Facebook Twitter

ბს-252-238(კ-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოსარჩელე) _ რ. ხ-ი, წარმომადგენელი თ. გ-ე (რწმუნებულება ¹1-5861, 10.07.06წ.)

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხეები) _ პ. ო-ი, წარმომადგენელი გ. კ-ე (რწმუნებულება ¹1-24035, 14.12.05წ.); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, წარმომადგენელი გ. მ-ი (რწმუნებულება ¹1/10-4573, 26.11.07წ.); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, წარმომადგენელი თ. გ-ე (მინდობილობა ¹33/3-8175, 14.12.07წ.).

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.07წ. განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ხ-მა 29.09.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე პ. ო-ის მიმართ და მოპასუხისათვის მის მიმართ მიყენებული ზიანის _ 57100 ლარისა და მორალური ზიანის _ 50000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 08.09.99წ. ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹8-ში მდებარე მისი სახლი გაქურდეს, რის შედეგადაც განიცადა 57 100 ლარის მატერიალური ზარალი. დანაშაულის ჩადენის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოსაძიებლად დაეწერა იმ დროს გამომძიებელს, მოპასუხე პ. ო-ს. გამოძიების პროცესში პ. ო-მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით, საქმისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატა მის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2000წ. ბრძანების შეუსრულებლობაში. ბინაზე ყადაღის დაუდებლობით ისარგებლა რ. რ-ემ და გაასხვისა აღნიშნული ბინა. რ. რ-ე გაასამართლეს მოსარჩელის ბინის გაქურდვის ბრალდებით, მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და მასვე დაეკისრა გადასახდელად რ. ხ-ის სასარგებლოდ 57100 ლარის გადახდა, მაგრამ მოპასუხე პ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად, სასამართლოს განაჩენის აღსრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან რ. რ-ეს იმ დროისთვის უკვე გასხვისებული ჰქონდა ბინა. პ. ო-ის დანაშაულებრივი ქმედების გამო, მოსარჩელემ განიცადა მატერიალური ზარალი 57100 ლარის ოდენობით. 6 წლის მანძილზე მოსარჩელეს არ შეუწყვეტია საჩივრების წარდგენა, პ. ო-ი კი თავისი ნაცნობობით თუ სხვა ზეგავლენას ახდენდა თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, რითაც მოსარჩელეს მიაყენა უმძიმესი მორალური ტრავმა, დიაბეტით დაავადდა მისი მეუღლე, ორჯერ ჩაუტარდა თირკმელების ოპერაცია და გახდა II ჯგუფის ინვალიდი. ამასთან, ამ ტრავმამ დაავადა თავად მოსარჩელეც, თუმცა ინვალიდობის ჯგუფის დასადგენად ვერ ახერხებდა სტაციონარულ მკურნალობას, ვინაიდან ასეთ პირობებში უმეთვალყურეოდ რჩებოდა მეუღლე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.01.06წ. გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე პ. ო-ის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.01.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-მა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.04.06წ. განჩინებით აპელანტ რ. ხ-ის წარმომადგენლის _ ნ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეში თანამოპასუხედ, მოპასუხის სახით, ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 25.01.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბრალდებულ რ. რ-ის ბინა, ყადაღადადებული რომ ყოფილიყო მას არ მიადგებოდა ზიანი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2000წ. ბრძანებით, ყადაღა დაედო ქუთაისში, ......... ¹31/79-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ. რ-ის კუთვნილ ქონებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებისა. აღნიშნული ბრძანებით ყადაღა არ დასდებია რ. რ-ის ბინას. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის განმარტება, რომ ბინაზე ყადაღა უნდა დაედო გამომძიებელს და ამით მოხდებოდა ზიანის ანაზღაურება. 