაკაცისთვის _ ავიაციაში მუშაობის თორმეტი წელი და ექვსი თვე, ხოლო ქალისთვის _ ავიაციაში მუშაობის ათი წელი თანაბრად ვრცელდება ამავე მუხლში მოხსენიებულ ყველა პირზე, ანუ, როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც დაფრინავდნენ სახელმწიფო კომპანიებში, ასევე საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების პერსონალზეც, რომელიც თავისი ფუნქციონალური თავისებურებიდან გამომდინარე, უშუალოდ მიწაზე ყოფნით, ტექნიკურად უზრუნველყოფს ხსენებული მოსამსახურეების მიერ ავიარეისების შესრულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ. ჭ.-ე წარმოადგენს “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, რის გამოც მას უნდა დაენიშნოს ამავე კანონის მე-151 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით დადგენილი კომპენსაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.