Facebook Twitter

¹ბს-254-248(კ-08) 22 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

29.08.05წ. ი/მ “....” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსის 12.08.05წ. ¹25/3158 საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად დაერიცხა 1 596 700.39 ლარის გადახდა. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. საგადასახადო მოთხოვნაში არ იქნა მითითებული მისი წარდგენის საფუძველი. გაურკვეველია, ვის მიერ იქნა საგადასახადო აქტი ხელმოწერილი. მასზე არ არის მითითებული საგადასახადო ინსპექციის უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერის დრო და წელი. “საგადასახადო მოთხოვნას” საფუძვლად დაედო 30.06.05წ. ქ. ქუთაისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების ინსპექტორების მიერ შედგენილი ი/მ “....” ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლითი საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული აქტი გადაეგზავნა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს და აღიძრა სისხლის სამართლის ¹92051055 საქმე. გამოძიების მიერ დაინიშნა ექსპერტიზა. ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის 25.08.05წ. ექსპერტიზის დასკვნით, ი/მ “....” მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 4123 ლარს, მათ შორისაა სოციალური გადასახადები 2524 ლარი და საშემოსავლო გადასახადი 1599 ლარი. ი/მ “....” მიმართ 26.08.05წ. გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ხოლო 28.08.05წ. ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ. ბ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა სამი თვის ვადით. მოსარჩელის განმარტებით, ი/მ “....” მიმართ მიმდინარეობს გამოძიება და არ არის დადგენილი ნამდვილად იქნა თუ არა მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული რაიმე ზიანი, მითუმეტეს, 1 596 700,39 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ბრალდება გამოძიების მიერ 4123 ლარის ოდენობით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე წარედგინა. გამოძიების მიერ ასევე დანიშნული იქნა დამატებითი სასამართლო ექსპერტიზა და ჯერ არ იყო ცნობილი ექსპერტიზის შედეგები. 12.08.05წ. ¹25/3158 საგადასახადო მოთხოვნა გამოტანილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის I ნაწილის და მეორე ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ასევე საგადასახადო კოდექსის 80.4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.06წ. გადაწყვეტილებით ი/მ “....” სარჩელი აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 12.08.05წ. ¹25/3158 საგადასახადო მოთხოვნა და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 30.07.05წ. ი/მ “....” ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გასვლით საგადასახადო შემოწმებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მოთხოვნა. გამოვლენილი დარღვევების გამო მოსარჩელე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო შემოწმების აქტი საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს _ საგადასახადო მოთხოვნას. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული, თუ იყო დაკავშირებული საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული გადასახადის ძირითადი თანხის, ჯარიმისა და საურავის დარიცხვის გამომწვევი საგადასახადო ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი გარემოებები იმ საგადასახადო ვალდებულებათა ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელიც გამოკვლეული იქნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 17.10.05წ. განაჩენით. მითითებული განაჩენით, რომელიც დაეყრდნო ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ¹545 და ¹638 დასკვნებს, დადგენილ იქნა, რომ მ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 10 000 ლარის ოდენობით ზიანი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციამ და ახალი გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.07წ. განჩინებით მოცემულ საქმეში აპელანტის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო მესამე პირის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. პალატამ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა.

კასატორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების დეტალური გამოკვლევა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების მიცემა. არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელოვანი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ასეთი ინტერესის არსებობა სასამართლოს არ დაუდგენია, შესაბამისად იგი ვალდებული იყო თვითონ გამოეკვლია გასაჩივრებული აქტის სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. 12.08.05წ. ¹25/3158 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, ორი თვით ადრე, ადმინისტრაციული ორგანო ვერ გაითვალისწინებდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 17.10.05წ. განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმე უნდა განხილულიყო არსებითად, საგადასახადო ვალდებულებათა ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებით. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.