28.01.2000წ. ყადაღის დადების ოქმში აღნიშნულია, რომ ბრალდებულს ყადაღის დასადები ქონება არ გააჩნდა. რ. რ-ემ 02.06.2000წ. გაასხვისა ........... გამზირის ¹31/81-ში მდებარე ბინა. ქუთაისის სასამართლოს 27.01.2000წ. ბრძანებით კი ყადაღა დაედო ......... ¹31/79-ში მდებარე ბინაში არსებულ ქონებას. ტექბიუროს ცნობით, ......... ¹31/79-ში მდებარე სახლი ირიცხებოდა ლ. რ-ის სახელზე. ამ ცნობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყადაღა ვერ დაედებოდა ლ. რ-ის სახლს, რადგან იგი ბრალდებული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მიყენებულ ზიანსა და მოპასუხეთა ქონებას შორის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის არსს არ ცვლიდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 27.01.05წ. დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ გამომძიებელმა პ. ო-მა არ დაადო ყადაღა ბრალდებულის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რითაც ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა. სსსკ-ის 192-ე მუხლის 27.01.2000წ. რედაქციით, არ შეიძლება ყადაღა დაედოს ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანისათვის აუცილებელ, ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს. ასევე, სსსკ-ის 190-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყადაღა ედება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის ქონებას, ............. ¹31/79-ში მდებარე სახლი არ ირიცხებოდა ბრალდებულ რ. რ-ის სახელზე, სწორედ ამიტომ ვერ იქნებოდა და არც ყოფილა ყადაღადადებული ეს ქონება. 27.01.2000წ. ყადაღის დადების ბრძანებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ ყადაღა დაედო ....... ¹31/79-ში არსებულ რ. რ-ის კუთვნილ ქონებას. ბრძანება არ შეიცავს მითითებას ბინაზე ყადაღის დადების შესახებ. ამიტომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ამ ბრძანების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აღინიშნა, რომ გასხვისდა არა ........... ¹31/79-ში მდებარე, არამედ გ-ს გამზირის @¹31/81-ში არსებული სახლი. ეს უკანასკნელი გაიყიდა 2300 ლარად, მოსარჩელე კი ზიანის სახით ითხოვდა 57100 ლარს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.04.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. რ-ის სარჩელი და ყადაღისაგან გათავისუფლდა მისი ნივთები. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა დამტკიცდეს მიზეზობრივი კავშირი, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეთა მხრიდან ადგილი არ აქვს.

რ. ხ-მა 06.03.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, იგი გამოტანილია საქმეზე, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და განმარტა, რომ მოპასუხე პ. ო-ი, მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო განყოფილების გამომძიებლად. 08.09.99წ. მომხდარი რ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვისათვის დაპატიმრებული ერთ-ერთი ბრალდებულის, რ. რ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას უხეშად და ბრალეულად დაარღვია მისი, როგორც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი თანამდებობის პირის, საპროცესო მოვალეობანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ქუთაისში, ............. ¹38/81-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ბრალდებულ რ. რ-ის სახელზე, რატომღაც მიიჩნია ამავე ბრალდებულის ოჯახისთვის თითქოსდა ნორმალური სასიცოცხლო პირობებისათვის აუცილებელ საგნად და ამ მიზნით სასამართლოში არ წარადგნა შუამდგომლობა, არ გამოითხოვა სასამართლოდან ბრძანება ბინაზე ყადაღის დადების შესახებ, შესაბამისად, არც ყადაღის დადების ოქმი გააფორმა და სათანადო დოკუმენტაცია არ გადაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს. ეს მაშინ, როცა გამომძიებელმა პ. ო-მა ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რათა ყადაღა დასდებოდა ქ. ქუთაისში, ............ ¹31/79-ში საერთო საცხოვრებელი ბინის იმავე სართულზე მდებარე სხვა საცხოვრებელ ბინას, რომელიც საკუთრების უფლებით, იურიდიულად ეკუთვნოდა არა ბრალდებულს, არამედ მის _ დედას ლ. რ-ეს, მაგრამ, ფაქტობრივად, სარგებლობდა რ. რ-ე. სასამართლოს 27.07.2000წ. ბრძანებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გამომძიებელმა პ. ო-მა მეორე დღეს, 28.01.2000წ. ამავე ბინაში დამსწრეთა მონაწილეობით შეადგინა ოქმი იმის შესახებ, რომ ბრალდებულ რ. რ-ეს ყადაღის დასადები ქონება არ გააჩნდა. ე.ი. გამომძიებელმა პ. ო-მა არ უზრუნველყო ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დადება, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სავალდებულო იყო, მან სასამართლოდან გამოითხოვა სხვა (ბრალდებულის დედის კუთვნილ) არასათანადო ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება, თუმც, პრაქტიკულად, არც იგი აღასრულა, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ბრალდებულის ქონებაზე ყადაღის დაუდებლობას შედეგად მოჰყვა ის, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესშივე ქ. ქუთაისში, ............ ¹31/81-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა გამომძიებელ პ. ო-ის მეუღლემ _ იმ დროისათვის ქ. ქუთაისის ნოტარიუსმა თ. მ-ემ 01.06.01წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, სანოტარო წესით, რ. რ-გან ბინა გადაუფორმა საკუთრებაში ვინმე ლ. ც-ეს. კანონიერ ძალაში მყოფი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 23.06.03წ. განჩინებით განსასჯელ რ. რ-ეს მოსარჩელის ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი ქონებრივი დანაშაულისათვის მიესაჯა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა რ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ რ. რ-ეს დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად რ. ხ-ის სასარგებლოდ 57 100 ლარის, ანუ ქურდობისას გატაცებული მთლიანი ქონების ღირებულების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა რ. ხ-ს ერთი თეთრიც არ მიუღია და ამ ნაწილში განაჩენის აღსრულება უპერსპექტივოა, რადგან რ. რ-ეს რაიმე სხვა უძრავ-მოძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მოპასუხე პ. ო-მა რომ უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობა დაზარალებულის მიმართ და ყადაღა არ დაადო ბრალდებულ რ. რ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, გარდა ადმინისტრაციულ საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, პირდაპირ არის დადასტურებული ამავე საქმეში წარმოდგენილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 27.01.05წ. დადგენილებით, რომლითაც გამომძიებელ პ. ო-ის მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. დადგენილება მის მიერ არ გასაჩივრებულა, ანუ შესულია კანონიერ ძალაში. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ეს დადგენილება თავის მხრივ გამოტანილია მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 23.09.04წ. განჩინებაში იმის კატეგორიულად მითითების შემდეგ, რომ დადგენილიყო თუ რა განზრახვით მოქმედებდა გამომძიებელი პ. ო-ი, როცა ყადაღა არ დაადო ბრალდებულ რ. რ-ის საცხოვრებელ ბინას და საშუალება მისცა მას იგი გაესხვისებინა მისი მეუღლის _ ნოტარიუს თ. მ-ის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ანუ განზრახი სამოხელეო დანაშაული ჰქონდა ჩადენილი პ. ო-ს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სახით, თუ გაუფრთხილებელი სამოხელეო დანაშაული სამსახურებრივი გულგრილობის სახით. კასატორის აზრით, გამომძიებელმა პ. ო-მა ჩაიდინა განზრახ დანაშაული, საქმის გამოძიების მთელ პერიოდში, სარგებლობდა რა დაზარალებულების სამართლებრივი გაუცნობიერებლობით, უმტკიცებდა, რომ ბრალდებულ რ. რ-ის ქონებაზე ყადაღა იყო დადებული სასამართლოს ბრძანებით და რაიმე პრობლემა ამ კუთხით არ არსებობდა. სადავო ბინაზე ყადაღის დაუდებლობის შესახებ მოსარჩელემ შეიტყო რ. რ-ის მიმართ გამამტყუნებელი განჩინების გამოტანის შემდეგ, როცა განაჩენი სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში აღსასრულებლად წარადგინა იმერეთის სააღსრულებო ბიუროში და აღმოჩნდა, რომ რ. რ-ეს ბინა უკვე გაყიდული ჰქონდა ლ. ც-ზე. მანამდე კასატორისათვის ეს ფაქტი უცნობი იყო და არც რაიმე პრეტენზია გამოუხატავს სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილი გამომძიებლის მიმართ, რომელიც თავს პატიოსან ადამიანად აჩვენებდა. მართალია, პროკურატურამ დაზარალებულების მოსაზრება გამომძიებელ პ. ო-ის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შესახებ არ გაიზიარა და დაადგინა, რომ ბინაზე ყადაღის დაუდებლობით მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, მაგრამ ასეც რომ იყოს, იგი არ ათავისუფლებს არც მას და არც სხვა მოპასუხეებს მათთვის მიყენებული ზიანისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. პოლიციის გამომძიებელი პ. ო-ი, რომელსაც ამ თანამდებობაზე მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი და უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა, ვალდებული იყო სცოდნოდა და მისი თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა კიდეც, რომ ქონებრივი დანაშაულის საქმეზე ბრალდებულის კუთვნილი ქონების მოუძიებლობით, მასზე ყადაღის დაუდებლობით და მხოლოდ გარეშე პირის ქონებაზე ყადაღის დასადებად ზომების ფორმალურად