Facebook Twitter

ბს-249-243(2კ-08) 3 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. რ. გ-ე (მესამე პირი); 2. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის სამმართველოს უფლებამონაცვლე შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 16 ნოემბერს ნ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლიდან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულ განყოფილებასთან, რომლითაც მოსავლელად და შესანახად გადაეცა ქ. კასპში, ცემენტის ქარხნის მახლობლად მდებარე, ამავე ქარხნის ყოფილი დამხმარე მეურნეობის შენობა-ნაგებობები, რომელთა შესყიდვის შესახებ მანამდე რამდენჯერმე მიმართა წერილობით იმავე განყოფილებას, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელისთვის იმჟამად ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობები გაყიდულ იქნა აუქციონზე ისე, რომ მისთვის _ ფაქტობრივი მფლობელისათვის ხსენებული ფაქტი ცნობილი არ ყოფილა. მოსარჩელემ ვერ შეძლო მიეღო სათანადო მასალები აუქციონის ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ზემოთ მითითებულ ქონებაზე ჩატარებული აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა.

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის რაიონულმა განყოფილებამ კასპის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შეპასუხება, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დამხმარე მეურნეობა, რომელიც აუქციონის ფორმით, კანონის სრული დაცვით იქნა პრივატიზებული 2002 წლის 3 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე ქ. კასპში, ..... ქ. ¹3-ში მცხოვრებ რ. გ-ე, სს “....” საწესდებო კაპიტალში არ იყო შეტანილი. რაც შეეხებოდა ამავე განყოფილებასა და ნ. ჯ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას, იგი დაიდო შესაბამისი ობიექტის დაცვის მიზნით, მის პრივატიზებამდე და ძალაში იყო 2002 წლის 3 სექტემბრამდე. ამასთან, აუქციონის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ “....” (2002 წლის 25 იანვრის ¹4, 2002 წლის 8 მარტის ¹10, 2002 წლის 3 მაისის ¹17, 2002 წლის 28 ივნისის ¹26, 2002 წლის 2 აგვისტოს ¹30).

კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. კასპში, .... ქ. ¹3-ში მცხოვრები რ. გ-ე.

კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას, როგორც საპრივატიზაციო ობიექტის დამცველს, უპირატესი უფლება ჰქონდა, შეესყიდა ზემოაღნიშნული ქონება. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ადგენდა პრივატიზების ფორმებს. მოცემულ შემთხვევაში პრივატიზება მოხდა აუქციონის გზით, რომელიც არ ითვალისწინებდა შესყიდვის უპირატეს უფლებას. დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის პრეტენზია აუქციონის ჩატარების წესისა და კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზეც. ხსენებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-3 მუხლის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება შეიძლებოდა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ პრესაში. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში _ გაზეთ “...." და ამდენად, კანონის დარღვევა სახეზე არ ყოფილა, რამდენადაც დაცული იყო ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაც, კერძოდ, ხსენებულ ინფორმაციაში სრულად იყო ასახული ყველა საჭირო რეკვიზიტი, რასაც ითვალისწინებდა ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი და “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-4 მუხლი. ის ფაქტი, რომ შესაბამის ინფორმაციაში არ იყო მითითებული ობიექტის ნაგებობათა დახასიათება, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო კანონის დარღვევად, რადგან იმავე ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ დამატებითი ცნობების მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულ განყოფილებაში. ასეთი შენიშვნა გამომდინარეობდა აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტიდან, რომლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში მყიდველს მიეწოდებოდა დამატებითი ინფორმაცია.

