Facebook Twitter

ბს-251-245(კ-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს კონტროლის პალატა

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჯ.-ე

მესამე პირი – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 7 მაისს გ. ჯ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის 2004 წლის 14 ივლისის ¹19-ე მიმართვის, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2004 წლის 16 ივლისის ¹312 დადგენილებისა და საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 20 ივლისის ¹22, 20 სექტემბრის ¹113 და 17 ნოემბრის ¹226 ბრძანებების საფუძველზე, ჩატარდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ივლისამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია.

როგორც კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2005 წლის 24 თებერვლის ¹112- დადგენილებაშია აღნიშნული, ჩატარებული შემოწმებით საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობაში გამოვლენილ იქნა მრავალი დარღვევა-ნაკლოვანებები.

ერთ-ერთ დარღვევად მითითებულ იქნა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის 19630 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის აქტისა და პრეზიდიუმის დადგენილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2005 წლის 12 აპრილს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2005 წლის 4 აპრილის ¹02/752 წერილიდან, სადაც აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2005 წლის 24 თებერვლის ¹7/2-გამ დადგენილების თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება, აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება”.

საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება არის ადმინისტრაციული აქტი, რომელმაც განაპირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას შრომის სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით.

მოსარჩელის მითითებით, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილებაში არასწორად არის მითითებული იმის თაობაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 20 ივლისის ¹3ა/264-2004წ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით საგზაო დეპარტამენტს დაევალა გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ზომები ადვოკატზე გადახდილი თანხების უკან დასაბრუნებლად.

აღნიშნული განჩინება შეეხება საქმის წარმოების შეწყვეტას მაგრამ უკვე გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განჩინებაში არაფერია ნათქვამი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განჩინება არც ერთ მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, ვინაიდან ორივე მხარე თანახმა იყო საქმის წარმოების შეწყვეტაზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, ,,ადმინისტრაციული აქტია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი”. სამართლებრივი შედეგი, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილებას უკვე მოჰყვა, რისი დასტურიცაა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2005 წლის 24 თებერვლის ¹7/2-გამ დადგენილების, კერძოდ, პრეზიდიუმის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-4 აბზაცის - ,,სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები ადვოკატზე გადახდილი თანხების უკან დასაბრუნებლად” - ბათილად ცნობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2005 წლის 24 თებერვლის ¹7/2-გამ დადგენილება მე-2 პუნქტის მე-4 აბზაცის ნაწილში და საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის თანხის გადახდის კანონიერების შესწავლის თაობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი თავდაპირველად მოითხოვდა საგზაო ფონდის სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საგზაო დეპარტამენტიდან 4900764 ლარის ჩარიცხვას, რომლიდანაც მოხდა საადვოკატო ხარჯების (196030 ლარი) განსაზღვრა. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი, ხოლო ადვოკატის ხარჯები კანონსაწინააღმდეგოდ დაეკისრა მოგებულ მხარეს – საგზაო დეპარტამენტს. აღნიშნული განჩინება გაუქმდა უზენაესი სასამართლოს მიერ და საქმე დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს, რომელმაც საქმის წარმოება შეწყვიტა, ვინაიდან ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დავა სამინისტროებსა და დაწესებულებებს შორის შეწყდება ქვემდებარეობის წესით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, აღარ არსებობდა ადვოკატის თანხების ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, ხარჯების ანაზღაურება მოხდა იმ დროს, როდესაც ძალაში არ იყო შესული გადაწყვეტილება. აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის საფუძველზე რწმუნებული მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მიიღო მინდობილობის მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამ მიზნით, აგრეთვე ის, რაც შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულით იყო განპირობებული საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტის და მისგან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილების მიღება.

