ბს-252-240(კ-06) 20 მარტი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები _ აჭარის ა/რ-ის მთავრობა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი
მესამე პირი _ ბათუმის საგადასახადო ინსპექცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 28 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. გ-მ მოპასუხე ქ. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურისა და გაწეული ხარჯების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მ. გ-ე 1998 წლიდან აჭარის ა/რ-ის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციაში მუშაობდა ...ის თანამდებობაზე, ხოლო 2000 წლის 23 თებერვლიდან ქ. ბათუმის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციაში _ სოცგადასახადების განყოფილების ...ედ. 2004 წლის 1 ივნისს მოსარჩელემ მიიღო აჭარის ა/რ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის ¹320 შეტყობინება ქ. ბათუმის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2004 წლის 30 ივნისიდან ითვლებოდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულად, თუმცა ოფიციალური ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ ჩაჰბარებია. 2004 წლის ივნისიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 19 მაისის ¹336 ბრძანებისა და ,,აჭარის ა/რ საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ" აჭარის ა/რ-ის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების საფუძველზე ჩამოყალიბდა ქ. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექცია 95 საშტატო ერთეულით, რომლებზეც თანამშრომლები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ქ. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიწერილობის საფუძველზე. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა მისი განათლება, პროფესიონალიზმი, სტაჟი, კარგი მუშაობისათვის არაერთხელ მიღებული მადლობები და გაათავისუფლა სამსახურიდან. მოსარჩელემ მოითხოვა კანონით მინიჭებულ უფლებებში აღდგენა (ს.ფ. 1-3).
ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა ყოველგვარი წესების დაცვით, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ერთი თვით ადრე ეცნობა დაწესებულების ლიკვიდაციისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საგადასახადო ინსპექციაში საშტატო განრიგი შემცირდა 27 ერთეულით. ამდენად, აღარ არსებობდა შესათავაზებელი თანამდებობა, რის გამოც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ს.ფ. 25-26).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა აჭარის ა/რ-ის მთავრობა, თანამოპასუხედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო მესამე პირად _ ბათუმის საგადასახადო ინსპექცია (ს.ფ. 38).
2004 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელე გ. გ-მ კვლავ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 9 აგვისტოს ¹93 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება რეორგანიზაციამდე დაწესებული ტარიფის შესაბამისად (ს.ფ. 42-43).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. გ-ე აჭარის ა/რ-ის საგადასახადო სისტემაში მუშაობდა 1998 წლიდან. იგი დათხოვნილ იქნა სამუშაოდან აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 9 აგვისტოს ¹93 ბრძანებით. 2004 წლის 1 ივნისს მოსარჩელეს სათანადო წესით გადაეცა აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის ¹320 შეტყობინება ქ. ბათუმის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომლის ძალითაც იგი 2004 წლის 30 ივლისიდან ითვლებოდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულად. სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამუშაოდან დაწესებულების შტატების შემცირებისას. ამავე კანონის 108-ე მუხლი ადგენდა, რომ მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების ან სხვა მიზეზით სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში შტატების შემცირება და რეორგანიზაცია მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 19 მაისის ¹336 ბრძანებისა და აჭარის ა/რ-ის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების შესაბამისად. აჭარის ა/რ-ის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი და მასში შემავალი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები. ამავე დადგენილებით “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ-ის უზენაესი საბჭოს 1999 წლის 7 მაისის ¹225 დადგენილება. “აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ა/რ-ის 2004 წლის 30 ივნისის კანონის თანახმად, გაუქმდა “აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს შესახებ” კანონი და ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ცალკეული სამთავრობო დაწესებულებების ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. გ-ე სამუშაოდან დათხოვნილ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მისი სამუშაოზე აღდგენის საფუძველი (ს.ფ. 83-84).
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 86-87).