რაიონულმა სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული საპრივატიზებო ობიექტი ვერ იქნა გაყიდული პირველივე აუქციონზე და მისი საწყისი გასაყიდი ფასი _ 10031 აშშ დოლარი, რომელიც კანონის სრული დაცვით იქნა დადგენილი გამყიდველის მიერ, ასევე კანონის სრული დაცვით შემცირდა მის მიერვე და შეადგინა 2508 აშშ დოლარი, ანუ 5953 ლარი. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულ განყოფილებას განმეორებითი აუქციონის დროს არ ჰქონდა გასაყიდი ობიექტის ფასის შემცირების უფლება, რადგან ხსენებული მოსაზრება არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულმა განყოფილებამ 2002 წლის 3 სექტემბერს აუქციონი ჩაატარა და დამხმარე მეურნეობის პრივატიზება მოახდინა კანონის სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2002 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2002 წლის 3 სექტემბერს ორგანიზებულ აუქციონზე პრივატიზებულ იქნა სს “...." ყოფილი დამხმარე მეურნეობა. აღნიშნული ქონება 2508 აშშ დოლარად შეიძინა ქ. კასპში მცხოვრებმა რ. გ-ემ, რომელმაც მიიღო და თავის სახელზე გაიფორმა აუქციონზე შესყიდული ქონება. ხსენებული სადავო ობიექტის პრივატიზებამდე, 2002 წლის 5 თებერვალს აღნიშნული ობიექტი დაცვის მიზნით, სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულმა განყოფილებამ შესაბამისი აქტით ჩააბარა აპელანტ ნ. ჯ-ს, რომელიც, თავის მხრივ, წლების განმავლობაში იცავდა დასახელებულ ობიექტს ძარცვისაგან და იმედოვნებდა, რომ აუქციონის ჩატარებისას მის მიერ, როგორც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის, იქნებოდა პრივატიზებული ხსენებული ობიექტი. ამასთან, აუქციონის ჩატარების შესახებ ნ. ჯ-ვის ცნობილი არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დადგენილ იქნა, რომ აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში ან ადგილობრივ პრესაში, თუ პრივატიზებას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან პრივატიზებას ახდენდა ხსენებული სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, სავალდებულო იყო საპრივატიზებო ობიექტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ადგილობრივ პრესაში. აღნიშნული ინფორმაცია კი გამოქვეყნდა მხოლოდ გაზეთ “....", რომელიც არ პასუხობდა იმავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რადგან გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანებოდა საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული საწარმოს მისამართი, შენობა-ნაგებობათა დახასიათება და ობიექტის გაყიდვის პირობები, რაც იმპერატიული ხასიათის მოთხოვნებს წარმოადგენდა. ამ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ხსენებული გარემოება მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა არ უარყო და აღნიშნა, რომ გაზეთის მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო საპრივატიზებო ობიექტის სრული დახასიათება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, არასწორად იქნა გამოყენებული “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის წარმომადგენელთა მიერ ხაზგასმულ იქნა, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, თუმცა აღნიშნული მოსაზრება მათ მიერ ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებდა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობდა ამ კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ნ. ჯ-მა მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2002 წლის 3 სექტემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, თუმცა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, პრივატიზაციის შედეგები შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო ობიექტის პრივატიზებიდან სამი წლის განმავლობაში, მოცემულ შემთხვევაში კი ნ. ჯ-ის მიერ აუქციონის შედეგები გასაჩივრდა სამი წლის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და ხანდაზმული სარჩელი უკანონოდ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული კანონით.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ რ. გ-ე იყო კეთილსინდისიერი შემძენი, ასევე _ საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ რ. გ-ეს საერთაშორისო ორგანიზაცია “..." პროექტით განხორციელებული აქვს სიღარიბის დაძლევის პროგრამა და სადავო ქონებაში 2002 წლიდან დამონტაჟებულია კაკლის ცხელი მეთოდით მყნობის დანადგარები, მოწყობილია ცენტრალური გათბობა და სასათბურე მეურნეობა კაკლის გამოყვანის მიზნით, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაცია “....." მიერ დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობილობა, აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე კი დახარჯულია დიდი თანხა. დასახელებული პროექტები განხორციელდა იმის შედეგად, რომ რ. გ-ემ შესაბამისი საკუთრების მოწმობა წარუდგინა უცხოელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აღნიშნული პროექტები არ განხორციელდებოდა. ხსენებული პროექტების სამუშაო პროცესებში ნ. ჯ-ი ჩართული იყო, როგორც მუშახელი და პერიოდულად ასრულებდა სამუშაო დავალებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, მართალია, ნ. ჯ-ს შესაბამისი აქტით ჰქონდა ჩაბარებული სადავო ობიექტი, მაგრამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნულის გამო უპირატეს შესყიდვას და კასატორი ვალდებული არ იყო, უშუალოდ შეეტყობინებინა აუქციონის შესახებ ნ. ჯ-ის, მაშინ, როდესაც შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო პრესაში. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-2 მუხლის მე-6-7 პუნქტების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მყიდველს მიეწოდებოდა დამატებითი ინფორმაცია, მას უფლება ჰქონდა მიეღო გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია და ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება ჰქონდა წინასწარ გასცნობოდა საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, თუ ნ. ჯ-მა გაზეთის მეშვეობით ვერ მიიღო დაწვრილებითი ინფორმაცია სადავო ობიექტის შესახებ, შეეძლო მიემართა სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილებისათვის ინფორმაციის მისაღებად, რაც მას არ გაუკეთებია. ამასთან, სადავო ობიექტს ზუსტი მისამართი არ გააჩნდა, იგი მდებარეობდა კონსტიტუციის ქუჩაზე და შესაბამისად, მის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ვერ იქნებოდა გამოქვეყნებული. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, თუ როგორ უნდა მოხდეს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან სადავო ობიექტი უკვე პრივატიზებულია. ამასთან, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი, რომელიც აითვლება აუქციონის გამართვის დღიდან, რადგან ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის შესახებ ქვეყნდება ოფიციალურ გამოცემაში და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს და პრეტენზიების შემთხვევაში, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან ნ. ჯ-ის სადავო ობიექტის პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ცნობილი უნდა გამხდარიყო პრესის მეშვეობით და პრეტენზიების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსათვის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი და “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-2 მუხლის მე-6-7 პუნქტები, ასევე არასწორად განმარტა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტისა და 28 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. გ-სა და შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 14 მარტისა და 28 აპრილის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 15 მაისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით რ. გ-სა და შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 3 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სახელმწიფო ქონების ჩაბარების შესახებ 2002 წლის 5 თებერვლის აქტით სს “....” დამხმარე მეურნეობა დროებით, პრივატიზებამდე ამ მეურნეობის ქონებისა და შენობა-ნაგებობების გაძარცვისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულმა განყოფილებამ ჩააბარა ნ. ჯ-ს, პრივატიზებამდე ამ ობიექტის სანაცვლო გამოყენების ნებართვით (ს.ფ. 2). სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2002 წლის 3 სექტემბერს ორგანიზებულ აუქციონზე 75%-ის ფასდაკლებით პრივატიზებულ იქნა სს “...." ყოფილი დამხმარე მეურნეობა, ხოლო აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რ. გ-ე (ს.ფ. 13). რ. გ-ეს 2002 წლის 23 სექტემბრის სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ხსენებული დამხმარე მეურნეობის შენობები და სხვა ქონება (ს.ფ. 18). რ. გ-ან 2002 წლის 5 დეკემბერს დასახელებულ ქონებაზე გაფორმდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულება და მასზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹28/183-ა მოწმობა (ს.ფ. 14, 16-17). სს “...." ყოფილი დამხმარე მეურნეობის საპრივატიზებო კომისიის სხდომის 2001 წლის 9 აგვისტოს ¹1 ოქმის მიხედვით, სს “...." საწესდებო კაპიტალში არ შესულა დამხმარე მეურნეობა, რომლის პრივატიზების ფორმად შეირჩა აუქციონი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ რ. გ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ასევე არ გაითვალისწინა, რომ რ. გ-ე იყო კეთილსინდისიერი შემძენი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, ნ. ჯ-ს სახელმწიფო ქონების ჩაბარების შესახებ 2002 წლის 5 თებერვლის აქტით სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ სს “....” დამხმარე მეურნეობა პრივატიზებამდე დროებით ჰქონდა ჩაბარებული გაძარცვისაგან დაცვის მიზნით, მაგრამ იმავე აქტით აღნიშნული ქონება ჩაჰბარდა ამ ობიექტის პრივატიზებამდე, რაც მას არ ანიჭებდა ხსენებული ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლებას, რადგან მას დასახელებული ობიექტი შემდგომში მისი უპირატესი შესყიდვის პირობით არ ჩაჰბარებია და ვერც ჩაჰბარდებოდა, რადგან (ასეთი აქტით) აუქციონის ფორმით პრივატიზებას დაქვემდებარებული ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის წარმოშობის დროს მოქმედი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონის (2007 წლის 11 ივლისის რედაქციით _ “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონი) მე-6 მუხლი ადგენდა პრივატიზების ფორმებს, რომლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პრივატიზება ხდებოდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით, ხოლო აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანი იყო საკუთრების უფლება მინიჭებოდა იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ემ, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2002 წლის 3 სექტემბერს ორგანიზებულ აუქციონზე 2508 აშშ დოლარად კანონმდებლობის სრული დაცვით შეიძინა სს “..." ყოფილი დამხმარე მეურნეობის შენობები და სხვა ქონება, რაც გაიფორმა საკუთრებად დადგენილი წესით და ამდენად, ხსენებული ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე სწორედ რ. გ-ეა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულ განყოფილებას უფლება ჰქონდა, განმეორებითი აუქციონის დროს გასაყიდი ობიექტის ფასი შეემცირებინა ჯერ 50%-ით, ხოლო შემდეგ ასევე 50%-ით, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის (2002 წლის 14 მაისის რედაქცია) თანახმად, თუ არ მოხდებოდა აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი მცირდებოდა 50%-ით, ხოლო თუ ამ ფასად გამოტანის შემდეგაც ქონება არ გაიყიდებოდა, ეს ფასი კიდევ 50%-ით მცირდებოდა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან პრივატიზებას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, სავალდებულო იყო საპრივატიზებო ობიექტის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ადგილობრივ პრესაში. აღნიშნული ინფორმაცია კი გამოქვეყნდა მხოლოდ გაზეთ “......", რომელიც არ პასუხობდა იმავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რადგან გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანებოდა საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული საწარმოს მისამართი, შენობა-ნაგებობათა დახასიათება და ობიექტის გაყიდვის პირობები, რაც იმპერატიული ხასიათის მოთხოვნებს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის წარმოშობის დროს მოქმედი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი შეეხებოდა საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახდენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო). ამასთან, შეიძლებოდა ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენებაც.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-4 მუხლზე (აუქციონის ჩატარების წესი), რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, თითოეულ ობიექტზე, ვაჭრობის დაწყებისას, “....” აცხადებდა სახელმწიფო ქონების დასახელებას, შემდგომ საწყის ფასს და ბიჯს (რომლის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავდა “გამყიდველი”).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ სს “...." დამხმარე მეურნეობის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ განცხადებები არაერთხელ გამოქვეყნდა იმჟამად არსებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გაზეთ “....” შემდეგ ნომრებში _ 2002 წლის 25 იანვრის ¹4 (საწყის გასაყიდ ფასად მიეთითა 10031 აშშ დოლარი), 2002 წლის 8 მარტის ¹10, 2002 წლის 3 მაისის ¹17 (გასაყიდი ფასი _ 5016 აშშ დოლარი), 2002 წლის 28 ივნისის ¹26 (გასაყიდი ფასი _ 2508 აშშ დოლარი), 2002 წლის 2 აგვისტოს ¹30.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, პრივატიზება მოახდინა ზემოხსენებული სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ _ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულმა განყოფილებამ, კერძოდ, გაზეთ “....” 2002 წლის 25 იანვრის ¹4, 2002 წლის 8 მარტის ¹10, 2002 წლის 3 მაისის ¹17, 2002 წლის 28 ივნისის ¹26 და 2002 წლის 2 აგვისტოს ¹30 განცხადებებში ამ განცხადებების ავტორად მითითებულია სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილება, მაგრამ იმჟამად მოქმედი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება შეიძლებოდა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ პრესაში, მით უმეტეს, რომ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით ნებადართული იყო ინფორმაციის სხვა საშუალებათა გამოყენებაც. ამდენად, ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა სახეზე არ ყოფილა, რამდენადაც დაცული იყო ხსენებული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაც, რომლის მიხედვით, გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანებოდა საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მყიდველს მიეწოდებოდა დამატებითი ინფორმაცია. ზემოხსენებულ განცხადებებში მოყვანილ ინფორმაციაში ასახული იყო ის რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი, ხოლო ის ფაქტი, რომ დასახელებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული საპრივატიზებო ობიექტის ნაგებობათა დახასიათება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონის დარღვევად, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში და შესაბამისად, იმავე ინფორმაციაშიც მითითებული იყო, რომ დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება დაინტერესებულ პირს _ მყიდველს შეეძლო სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულ განყოფილებაში. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პრეტენზია ამ შემთხვევაში აუქციონის ჩატარების წესისა და კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის _ შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, მართალია, ნ. ჯ-ს შესაბამისი აქტით ჰქონდა ჩაბარებული სადავო ობიექტი, მაგრამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღნიშნულის გამო უპირატეს შესყიდვას და კასატორი ვალდებული არ იყო უშუალოდ შეეტყობინებინა აუქციონის შესახებ ნ. ჯ-ის, მაშინ, როდესაც შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო პრესაში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, თუ ნ. ჯ-მა გაზეთის მეშვეობით ვერ მიიღო დაწვრილებითი ინფორმაცია სადავო ობიექტის შესახებ, შეეძლო მიემართა სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილებისათვის ინფორმაციის მისაღებად, რაც მას არ გაუკეთებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს “...." დამხმარე მეურნეობის შენობის აუქციონის წესით პრივატიზაცია განხორციელდა კანონის სრული დაცვით, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით რამდენჯერმე გამოქვეყნდა ინფორმაცია გაზეთ “....”, ამასთან, დაინტერესებულ პირს შეეძლო დამატებითი ინფორმაციისათვის მიემართა ამ სამმართველოსათვის, სადაც მიიღებდა სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, აღნიშნული გაზეთის მოცულობიდან გამომდინარე კი შეუძლებელი იყო მასში საპრივატიზებო ობიექტის სრული დახასიათება (ს.ფ. 77-78). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კასპის სამმართველოს წარმომადგენლის განმარტება საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილზე, რომელთა მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა დავის წარმოშობის დროს მოქმედი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი, ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ის სარჩელი არის უსაფუძვლო და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მართალია, შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს კასაციის განაცხადს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება, მაგრამ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამდენად, რ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ხოლო შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

4. ნ. ჯ-ს რ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს რ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.