Facebook Twitter

ბს-254-240(კ-07) 18 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ლენტეხის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ კ. ო-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 14 იანვარს კ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ლენტეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლენტეხის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა 2005 წლის აპრილ-მაისის სტიქიური მოვლენების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ 2005 წლის აპრილ- მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად მთლიანად დაიმეწყრა და განადგურდა კ. ო-ის საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, სახნავ-სათესი და საძოვრები. მოსარჩელემ განცხადებებით მიმართა ლენტეხის რაიონის გამგეობასა და ჟახუნდრის საკრებულოს კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით და მიუთითა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის ¹190 განკარგულებაზე, რომლითაც სტიქიური უბედურების შედეგად სახლ-კარ დანგრეული ოჯახებისათვის კომპენსაციის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით, თუმცა უშედეგოდ.

მოსარჩელის განმარტებით, ჟახუნდრის საკრებულოს 2005 წლის 10 ივნისის კომისიური წესით შედგენილი აქტის მიხედვით, ადგილზე შემოწმებით დადასტურდა, რომ კ. ო-ის საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, სახნავ-სათესი და საძოვრები მეწყერისაგან იყო დაფარული და ჩამარხული. დაბა ლენტეხის საკრებულოს მიერ გაცემული 2005 წლის 17 ივლისის ცნობით დასტურდებოდა სოფელ ...ში კ. ო-ის სახლ-კარის მთლიანად განადგურება, რის გამოც მისი ოჯახი დროებით შეკედლებული იყო სიდედრის ბინაში, რადგან სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდათ, ხოლო ჟახუნდრის საკრებულოს მიერ 2005 წელს გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ იგი ნამდვილად ცხოვრობდა სოფელ ...ში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დაბა ლენტეხის რაიონის გამგეობისათვის მის სასარგებლოდ ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლენტეხის რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე მხარისათვის ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, რომელიც შეადგენდა იმ საკომპენსაციო თანხას, რაც გადაეცათ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს.

ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით ლენტეხის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის აპრილში სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურდა კ. ო-ის სახლ-კარი. აღნიშნულის დადასტურება შესაძლებელი იყო შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის ¹190 განკარგულების მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5000 ლარის გადაცემა. ხსენებული თანხა უნდა გაცემულიყო ადგილობრივი ორგანოდან შესაბამისი დოკუმენტების წარდგენისას, მაგრამ დახმარების ასეთი ფორმა კ. ო-ის მიმართ არ განხორციელებულა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება ლენტეხის რაიონის გამგეობისაგან.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ლენტეხის რაიონის გამგეობა უარს აცხადებდა დახმარების გაცემაზე, რადგან კ. ო-ს მიგრაციის რეგიონში გამოყოფილი ჰქონდა სახლი, მაგრამ ირკვეოდა, რომ აღნიშნული სახლი გამოყოფილი იყო 1987 წელს სვანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო და ეკუთვნოდა არა კ. ო-ს, არამედ მის მამას _ ვ. ო-ს, მთავრობის ზემოხსენებული დადგენილება კი ეხებოდა 2005 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ კ. ო-ი ცხოვრობდა ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში და არა მიგრაციის რეგიონში. მიგრაციის რეგიონის ცნობით დადასტურებული იყო, რომ ¹78 სამოსახლო ნაკვეთი გამოყოფილი იყო კ. ო-ის მამის _ ვ. ო-ის სახელზე, ხოლო იქ არსებულ სახლში ცხოვრობდა ვ. ო-ის მეორე შვილი _ ვი. ო-ი თავისი ოჯახით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ო-ი მიეკუთვნებოდა უსახლკაროდ დარჩენილ პირთა კატეგორიას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის ¹190 განკარგულება ეხება მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ, ხოლო კ. ო-ს, დამეწყრილი საცხოვრებელი სახლის გარდა, კიდევ ორი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჰქონდა, ამასთან, 2005 წელს კ. ო-ი სოფელ ...ში საერთოდ არ ცხოვრობდა, რადგან 1987 წელს სოფელ ...ში მცხოვრები ყველა მოსახლე დაექვემდებარა მდგრად ადგილზე გადაყვანას, ვინაიდან შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტერიტორია საშიში იყო საცხოვრებლად და ამ მიზეზის გამო, იმჟამინდელი სახალხო დეპუტატთა ლენტეხის რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით სოფელ ...ში მცხოვრები ყველა მოსახლე, მათ შორის, კ. ო-ი და მისი ოჯახიც ჩასახლებულ იქნა საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