ამასთან, აპელანტის განმარტებით, აქტი გამოცემული არ იყო გ. ჯ.-ის მიმართ. აქტით მიეთითა საგზაო დეპარტამენტს განეხორციელებინა კანონით დადგენილი ღონისძიებები თანხის უკან დასაბრუნებლად. დეპარტამენტის მიერ გ. ჯ.-სადმი გაგზავნილი წერილის საფუძველია სასამართლო გადაწყვეტილებები და არა კონტროლის პალატის შემოწმების აქტი, რაც შეეძლო გაესაჩივრებინა საგზაო დეპარტამენტს და არა მოსარჩელე – გ. ჯ.-ს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო საგადასახადო სამსახური, საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სახელმწიფო ორგანოები, უწყებრივი კონტროლის სამსახურები, სხვა სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ კონტროლის პალატას”. შესაბამისად, მოპასუხეს ხელთ აქვს კანონით დადგენილი ყველა მექანიზმი საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოსაკვლევად და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დროს დარღვეულია საქართველოს ზაკ-ის ნორმათა მოთხოვნები. ამ კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდება, გაითვალისწინა თუ არა აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის აღნიშნული ნორმის დანაწესი და მიიღო თუ არა მის შესაბამისად გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თბილისის პროკურატურის და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიმართვების საფუძველზე, კონტროლის პალატამ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტში ჩაატარა 1999 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ივლისამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია. ჩატარებულმა რევიზიამ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობაში მრავალი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტში მის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გ. ჯ.-თვის 196 030 ლარის გადახდა. აღნიშნულზე, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2005 წლის 24 თებერვლის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-4 აბზაცით, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა, ადვოკატის მომსახურებისათვის დაწესებული ხარჯის - 196030 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2005 წლის 4 აპრილს წერილი გაუგზავნა გ. ჯ.-ს და მოითხოვა დეპარტამენტის მიერ გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. გ. ჯ.-თვის საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, როგორც პრეზიდიუმის დადგენილებაშია მითითებული, მიღებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების, უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 10 მარტისა და საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის განჩინებების საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტსა და საგზაო ფონდს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საგზაო ფონდი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ედავებოდა ცენტრალურ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

საავტომობილო დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ადვოკატი გ. ჯ.-ე.

საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი, ასევე საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპატამენტისა და საგზაო ფონდის შეგებებული სარჩელი. ამავე გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა 196030 ლარის გადახდა ადვოკატ გ. ჯ.-ის სასარგებლოდ.

შემდგომში უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 10 მარტის განჩინებით გაუქმდა საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშიული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სასარგებლოდ თანხის დაკისრებისა და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტისათვის საადვოკატო ხარჯების – 196030 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 ივლისის განჩინებით კი შეწყდა საქმის წარმოება აღნიშნულ საქმეზე, იმ მოტივით, რომ დავა სახელმწიფო უწყებებს შორის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, წყდება ქვემდებარეობის წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, კონტროლის პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, ანაზღაურება განხორციელდა იმ დროს, როდესაც არ იყო ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მინდობილი მოქმედების შესასრულებლად მიიღო და არ გამოიყენა ამისათვის.

ამასთან, კონტროლის პალატის აქტი არ არის გამოცემული გ. ჯ.-ის მიმართ. აქტით მიეთითა საგზაო დეპარტამენტს განეხორციელებინა კანონით დადგენილი ღონისძიებები თანხის უკან დასაბრუნებლად. დეპარტამენტის მიერ გ. ჯ.-სადმი გაგზავნილი წერილის საფუძველია სასამართლო გადაწყვეტილებები და არა კონტროლის პალატის აქტი. აქედან გამომდინარე, კონტროლის პალატა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატის აქტი შეეძლო გაესაჩივრებინა საგზაო დეპარტამენტს და არა მოსარჩელე – გ. ჯ.-ს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, პროცესუალური მოწინააღმდეგე გ. ჯ.-ე იცავდა საგზაო დეპარტამენტის ინტერესებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საგზაო ფონდსა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის მიმდინარე ადმინისტრაციული დავის პროცესში.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს ადვოკატის სასარგებლოდ დაეკისრა 196030 ლარის გადახდა. აღნიშნულზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

საქართველოს კონტროლის პალატამ, საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტში 1999 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის ჩატარებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შედეგად, დეპარტამენტის საქმიანობაში გამოავლინა რიგი დარღვევები. მათ შორის არასწორად მიიჩნია საადვოკატო მომსახურების თანხების ანაზღაურება, რის საფუძველზეც პალატის პრეზიდიუმის 2005 წლის 24 თებერვლის ¹7/2 აგმ დადგენილებით დეპარტამენტს დაევალა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საადვოკატო მომსახურეობისათვის გადახდილი ზემოაღნიშნული თანხების ბიუჯეტში დაბრუნების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება. აღნიშნულიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2005 წლის 4 აპრილს გ. ჯ.-ს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა.

