ბს-250-244(კ-08) 23 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
11.12.06წ. ინდმეწარმე “....” თელავის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და თელავის საგადასახადო ინსპექციის 05.12.06წ. ¹0517296 გადაწყვეტილების, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 24.10.06წ. ¹111 შეტყობინების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 24.10.06წ. ¹111 შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 24.10.06წ. ¹111 შეტყობინების თანახმად, 01.10.06წ. მდგომარეობით ერიცხება 46900 ლარის საგადასახადო დავალიანება, საიდანაც 12 400 ლარი ძირითადი, სანქცია-საურავი 34 500 ლარი იყო. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხისაგან მიიღო ასევე 24.10.06წ. ¹111 შეტყობინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის თანახმად, 01.10.06წ. მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 46 900 ლარი, მათ შორის, ძირითადი 24 900 ლარი, სანქცია-საურავი – 22 000 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციისაგან არ მიუღია საგადასახადო მოთხოვნა. 24.10.06წ. შესაგებლით მიმართა თელავის საგადასახადო ინსპექციას. თელავის საგადასახადო ინსპექციის 05.12.06წ. ¹0517296 გადაწყვეტილებით განემარტა, რომ მისი შესაგებელი განხილვას არ ექვემდებარება. მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ მის მიმართ 10.06.02წ. საგანგებო ლეგიონის კახეთის რეგიონალური განყოფილების მიერ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდების ფაქტზე, რომელიც შეწყდა, ვინაიდან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. 06.02.07წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოპასუხისათვის სადავო თანხების ჩამოწერის შესახებ აქტის გამოცემის დავალდებულებაც მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 24.10.06წ. ¹111 შეტყობინებები ქონებაზე ყადაღის დადებისა და გირავნობის (იპოთეკის) შესახებ, თელავის საგადასახადო ინსპექციის 05.12.06წ. ¹0517296 გადაწყვეტილება და მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციას საკითხის შესწავლა, შეფასება და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამომძიებლის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის არ იყო სავალდებულო და გამომძიებელს უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა ადმინისტრაციული აქტი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ” პუნქტზე, რომლის თანახმად, აკრძალულია საგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხის რეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან, გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შესახებ დებულებების გარდა, რომლებიც შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კანონის შესაბამისად, გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის. გამომძიებლის დადგენილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით დაწესებულ პასუხისმგებლობას. სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შეტყობინებებში ძირითად გადასახდელ თანხად სხვადასხვა თანხა იყო დარიცხული. საგადასახადო უწყებას უნდა გამოერკვია, რის გამო იყო მითითებული ორ დოკუმენტში, კერძოდ, ¹111 საგადასახადო შეტყობინებებში ქონებაზე ყადაღის დადებისა და ქონებაზე გირავნობის (იპოთეკის) უფლების წარმოშობის შესახებ ძირითად გადასახდელ თანხაში სხვაობა. შესაბამისად _ სხვაობა სანქცია საურავში, თუმცა საბოლოოდ გადასახდელი თანხა იყო ერთი და იგივე. სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოსაკვლევი იყო, მოსარჩელის მიმართ წარმოშობილი დავალიანება გამომდინარეობდა თუ არა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმიდან თუ შემდგომ მოხდა სხვა დავალიანების წარმოშობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ინსპექციას არ წარმოუდგენია სადავო გადასახადის დარიცხის საფუძველი, მისი წარმოშობის დრო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ დავალიანების წარმოშობის საფუძვლად მიუთითა 12.06.02წ. შემოწმების აქტზე, თუმცა შემდეგ განმარტა, რომ შეიძლება იყოს სხვა დავალიანებაც, რომლის საფუძველიც დროის სიმცირის გამო ვერ იქნა მოძიებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი დამატებით უნდა შეესწავლა საგადასახადო უწყებას, გამოერკვია რა სახის და ოდენობის საგადასახადო დავალიანება გააჩნდა მოსარჩელეს და აღნიშნულის გათვალისწინებით გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თელავის რაიონული სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.08წ. განჩინებით აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრით, მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კასატორმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილ ვადებში არ გაასაჩივრებს საგადასახადო ორგანოს “საგადასახადო მოთხოვნას” ან შესაგებელს, “საგადასახადო მოთხოვნა” აღიარებულად ჩაითვლება, აღსასრულებლად მიიქცევა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილი საჩივარი განუხილველი რჩება, ხოლო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე წყდება საქმის წარმოება დასაშვებობის მოთხოვნების დარღვევის გამო. საგადასახადო ორგანოს მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ინდმეწარმე “....” გირავნობისა და ყადაღის შეტყობინების გაგზავნა შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, რაც არც თელავის რაიონულ სასამართლოს გაუთვალისწინებია და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ის 34.3 მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობებს.
კასატორმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დავის დაწყების მატერიალური საფუძველი. მოსარჩელეს სასამართლოსათვის უნდა მიემართა ასკ-ის 24-ე მუხლის შესაბამისად და მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოეთხოვა, რათა მოეპოვებინა საგადასახადო დავის დაწყების უფლება. თელავის რაიონულ სასამართლოს დასაშვებად არ უნდა ეცნო ი/მ “....” სასარჩელო განცხადება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85.2 მუხლის მიხედვით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანებაზე დავის დაწყებისთანავე ან/და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებასთან ერთად. კასატორის განცხადებით, რადგან გადასახადის გადამხდელისათვის ცნობა იყო შემოწმების აქტის და ამ აქტით დარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო ვალდებულება აღიარებულია და არ არსებობს შეტყობინებების ბათილად ცნობის საფუძველი. რადგან არ არსებობდა დავის წამოწყების ფორმალური საფუძველი, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა დარიცხული თანხის კანონიერებაზე. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 85-ე, 87-ე, 145-ე, ასკ-ის 22-ე, 23-ე მუხლების, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების მოთხოვნები. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.03.08წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად. ი/მ “....” წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღმიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.