კასატორის მტკიცებით, კ. ო-ზე საკომპენსაციო თანხის გაცემა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ნებაყოფლობით ჩააბარებდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჭ...ში მისთვის გადაცემულ საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ხოლო სოფელ ...ში მისი მამაპაპისეული სახლი გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ლენტეხის რაიონის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, საცხოვრებლად ვარგისად იქნებოდა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლენტეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 6 ივნისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის განჩინებით ლენტეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 18 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ლენტეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კ. ო-ი დაბადებულია 1939 წელს (ს.ფ. 3). ჟახუნდრის თემის საკრებულოს 2005 წლის 26 აგვისტოს ცნობა-აქტის მიხედვით, 2005 წლის აპრილ-მაისის სტიქიური მოვლენების შედეგად კ. ო-ის საცხოვრებელი სახლი დაინგრა (ს.ფ. 4). ჟახუნდრის თემის საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრებისგან შედგარი კომისიის აქტის მიხედვით, კ. ო-ის საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, სახნავ-სათესი და საძოვრები მთლიანად მეწყერმა დაფარა და ჩამარხა, რაც გამოიწვია 2005 წლის აპრილ-მაისის სტიქიურმა მოვლენებმა (ს.ფ. 5). ჟახუნდრის თემის საკრებულოს გამგებლის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კ. ო-ი ნამდვილად ცხოვრობს ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში (ს.ფ. 6). დაბა ლენტეხის საკრებულოს 2005 წლის 13 ივლისის ცნობის თანახმად, კ. ო-ი ნამდვილად ცხოვრობდა დაბა ლენტეხში სიდედრის ბინაში და იმჟამად მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა, ვინაიდან სტიქიურმა მოვლენებმა მას სახლი მთლიანად დაუნგრია სოფელ ...ში (ს.ფ. 8). სსიპ “ს...ს” ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, 2005 წლის 28 აპრილს მეწყერმა დაანგრია და მთლიანად წალეკა კ. ო-ის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი (ს.ფ. 11-12). მიგრაციის რეგიონისათვის კითხვარის მიხედვით, ვ. ო-ის ოჯახი შედგება შემდეგი პირებისაგან: ა. ლ-ე (მეუღლე), კ. ო-ი (შვილი), ჩ. და ლ. ო-ები (შვილიშვილები) და გ. ზ-ი (რძალი), ხოლო ვ. ო-ის ოჯახი დაზარალდა 1987 წელს სვანეთში მომხდარი სტიქიის გამო (ს.ფ. 34). ვ. ო-ის ოჯახი მიგრირებულია სოფელ ...იდან, ხოლო სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ბინაში ცხოვრობს ვი. ო-ი (ს.ფ. 31-32).

კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კ. ო-ი არ არის უსახლკარო და მასზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის ¹190 განკარგულება. იგი შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ, ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ კ. ო-ს, დამეწყრილი საცხოვრებელი სახლის გარდა, აქვს კიდევ ორი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. 1987 წელს სოფელ ...ში მცხოვრები ყველა მოსახლე დაექვემდებარა მდგრად ადგილზე გადაყვანას, ვინაიდან შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტერიტორია საშიში იყო საცხოვრებლად და ამ მიზეზის გამო, იმჟამინდელი სახალხო დაპუტატთა ლენტეხის რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით სოფელ ...ში მცხოვრები ყველა მოსახლე, მათ შორის, კ. ო-ი და მისი ოჯახიც ჩასახლებულ იქნა საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ, როგორც კასატორი მიუთითებს, თუ კ. ო-ი ნებაყოფლობით ჩააბარებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჭ...ში მისთვის გადაცემულ საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მასზე საკომპენსაციო თანხის გაცემა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოცემულ საქმეზე ძირითადი მტკიცებულება _ 1987 წელს სვანეთში მომხდარი სტიქიის გამო, ვ. (მამა) და კ. ო-ების ოჯახის მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენა მისი სარჩელის საფუძვლიანობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის ¹190 განკარგულების მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5000 ლარის გადაცემა. აღნიშნულ განკარგულებაში მითითებულია, რომ იგი შეეხება ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელი სახლების დანგრევის გამო, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევას. ამდენად, ხსენებული განკარგულება ითვალისწინებდა გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას 2005 წლის აპრილ-მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიაკუთვნა კ. ო-ი უსახლკაროდ დარჩენილ პირთა კატეგორიას, რომ არ უმსჯელია 1987 წელს სვანეთიდან ვ. და კ. ო-ების ოჯახის მიგრაციის შედეგად მათთვის საცხოვრებელი სახლის გამოყოფის ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი კ. ო-ისათვის ზიანის მიყენების შესახებ ჟახუნდრის თემის საკრებულოს ცნობები ვერ გამორიცხავს 1987 წელს სვანეთში მომხდარი სტიქიის გამო, ვ. და კ. ო-ების ოჯახის მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, რის გამოც მის მიერ ლენტეხის რაიონის გამგეობისაგან ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა საჭიროებს დეტალურად გარკვევას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი იყო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იმავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი _ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, ყოველმხრივ და ობიექტურად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლენტეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლენტეხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.