ბს-247-241(2კ-08) 31 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ჯ.-ე, ვ. დ.-ე (მოსარჩელეები)
მესამე პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ჯ.-მ და ვ. დ.-მ 2006 წლის 25 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 28 აპრილის ¹90პ/შ ბრძანების გაუქმება, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 28 აპრილის ¹90პ/შ ბრძანებით ისინი გათავისუფლდნენ ამავე დეპარტამენტის სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობებიდან, რასაც საფუძვლად დაედო 2006 წლის 29 მარტს მომხდარი შემთხვევა, კერძოდ: აღნიშნულ დღეს მოსარჩელეები პატრულ-ინსპექტორ ბ. ს.-სთან ერთად იმყოფებოდნენ თავიანთ სამოქმედო კვადრატში, რა დროსაც მათ მიმართა მოქალაქე ზ. ც.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ მას წაართვეს ელექტრომექანიკური ხერხი, ე.წ. „დრუჟბა“. აღნიშნული ინფორმაცია რაციის საშუალებით ბ. ს.-მ შეატყობინა ოცეულის უფროსს _ ზ. თ.-ს. ამის შემდეგ მოსარჩელეები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა იქ არავინ აღმოჩნდა. მოსარჩელეებმა დაზარალებულს განუმარტეს, რომ მომხდართან დაკავშირებით იგი უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში შემდგომი რეაგირებისათვის, რაზედაც მან უარი განაცხადა. დაზარალებულმა სთხოვა მათ, დაეტოვებინათ იმავე ადგილას, საიდანაც წამოიყვანეს და დაპირდა, რომ ცოტა ხნის შემდეგ, თანმხლებ პირებთან ერთად დახვდებოდა. მაგრამ, როდესაც მოსარჩელეები მივიდნენ დათქმულ ადგილას, იქ არავინ დახვდათ. როგორც შემდგომში გაირკვა, დაზარალებულმა შესაბამის განყოფილებას მიმართა მეორე დღეს, რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულ დისციპლინარულ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხემ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. დ.-ს ჰქონდა 15 წლის სამხედრო სტაჟი, იყო დაოჯახებული და მისი ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ბ. ჯ.-ს დამთავრებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია და 2004 წლიდან მუშაობს პატრულ-პოლიციელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ივლისს საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 28 აპრილის ¹90პ/შ ბრძანება მოსარჩელეების _ ბ. ჯ.-ისა და ვ. დ.-ის გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდებისა“ და „საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 28 აპრილის ¹90 პ/შ ბრძანების თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომისათვის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „საქართველოს შს სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლისა და შს მინისტრის ¹414 ბრძანებით დამტკიცებული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-20 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი, ვ. დ.-ე და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბ. ჯ.-ე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს 2006 წლის 13 აპრილის დასკვნა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს სახაზო განყოფილების თანამშრომლების დისციპლინური წესით დასჯის შესახებ დასკვნის თანახმად, 2006 წლის 29 მარტს აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორები ვ. დ.-ე და ბ. ჯ.-ე არსებული გრაფიკის მიხედვით იმყოფებოდნენ განწესში და პატრულირებას ახორციელებდნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საბორტე ნომრით _ ... და მათი „...“ თავის სამოქმედო კვარტალში. დაახლოებით 14 საათზე, „...“ ეკიპაჟს, მათ სამოქმედო კვარტალში პატრულირების დროს, კერძოდ, ...-ის ქუჩაზე, მიმართა უცნობმა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ მას წაართვეს ელექტროხერხი ე.წ. „დრუჟბა“ და ითხოვა დახმარება. „...“-ის ეკიპაჟი დაუკავშირდა რადიოსადგურის საშუალებით თავის უშუალო ხელმძღვანელს, ოცმეთაურ ზ. თ.-ს და მოახსენეს აღნიშნულის შესახებ. ამის შემდგომ „...“ ეკიპაჟმა ჩაისვა მოქალაქე საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და წავიდა ე.წ. ფერიის დასახლების მიმართულებით, სადაც დაზარალებულის მითითებით მას ელექტროხერხი წაართვეს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას „...“-ის ეკიპაჟმა დაათვალიერა და ავტომანქანით შემოიარა მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოქალაქემ ვერავინ ამოიცნო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობის დროს „...“ ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა დაზარალებულს განუმარტა, რომ გამოიძახებდნენ შემთხვევის ადგილზე შესაბამის განყოფილებას ან გადაიყვანდნენ განყოფილებაში, რაზედაც მოქალაქემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ელექტროხერხის წართმევის დროს ახლდა სხვა მოქალაქეც, რომელიც, მისი თქმით, უნდა ყოფილიყო ...-ის ქუჩაზე და ითხოვა აღნიშნულ მისამართზე მიყვანა, თუმცა იქ მისვლისას დაზარალებულმა ვერ იპოვა თავისი ნაცნობი. იგი დაჰპირდა „...