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ-ის მთავრობის 2004 წლის 9 აგვისტოს ბრძანება მ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, იგი აღდგენილ იქნა ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში უფროსი ...ის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ამ გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (ს.ფ. 121-128).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 193-194; 201-202).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 205-206).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება მ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 215-221).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 6 მაისიდან აჭარის ა/რ-ში გამოცხადდა არაპირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა და გაუქმდა ადრე მოქმედი სახელმწიფო და მმართველობითი ორგანოები. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ა/რ-ის მთავრობამ 2004 წლის 9 აგვისტოს მიიღო ¹93 ბრძანება აჭარის ა/რ-ის საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი საგადასახადო ინსპექციების საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლების შესახებ, მათ შორის, დაითხოვეს მ. გ-ეც. როგორც სარჩელში იყო აღნიშნული, იგი გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამით დაცულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა დაწესებულების ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაში განხორციელდა არა რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია. მოქმედი კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებდა ლიკვიდირებული დაწესებულების ადგილზე შექმნილ უწყებაში მუშაკის თანამდებობაზე აღდგენას, რადგან, ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ახალ დაწესებულებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ბრძანების უკანონოდ ცნობისა და შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენის საფუძველს (ს.ფ. 246-249).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებები რეალურად რეორგანიზაციას წარმოადგენდა თუ ლიკვიდაციას. მისი მოსაზრებით, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს დადგენილება სინამდვილეში ასახავდა სტრუქტურულ რეორგანიზაციას. ამაზე დადგენილების სახელწოდებაც მიანიშნებდა. აღნიშნული რეორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექცია 95 საშტატო ერთეულით, სადაც თანამდებობებზე დაინიშნენ დეპარტამენტისა და ინსპექციის მუშაკები, ადმინისტრაციის მიერ სამუშაოზე მიღებულ იქნა 17 ახალი მუშაკიც. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2004 წლის 31 მაისის ¹320 შეტყობინება მიღებულია იმ დროს, როცა აღნიშნულ სამინისტროს იურიდიული სტატუსი აღარ გააჩნდა, რადგან 2004 წლის 18 მაისს იგი შევიდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში (ს.ფ. 258-260).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმის გარემოებები, არ არის დადგენილი შესაბამისი ფაქტები, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
დადგენილია, რომ აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელე მ. გ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე, აჭარის ა/რ-ის საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტისა და მის სისტემაში შემავალი ქ. ბათუმისა და რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების ლიკვიდაციის მოტივით. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილება, რომლითაც აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მოქმედმა საგადასახადო ორგანოებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2004 წლის 1 ივნისიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეფასებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ-ის საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო და აჭარის ა/რ-ის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა სარეორგანიზაციო-სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შეფასების გზით არასწორად განმარტა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაციის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილების შინაარსი, სადაც საუბარია აჭარის ა/რ-ის საგადახადო ორგანოების რეორგანიზაციაზე და არა ლიკვიდაციაზე. რამდენადაც სამართლებრივად რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სრულიად სხვადასხვა მოვლენებია, ამდენად, ტერმინი “რეორგანიზაციის” ზემოაღნიშნულ დადგენილებაში გამოყენება არ შეიძლება გაგებულ იქნეს ლიკვიდაციის შინაარსობრივი დატვირთვით. ამასთან, ის გარემოება, რომ დადგენილებაში ასევე საუბარია აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეწყვიტაზე, არ გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტას ლიკვიდაციის გზით. დაწესებულებამ საქმიანობა შეიძლება შეწყვიტოს რეორგანიზაციის შემთხვევაშიც, იმ განსხვავებით, რომ ამ დროს ადგილი აქვს უფლებამონაცვლეობას _ იმ დაწესებულების უფლებები და მოვალეობები, რომლის საქმიანობაც შეწყდა, გადაეცემა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ, მის უფლებამონაცვლე დაწესებულებას.
საგულისხმოა ასევე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს 2004 წლის 29 მაისის ¹22 დადგენილებით აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე მოქმედმა საგადასახადო ორგანოებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2004 წლის 1 ივნისიდან, ხოლო მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 2004 წლის 9 აგვისტოს აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით. 2004 წლის 1 ივნისადან 9 აგვისტომდე პერიოდში მოსარჩელე, ისევე როგორც მანამდე, წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოს საჯარო მოხელეს, რაც საგადასახადო ორგანოს ლიკვიდაციის შემთხვევაში დაუშვებელი იქნებოდა.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში სადავო ბრძანების კანონიერება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) იმ ნორმებთან მიმართებაში, რომლებიც დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს აწესრიგებს. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა/რ-ის საგადასახადო ორგანოებში რეორგანიზაცია განხორციელდა თუ არა შტატების შემცირებით, შემცირდა თუ არა მოსარჩელის შტატი და გამოირიცხებოდა თუ არა მოსარჩელის მისივე საშტატო ერთეულზე დანიშვნის ან მისთვის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, კონკრეტულად, რა თანამდებობაზე მუშაობდა მოსარჩელე, რამდენადაც საქმის მასალები ამ მხრივ ურთიერთგამომრიცხავია: ერთ შემთხვევაში დგინდება, რომ მოსარჩელე მუშაობდა ქ. ბათუმის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის სოციალური გადასახადების განყოფილების უფროსად (ს.ფ.5), ხოლო მეორე შემთხვევაში _ უფროს ...ად, რამდენადაც აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელე მ. გ-ე გათავისუფლებულია უფროსი ...ის თანამდებობიდან (ს.ფ.28).
იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით და, მათ შორის, შემცირდა მოსარჩელის შტატი, უნდა გამოიკვლიოს, მოხდა თუ არა მოსარჩელესთან მიმართებაში სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხის გამორკვევა (იმ პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი), მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება (“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და ხომ არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და დღეისათვის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მოსარჩელის საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის, 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.