მიღებით, მით უფრო, როცა ქურდობის შედეგად გატაცებული იყო დიდი ღირებულების ქონება და ეს ქონება გამოძიებით ამოღებული არ ყოფილა, ზიანი აუცილებლად მიადგებოდა დაზარალებულის ინტერესებს. კასატორის აზრით, სწორედ მოპასუხე პ. ო-ის ასეთმა მოქმედებამ გამოიწვია მისთვის ზიანის უშუალოდ მიყენება, რადგან ბრალდებულ რ. რ-ის ბინაზე რომ მას ყადაღა დაედო და ამის შესახებ წერილობით ეცნობებინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, იგი მას ვეღარ გაასხვისებდა, ყადაღადადებული ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ნოტარიუსიც არ დაამოწმებდა და სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში განჩინების აღსრულების სტადიაზე სასამართლო აღმასრულებელთა მიერ სადავო ბინის რეალიზაციის შედეგად ნაწილობრივ მაინც აუნაზღაურდებოდა დანაშაულით მოყენებული მატერიალური ზიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განმარტებულია, როგორც ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. სააპელაციო სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში, მისი საფუძვლიანობის დასადასტურებლად სრულიად უადგილოდ არის მოყვანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.04.04წ. გადაწყვეტილება მსჯარდებულ რ. რ-ის მამის _ ჯ. რ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ყადაღისაგან მისი ნივთების გათავისუფლების შესახებ. მათ არასდროს გამოუთქვამთ უკმაყოფილება გამომძიებლის ან სასამართლო აღმასრულებლის მიმართ იმის გამო, რომ მათ ყადაღა არ დაადეს ჯ. რ-ის ან სხვა გარეშე პირთა კუთვნილ ქონებას, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღა ედება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის და არა სხვა, გარეშე პირების ქონებას. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ თითქოსდა არ არსებობს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიზეზობრივი კავშირი ამ ზიანსა და მოპასუხეთა მოქმედებას შორის. რ. ხ-ს, მის მეუღლეს და ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი მეუღლეს, ნ. ხ-ს, სერიოზულად დაუზიანდათ ჯანმრთელობა არა იმდენად მემკვიდრეობით მიღებული და განვლილი ცხოვრების მანძილზე შრომითი დანაზოგით შეძენილი ქონების ქურდობის გამო, არამედ ამ დანაშაულის საქმის გამომძიებელი სახელმწიფო მოხელის _ მოპასუხე პ. ო-ის არაჯეროვანი, ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისა და დაზარალებული მხარის ინტერესებისადმი. კასატორი ამჟამად არის 68 წლის, ხოლო მეუღლე 62 წლის, მათ წლები დასჭირდათ იმისათვის, რომ ჯერ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს და შემდეგ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოესწორებინათ ქუთაისის საქალაქო პროკურატურის შეცდომა თუ დარღვევა და დაედასტურებინა პოლიციის გამომძიებელ პ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი გულგრილობა მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს, რის შედეგად დღემდე ვერ გახდა შესაძლებელი კუთვნილი თანხის რეალური ამოღება, ვერც მსჯავრდებულ რ. რ-ის ქონების რეალიზაციის გზით და, მით უფრო, დანაშაულის თანამონაწილე სხვა პირებისაგან, რომელთა დასადგენად და დასაპატიმრებლად გამოძიებას პრაქტიკულად არავითარი რეალური საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები არ ჩაუტარებია. სწორედ მოპასუხეთა არამართლზომიერი მოქმედებით მიღებული უმძიმესი ფიზიკური და სულიერი სტრესები გახდა იმის მიზეზი, რომ 2005 წლის 13 აპრილიდან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ დაუდგინდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი, რაც ნიშნავს, რომ გააჩნია შესაძლებლობათა მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ითვლება შრომისუუნაროდ. მოპასუხე პ. ო-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო, პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებში მიმდინარე შემოწმების ხანგრძლივ პროცესებსა და სასამართლო სხდომებში მონაწილეობისა და ძლიერი მორალურ-ფსიქოლოგიური და ფიზიკური განცდებისაგან ასევე შეირყა მისი მეუღლის _ ნ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენადაც მყარად ჩამოუყალიბდა მძიმე დაავადება მარცხენამხრიანი გონართროზის სახით და ამის გამო საჭიროებს ძვირად ღირებულ ოპერაციულ ჩარევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.07წ. განჩინებაზე მოსაზრებები წარმოადგინეს კასატორმა რ. ხ-მა და მოწინააღმდეგე მხარემ პ. ო-მა.

