¹ბს-249-235(კ-07) 20 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 20 სექტემბერს მ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, მარჩენლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნის, დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისა და არსებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2006 წლის 27 ივლისს განცხადებით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, მოითხოვა მეუღლის (მარჩენლის) გარდაცვალების გამო, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა, დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება და არსებული დავალიანების დაფარვა.
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წერილობით პასუხში მითითებული იყო არსებული დავალიანების, საერთო თანხით _ 3 338 ლარის შესახებ, ხოლო დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი, სარჩოს დანიშვნისათვის კი, მოსარჩელეს დაევალა გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული პასუხი უკანონოა, ვინაიდან, ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების 44-ე მუხლში აღნიშნულია, თუ რა სახის დოკუმენტები უნდა ერთვოდეს მარჩენლის დაკარგვასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირების განცხადებას, რაც, მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ სრულად იქნა შესრულებული. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მის დავალდებულებას, რომ წარმოედგინა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროდან ცნობა გარდაცვალების მიზნობრივი კავშირის შესახებ, ასეთი ვალდებულება არც კანონით და არც ზემოაღნიშნული ბრძანებულებით, არ აკისრია.
ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-60 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრს, რომელიც დაკრძალავს დაზარალებულს, ეძლევა დაკრძალვის ხარჯები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა მოსარჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა, გარდაცვლილი მეუღლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება და არსებული დავალიანების - 3 338 ლარის გადახდევინება.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა მ. ჩ.-ის სასარგებლოდ მისი მეუღლის – ნ. ჩ.-ის სახელზე არსებული დავალიანების - 3338 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა მარჩენლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ყოველთვიური სარჩოს დანიშვნისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობისა და ბრონქიალური ასთმის მიზეზით, ხოლო მას საწარმოო ტრავმა მიყენებული ჰქონდა 1974 წელს და აღნიშნული არ შეიძლებოდა ყოფილიყო გარდაცვალების მიზეზი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად, მარჩენლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის კმაყოფაზე მყოფებს ენიშნებათ ყოველთვიური სარჩო და დაკრძალვის ხარჯები უნაზღაურდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვალების მიზეზი არის საწარმოო ტრავმა.
მიუღებელი დავალიანების ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, რაც განმტკიცებულია მოპასუხის მიერ გაცემული წერილის საფუძველზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ.-მ იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მის სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისი მუხლები, რითაც შეილახა მისი კონსტიტუციური უფლებები და მოითხოვა გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დავალებოდა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მარჩენლის დაკარგვის გამო ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება და მისი მე-4 თავი არეგულირებს ზიანის ანაზღაურების წესს მუშაკისათვის, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო სხეულის დაზიანება, ანუ სხეულის დაზიანების და განსაკუთრებით, გარდაცვალების მიზეზი უნდა იყოს სწორედ საწარმოო ტრავმა. გარდაცვალების მოწმობის თანახმად კი ირკვევა, რომ ნ. ჩ.-ის გარდაცვალების მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ასთმა. მართებულია ასევე საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ საწარმოო ტრავმის მიღებიდან 32 წლის შემდეგ გარდაიცვალა ნ. ჩ.-ე და საწარმოო ტრავმა არ შეიძლებოდა გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლზე, რომლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და უფლებამოსილია, გასცეს შესაბამისი დოკუმენტი საწარმოო ტრავმის მიყენებით დამდგარი ზიანის შესახებ, განსაზღვრავს შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასა და სხვა გარემოებასთან მარჩენლის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობას, გარდაცვლილის ოჯახისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და საპატიოდ არ მიიჩნია აპელანტის მოსაზრებას, რომ გარდაცვალების მომენტში არავის აზრად არ მოსვლია გაეკვეთა გვამი და დაედგინა გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი საწარმოო ტრავმასთან.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს პრეზიდენტის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-4 თავს: “ზიანის ანაზღაურება მარჩენლის გარდაცვალებისას, თუ გარდაცვალების მიზეზი გახდა ორგანიზაციაში მიღებული ტრავმა", რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ მხოლოდ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში ეძლევა დაღუპულის ოჯახს ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სარგოს ოდენობით, აგრეთვე უნაზღაურდება დაკრძალვის ხარჯები.
სასამართლოს მოსაზრებით, გარდაცვლილ ნ. ჩ.-ს სახელზე რიცხული დავალიანება, რომელიც შეადგენს 3 338 ლარს, უნდა ანაზღაურდეს, ვინაიდან ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. აღნიშნულ შემთხვევაში პენსიის მიღების მოთხოვნით სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელემ მიმართა მეუღლის გარდაცვალებიდან სამი თვის ვადაში.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ.-ის წარმომადგენელმა ნ. კ.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 7 მაისს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას მ. ჩ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.