გ. ჯ.-მ სადავოდ გახადა კონტროლის პალატის დადგენილება და სარჩელის საფუძველზე მოითხოვა, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-4 აბზაცის ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო კასატორის საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაეცნო სასამართლოს მოტივაციას აქტის ბათილობის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, აქტის კანონიერების საფუძვლების შემოწმებამდე, საჭიროდ მიიჩნია სარჩელის დასაშვებობის საკითხის გაანალიზება.

საკასაციო სასამართლო უდავოდ ადასტურებს პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან სადავო აქტის მიმართ ინტერესის არსებობის ფაქტს, მაგრამ იმავდროულად მიუთითებს იმ მოსაზრებაზე, რომ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი ინტერესის, არამედ იურიდიული ინტერესის არსებობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ზემოქმედება უნდა მოახდინოს პირის უფლება-მოვალეობებზე. ამდენად, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სარჩელის აღძვრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მოსარჩელეს შეუძლია დაადასტუროს, რომ მისი უფლება დაირღვა აქტის გამოცემით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ ზღუდავდეს პირის უფლებას. ამასთან, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესის დაშვების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, იკვეთება თუ არა აქტის მიმართ მოსარჩელის კონკრეტული ინტერესი.

საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2005 წლის 24 თებერვლის ¹7/2-გამ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის სადავო მე-2 პუნქტის მე-4 აბზაცი შეიცავს შემდეგი შინაარსის ჩანაწერს, “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები ადვოკატზე გადახდილი თანხების უკან დასაბრუნებლად.”

როგორც მითითებული აბზაცის შინაარსი ცხადყოფს, აღნიშნული არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ადვოკატისაგან 196030 ლარის ამოღების თაობაზე, დადგენილებაში საუბარია კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე. ამდენად, მითითებული აქტი ვერ ჩაითვლება იმ სახის დოკუმენტად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება გ. ჯ.-გან თანხების უპირობოდ ამოღება. იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოახდინოს აქტში მითითებული თანხების ამოღება, მისი მხრიდან განხორციელებული უნდა იყოს მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურები. კერძოდ, საგზაო დეპარტამენტსა და გ. ჯ.-ს შორის საადვოკატო მომსახურეობის თაობაზე არსებობდა შეთანხმება, ამდენად მხარეთა შორის სახეზე იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ვალდებულია ამტკიცოს, რომ სწორედ ის წარმოადგენს საგზაო დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს, დეპარტამენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჰონორარის სახით ადვოკატისათვის თანხის გადახდას, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა იქნა გადახდილი და წარმოეშვა თუ არა მას თანხის უკან მოთხოვნის უფლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საქართველოს კონტროლის პალატის მხრიდან დადგენილებაში “კანონით დადგენილ ზომებზე” მითითება გულისხმობს სწორედ იმ გარემოებას, რომ კონტროლის პალატას არ გააჩნია ის მექანიზმი, რომელიც წინამდებარე აქტის საფუძველზე გ. ჯ.-ს პირდაპირ დაავალდებულებს მოახდინოს თანხების უპირობი დაბრუნება. საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით მსჯელობას იმის თაობაზე, არის თუ არა სახეზე სადავო აქტით გამოწვეული პირდაპირი და უშუალო ზიანი ან უფლებების უკანონო შეზღუდვა, რამაც ხელყო მოსარჩელის უფლებები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა არ ნიშნავს სასამართლო პრაქტიკის შეცვლას იმ კატეგორიის დავებზე, რომლებთან დაკავშირებითაც სახეზეა კონტროლის პალატის აქტის საფუძველზე მიღებული საგადასახადო მოთხოვნები, ვინაიდან ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კონტროლის პალატის მიერ რევიზია_შემოწმებების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილი თანხების ამოღება, იმავე “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე მუხლის საფუძველზე, ევალება საგადასახადო ორგანოებს, რაც ამ კატეგორიის დავებს პრინციპულად განასხვავებს წინამდებარე საქმისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით მსჯელობას სარჩელის დასაშვებობის საკითხზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მინიჭებულ უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას თავად გადაწყვიტოს დასაშვებობის საკითხი, მოსარჩელის უფლებებისა და მისი პროცესუალური გარანტიების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, საჭიროდ მიიჩნევს, დასაშვებობის საკითხის დამატებითი გამოკვლევისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, 262-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.