რ. ხ-მა 11.06.07წ. წარმოდგენილი მოსაზრებით მიიჩნია, რომ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის III ნაწილით განსაზღვრული, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. პ. ო-ის 11.06.07წ. მოსაზრებით კი უარი უნდა ეთქვას კასატორს საკასაციო საჩივრის დაშვებაზე, ვინაიდან მასში არ არის დასაშვებობის საფუძვლების არსებობის კონკრეტული დასაბუთება. პ. ო-ის მოსაზრებით, როცა საუბარია სამართლის განვითარებაზე, უნდა იყოს დასახელებული მოქმედი კანონმდებლობის კასატორისათვის საინტერესო სამართლებრივი ნორმა, გაანალიზებული უნდა იყოს, თუ რაში გამოიხატება ამ ნორმის არასრულყოფილება და მითითებული უნდა იყოს, რა კუთხით საჭიროებს იგი სრულყოფას, რომ დადგეს მომჩივნისათვის სასურველი შედეგი. ამასთან, კასატორი არ ასახელებს, არ აანალიზებს და არ განსაზღვრავს, რომელი სასამართლო პრაქტიკა მიაჩნია გამართლებულად, კანონშესაბამისად და მხარდასაჭერად, რომელს ემხრობა და რომელს არ უჭერს მხარს და რას შემატებს სასამართლო პრაქტიკას მოცემული საკასაციიო საჩივრის არსებითი განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.11.07წ. განჩინებით რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. საკასაციო პალატის სხდომაზე რ. ხ-მა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის, პ. ო-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს პ. ო-ის წარმომადგენლის გ. კ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა უთანაბრდება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის რევიზიას, რომლითაც დადგენილია, რომ 57 100 ლარის ზიანი მოსარჩელეს მიაყენა არა პ. ო-მა, არამედ რ. რ-ემ, რის გამო ამ უკანასკნელს დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ითხოვს არა ქურდობით მიყენებული ზიანის, არამედ სარჩელის უზრუნველსაყოფად კანონით განსაზღვრული ზომების მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, განსახილველი დავის საგანს შეადგენს მოხელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოხელე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო და ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებულ ნორმათა საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანი, რომელიც გამოწვეულია პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ან მის მიერ ჩადენილი დანაშაულით. რამდენადაც ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამომძიებელ პ. ო-ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა მითითებული სააპელაციო საჩივარში აღწერილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლი. რ. ხ-ი სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე პ. ო-მა, რომელიც მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო განყოფილების გამომძიებლად, ქურდობაში ბრალდებულის რ. რ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას უხეშად და ბრალეულად დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ გამომძიებელმა ბრალდებულის სახელზე რიცხული, ქ. ქუთაისში, ..........., ¹31/81 მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა მიიჩნია ნორმალური სასიცოცხლო პირობებისათვის აუცილებელ საგნად და ამ მოტივით არ წარადგინა სასამართლოში შუამდგომლობა აღნიშნული ბინისათვის ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ. 74-80). მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებასა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის თაობაზე და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ რ. რ-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2000წ. ბრძანებით ყადაღა დაედო ქუთაისის ............... ¹31/79-ში მდებარე, რ. რ-ის დედის სახელზე აღრიცხულ საცხოვრებელ სახლში რ. რ-ის კუთვნილ ქონებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებისა, და გამომძიებელ პ. ო-ის მიერ სასამართლოს აღნიშნული ბრძანება შესრულებული იქნა. დავის საგანთან შემხებლობაში არ არის სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ქუთაისში ............, ¹31/79-ში მდებარე ბრალდებულის დედის სახელზე რიცხულ სახლს, სსსკ-ის 190-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ყადაღა ვერ დაედებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისში ..............., ¹31/79-ში მდებარე