“-ის წევრებს, რომ იპოვიდა მას და შემდგომ დაუკავშირდებოდა 022-ის საშუალებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ დასკვნაში მითითებულია ის გარემოება, რომ „...“ ეკიპაჟის წევრებმა თვითნებურად მიიღეს არაობიექტური გადაწყვეტილება და ხელმძღვანელობასთან, ოცმეთაურ ზ. თ.-სთან შეუთანხმებლად, დატოვეს დაზარალებული ...-ის ქუჩაზე და დაუბრუნდნენ თავის სამოქმედო კვარტალს, ვინაიდან მიიღეს შეტყობინება ქუჩის ჩახერგვის შესახებ. ,,...“ ეკიპაჟის წევრების განმარტებით, ჩახერგილ ქუჩაზე მოძრაობის მოწესრიგების შემდეგ ისინი კვლავ დაუბრუნდნენ ...-ის ქუჩას, სადაც დაზარალებული აღარ დახვდათ. აღნიშნული შემდგომ სამორიგეო განყოფილებასა და 022-ის ოპერატორთა ჟურნალებში გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2006 წლის 1 აპრილს პატრულ-ინსპექტორები ბ. ს.-ე, ვ. დ.-ე, ბ. ჯ.-ე და ოცმეთაური ზ. თ.-ე დაბარებულ იქნენ აჭარის ა/რ პროკურატურაში, სადაც ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები. პროკურატურაში დაბარების შემდგომ მითითებულმა პატრულ-ინსპექტორებმა შეატყობინეს 29 მარტს მომხდარი ფაქტის შესახებ ხელმძღვანელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატრულ-ინსპექტორებმა: ბ. ჯ.-მ, ვ. დ.-მ და ბ. ს.-მ დაარღვიეს საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება და სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს სახაზო განყოფილების ოცმეთაურ ზ. თ.-ს, პატრულ-ინსპექტორ _ ბ. ჭ.-ს და უმცროს პატრულ-ინსპექტორს ბ. ს.-ს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, სადაც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ პუნქტის და საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი ვ. დ.-ე და იმავე განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი ბ. ჯ.-ე დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან.
საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის განყოფილების წერილის თანახმად, 2006 წლის 30 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონის შს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის ¹173060120 საქმეზე ზ. ც.-სა და მ. ც.-ზე განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ამდენად, მოსარჩელენი მუშაობდნენ რა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში, იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. მოხელეს შეუძლია სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ, ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. კანონის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ თანამდებობის პირმა ან ორგანომ, რომელსაც შესაბამის თანამდებობაზე მოხელის მოღების უფლებამოსილება გააჩნია.
სადავო ბრძანებაში მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი 21-ე მუხლის „თ“ პუნქტი. აღნიშნული მუხლი ეხება პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, რომელსაც „თ“ ქვეპუნქტი არ გააჩნია; აგრეთვე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ა1“ პუნქტები. აღნიშნული წესდება განსაზღვრავს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმის წარმოებისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული წესდების მე-2 მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და დისციპლინური გადაცდომის სახეებს, კერძოდ: სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლში მოცემულია დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს მოხელის გათავისუფლებას სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. იმავე კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ხოლო 79-ე მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: შენიშვნა; გაფრთხილება; არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება _ არა უმეტეს ერთი წლისა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 28 აპრილის ¹90პ/შ ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეხება მოსარჩელეთა და ადმინისტრაციულ ორგანოს (მოპასუხეს) შორის საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას. აღნიშნული ბრძანება ზოგადია, არ არის გამოკვლეული და კონკრეტულად მითითებული, თუ რომელი სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო იქნენ დათხოვნილი სამსახურიდან მოსარჩელენი. სასამართლომ ჩათალა, სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სახე, რის გამოც მოხელეს სამსახურიდან შედარებით მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გარეშეც პირდაპირ დაითხოვენ. დისციპლინური გადაცდომის შეფასების უფლებამოსილება გააჩნია დაწესებულების ხელმძღვანელობას, მაგრამ თუ შეფასება უსაფუძვლოა, მოხელეს შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები, მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით, მას ასევე შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა.
საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს, წინასწარი გამოკვლევის გარეშე, უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 24 აპრილის ¹90 პ/შ ბრძანება მოსარჩელეების გათავისუფლების ნაწილში და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების შემდეგ მოპასუხე მხარეს უნდა დავალებოდა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით როგორც მოპასუხის, ასევე მოსარჩელეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ დისციპლინური დარღვევის თაობაზე ჩატარებულ იქნა სრულყოფილი გამოკვლევა კანონის მოთხოვნათა დაცვით და ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითა წარმოდგენილ დასკვნაზე. სააპელაციო სასამართლოს აზრით, წარმოდგენილი დასკვნა, როგორც ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო 28 აპრილის ბრძანებას, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი მოსარჩელეების მხრიდან. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა ქმედება შეფასებულ იქნა საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ დარღვევად. აღნიშნული ნორმა მოიცავს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას, ან არაჯეროვან შესრულებას. მოპასუხის მიერ არ არის დადასტურებული აღნიშნულ შემთხვევაში მოვალეობის შეუსრულებლობა იყო, თუ არაჯეროვანი შესრულება, რაც, ბუნებრივია, სხვადასხვა ქმედებას მოიცავს. ამასთან, არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ნორმა იქნა დარღვეული მოსარჩელეთა მიერ, რაც შეფასდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებად, თუ საერთოდ შეუსრულებლობად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შს მინისტრის ¹1310 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა შსს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების შესახებ ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს საპატრულო პოლიციის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული ინსტრუქციით მკაცრად რეგლამენტირებულია პატრულ-ინსპექტორების უფლება-მოვალეობები. შესაბამისად, მათთვის მინიჭებული უფლების გადამეტება ან დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლებელია შეფასდეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობად ან არაჯეროვან შესრულებად, რის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მისთვის მინიჭებულ დისკრეციის ფარგლებში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დამრღვევის მიმართ ადეკვატური დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის მითითებული, აღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული რომელი ნორმა დაირღვა მოსარჩელეთა მიერ. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ განმარტებას მოსარჩელეთა მიერ ინსტრუქციის მე-18 მუხლის დარღვევის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პატრულ-პოლიციელის ვალდებულებანი პირის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში, ხოლო მომხდარი შემთხვევის გადმოცემისას, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა სამოქმედო ტერიტორია დატოვეს იმის გამო, რომ მათ დაზარალებულმა აცნობა ფერიის მთაზე (რომელიც არ შედიოდა მოსარჩელეთა სამოქმედო ტერიტორიაში), უკვე დასრულებული დანაშაულის შესახებ. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეებმა ოცმეთაურს შეატყობინეს მომხდარის თაობაზე, მაშინ, როცა ოცმეთაური ზ. თ.-ე ახსნა-განმარტებაში და სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ შეიტყო 2006 წლის 1 აპრილს პროკურატურაში მისვლისას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სავალდებულოა, რათა სწორად იქნეს გადაწყვეტილი მოსარჩელეთა ქმედებების კანონიერების საკითხი, რის თაობაზეც მოპასუხის მიერ მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მითითებულ ნორმებთან ერთად დარღვეულია შსს ¹217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მოთხოვნები, რადგან არ იქნა მითითებული დისციპლინური გადაცდომის არსი. ასევე, დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას გამოყენებული დისციპლინური სახდელის შეფარდების საჭიროებაზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან მოპასუხის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რაც შესაძლებელს გახდიდა მის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებას, ხოლო თანამშრომლის მიმართ სახდელის შეფარდების უფლებამოსილება გააჩნია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლო უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს გასაჩივრებული აქტი და დაავალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მოქმედებების კანონიერების განხილვისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელის ამა თუ იმ ზომის გამოყენება-არგამოყენების თაობაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების და შსს ¹217 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
აღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, რადგან არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ არსებითად არ არის გადაწყვეტილი სადავო საკითხი, შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის მიღება, ანუ საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი, არსებითად გადაეწყვიტა მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, რადგან სადავო ბრძანება ბათილად არის ცნობილი, უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საქმის მასალებში წარმოდგენილია ყველა ის მტკიცებულება (ახსნა-განმარტებები, სამსახურებრივი შემოწმების დასკვა და სხვა), რომლებიც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზე დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ბ. ჯ.-მ და ვ. დ.-მ ჩაიდინეს საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების შესახებ ¹217 ბრძანების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შეაფასა დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, შინაარსი და ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე დისკრეციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სრული იგნორირება გაუკეთა საქმეში წარმოდგენილ კონკრეტულ მტკიცებულებებს და შესაბამისად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გვერდის ავლით მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილ მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაში მითითებულია, რომ მოქალაქემ მიმართა მოსარჩელეებს კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, რაზეც მოსარჩელეებს არ განუხორციელებიათ არანაირი სამსახურებრივი ვალდებულება. ¹217 დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ თანამშრომელი შეიძლება დაითხოვონ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე მიზანშეუწონელს ხდის გადაცდომის ჩამდენის მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამართლის აღნიშნული ნორმები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაში არ არის დადგენილი მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, თუ არაჯეროვან შესრულებას, სამასახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა და არაჯეროვანი შესრულება იმდენად მიზეზობრივ კავშირშია ერთმანეთთან, რომ კანონმდებელმა დისციპლინური გადაცდომის სახეების ჩამონათვალში ეს გადაცდომა ერთ პუნქტში მოაქცია და სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა გარკვეული ქმედებებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ჩაიდინეს, ხოლო გარკვეული ქმედებებით კი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რაც აღინიშნა სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ჯ.-ისა და ვ. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინებას მთლიანად, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 28 აპრილის ¹90 პ/შ ბრძანების პირველი და მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ა1“ პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „თ“ პუნქტის, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს შს სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის ¹303 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლისა და შს მინისტრის ¹414 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მე-20 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი, ვ. დ.-ე და პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბ. ჯ.-ე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს 2006 წლის 13 აპრილის დასკვნა.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სახაზო განყოფილების თანამშრომლების დისციპლინური წესით დასჯის შესახებ დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით გაირკვა, 2006 წლის 29 მარტს აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორები ვ. დ.-ე და ბ. ჯ.-ე არსებული გრაფიკის მიხედვით იმყოფებოდნენ განწესში და პატრულირებას ახორციელებდნენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, ,,...“ სამოქმედო კვადრატში. დაახლოებით 14 საათზე, „...“ ეკიპაჟს, მათ სამოქმედო კვადრატში პატრულირების დროს, კერძოდ, ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩაზე, მიმართა უცნობმა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ მას წაართვეს ელექტროხერხი ე.წ. „დრუჟბა“ და ითხოვა დახმარება. „...”-ის“ ეკიპაჟი დაუკავშირდა რადიოსადგურის საშუალებით თავის უშუალო ხელმძღვანელს, ოცმეთაურ ზ. თ.-ს და მოახსენეს აღნიშნულის შესახებ. ამის შემდგომ „...“ ეკიპაჟმა ჩაისვა მოქალაქე საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში და წავიდა ე.წ. ფერიის დასახლების მიმართულებით, სადაც დაზარალებულის მითითებით მას ელექტროხერხი წაართვეს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას „...-ის” ეკიპაჟმა დაათვალიერა და ავტომანქანით შემოიარა მიმდებარე ტერიტორია, სადაც აღნიშნულმა მოქალაქემ ვერავინ ამოიცნო. ამ ტერიტორიაზე მოძრაობის დროს „...“ ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა კერძოდ, პატრულ-ინსპექტორმა ბ. ს.-მ დაზარალებულს განუმარტა, რომ გამოიძახებდნენ შემთხვევის ადგილზე შესაბამის განყოფილებას ან გადაიყვანდნენ განყოფილებაში, რაზედაც მოქალაქემ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ელექტროხერხის წართმევის დროს ახლდა სხვა მოქალაქეც, რომელიც, მისი თქმით, უნდა ყოფილიყო ...-ის ქუჩაზე და ითხოვა აღნიშნულ მისამართზე მიყვანა, თუმცა იქ მისვლისას დაზარალებულმა ვერ იპოვა თავისი ნაცნობი. იგი დაჰპირდა „...-ის” წევრებს, რომ იპოვიდა მას და შემდგომ დაუკავშირდებოდა “022-ის” საშუალებით.
დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ „...“ ეკიპაჟის წევრებმა თვითნებურად მიიღეს არაობიექტური გადაწყვეტილება და ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, ოცმეთაურ ზ. თ.-სთან შეუთანხმებლად, დატოვეს დაზარალებული ...-ის ქუჩაზე და დაუბრუნდნენ თავის სამოქმედო კვადრატს, ვინაიდან მათი განმარტებით, მიიღეს შეტყობინება ქუჩის ჩახერგვის შესახებ, ჩახერგილ ქუჩაზე მოძრაობის მოწესრიგების შემდეგ ისინი კვლავ დაუბრუნდნენ ...-ის ქუჩას, სადაც დაზარალებული აღარ დახვდათ. აღნიშნული შემდგომ სამორიგეო განყოფილებასა და “022-ის” ოპერატორთა ჟურნალებში გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2006 წლის 1 აპრილს პატრულ-ინსპექტორები ბ. ს.-ე, ვ. დ.-ე, ბ. ჯ.-ე და ოცმეთაური ზ. თ.-ე დაბარებულ იქნენ აჭარის ა/რ პროკურატურაში, სადაც ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები. პროკურატურაში დაბარების შემდგომ მითითებულმა პატრულ-ინსპექტორებმა შეატყობინეს ხელმძღვანელობას მომხდარი ფაქტის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნაში მითითებულია, რომ ბ. ჯ.-მ და ვ. დ.-მ დაარღვიეს ,,საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი. დასკვნაში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პატრულ-ინსპექტორებს ვ. დ.-ს და ბ. ჯ.-ს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, სადაც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ პუნქტის და ,,საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი ვ. დ.-ე და იმავე განყოფილების პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი ბ. ჯ.-ე დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან.
საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონის პოლიციის განყოფილების წერილის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის შს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის ¹173060120 საქმეზე ზ. ც.-სა და მ. ც.-ზე განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც მას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, რადგან ხსენებული განჩინება ეწინააღმდეგება სამართლის ნორმებს და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნიდან.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა ქმედება შეფასებულ იქნა რა საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ დარღვევად, მოპასუხის მიერ არ არის დადასტურებული აღნიშნულ შემთხვევაში მოვალეობის შეუსრულებლობა იყო, თუ არაჯეროვანი შესრულება. მოპასუხემ არ მიუთითა დისციპლინური გადაცდომის არსი; ასევე, დასკვნა არ შეიცავს დასაბუთებას გამოყენებული დისციპლინური სახდელის შეფარდების საჭიროებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციელის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 24 აპრილის ¹90 პ/შ ბრძანების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად არასწორადაა მითითებული “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის “თ” პუნქტი, მაგრამ აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს სახაზო განყოფილების თანამშრომლების დისციპლინური წესით დასჯის შესახებ დასკვნაში, რომელიც წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველს, სწორად იქნა მითითებული მოსარჩელეთა მხრიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 თავის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ პუნქტის და ,,საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „თ“ პუნქტის დარღვევის ფაქტზე. სადავო ბრძანების შინაარსი კი მთლიანად შეესაბამება აღნიშნულ დასკვნას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის ¹217 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასკვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: თანამშრომლის სახელი და გვარი, თანამდებობა, სახელმწიფო სპეციალური წოდება, შინაგან საქმეთა ორგანოებში და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისცილინური სახდელის შეფასების თაობაზე, დასკვნის შედგენის თარიღი. მოცემული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
აღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის დადებამდე თანამშრომელს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტებები, სადაც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი.
ამიტომ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის კანონით რეგლამენტირებული წინაპირობები_იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, არ არსებობს ბ. ჯ.-ისა და ვ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი; ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმის არასწორად მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს არა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს დაშვებული შეცდომა, რომელიც მოსარჩელეთა მიმართებაში არ გულისხმობს სხვა სამართლებრივი შედეგის მქონე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორი გამოყენებისა და საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების შესახებ; რადგან არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ პატრულ-ინსპექტორებმა ბ. ჯ.-მ და ვ. დ.-მ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო დაარღვიეს სამსახურეობრივი დისციპლინა, რის გამოც მათ საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორად დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა შს ორგანოებიდან დათხოვნის სახით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს ბ. ჯ.-ისა და ვ. დ.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.