ბრალდებულის დედის სახელზე რიცხულ სახლზე ყადაღის დაუდებლობა რ. ხ-ს ზიანის ანაზღაურების საფუძვლად არ მიუთითებია, აღნიშნული გარემოება განსახილველი დავის საგანს არ შეადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის (გამოძიების წარმოების დროს მოქმედი რედაქციით) თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლის არსებობისას გამომძიებელს უნდა დაედგინა სად და ვის ხელში იყო ქონება და წარედგინა სასამართლოსათვის დასაბუთებული შუამდგომლობა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2000წ. ბრძანებით დაკმაყოფილდა საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. ქუთაისის განყოფილების გამომძიებლის პ. ო-ის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, ........, ¹31/79-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებულ რ. რ-ის კუთვნილ ქონებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებისა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის სახელზე რიცხული უძრავი ქონების დაყადაღების შუამდგომლობით გამომძიებელს სასამართლოსათვის არ მიუმართავს. 02.06.2000წ. რ. რ-ემ გაასხვისა მის სახელზე რიცხული ქ. ქუთაისში, .......... (ყოფილი ........... გამზირი) ¹31/81-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა, რომელიც მის სახელზე ირიცხებოდა 1993 წლიდან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საქმეში დაცულია “სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ” დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის 27.01.05წ. დადგენილება, რომლითაც დადგენილად არის ცნობილი, რომ პ. ო-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სამსახურებრივი გულგრილობა, მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მოქალაქე ნ. ხ-ის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. პ. ო-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა სისხლისამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველია. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ქმნის პირის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს. აღნიშნული დადგენილებით დასტურდება პ. ო-ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ზემოაღნიშნულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, რაც ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კარშირის დადგენისათვის საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 01.06.2000წ. განაჩენით რ. რ-ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა. ამავე განჩინებით გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული განჩინების მიღების მომდევნო დღეს, 02.06.2000წ. რ. რ-ემ გაასხვისა მის სახელზე რიცხული ქ. ქუთაისში, ............. (ყოფილი .......... გამზირი) ¹31/81-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს გამომძიებლის მიერ რ. რ-ის სახელზე რიცხული ბინის დაყადაღების შემთხვევაში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 01.06.2000წ. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ შეძლებდა თუ არა რ. რ-ე აღნიშნული ბინის გასხვისებას, რამაც ფაქტობრივად ზიანი მიაყენა რ. ხ-ის კანონიერ ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სარჩელის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად, თუ ასეთი სარჩელი განცხადებული იქნება, გააგრძელოს ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 30 დღით. განსახილველ შემთხვევაში დადგენას საჭიროებს ჰქონდა თუ არა რ. ხ-ს ინფორმაცია სარჩელის უზრუნველსაყოფი ქონების არსებობის თაობაზე. ვინაიდან სკ-ის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტური ვალდებულებისათვის დადგენილია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა განსახილველი დავის კანონიერი გადაწყვეტისათვის სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე. საქმის ხელახალი განხილვისას გარკვევას საჭიროებს მიუთითა თუ არა სამოქალაქო მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას აღძრულ სარჩელში მოპასუხის მისამართი, კერძოდ რ. რ-ის სახელზე რიცხული ბინა და მოითხოვა თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის რომ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.07წ. განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.