ბს-255-241(კ-07) 26 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ს-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ ერთდროული დახმარების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 16 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ს-მ მოპასუხე აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. 2004 წლის 21 მაისიდან 2005 წლის 22 აპრილამდე პერიოდში განაცდური ხელფასის ანაზღაურება და ახალი ხელფასის გათვალისწინებით ფულადი ატესტატის გაცემა;
ბ. პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის გაცემა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 21 მაისის ¹90პ/შ ბრძანებით, ნ. ს-ე აღდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში დასასაქმებლად, თუმცა მისი არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ დაუსაქმებიათ. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ¹108პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე 2004 წლის 21 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნა კადრების განკარგულებიდან განსაზღვრული ასაკის მიღწევისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, რა დროსაც მიეცა ფულადი ატესტატი ძველი ხელფასით, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა (ს.ფ. 1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ნ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის 21 მაისიდან 2005 წლის 22 აპრილამდე გაზრდილი ხელფასისა და პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. ს-ე მუშაობდა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში, რის გამოც ადმინისტრაცია ვალდებული იყო მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა მიუღებელი ხელფასი მისი მუშაობის პერიოდში. სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ნ. ს-ე შრომის წიგნაკისა და საბოლოო ანგარიშსწორების მისაღებად დაიბარეს 2005 წლის 22 აპრილის ბრძანების საფუძველზე, იმაზე მეტყველებდა, რომ იგი აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამმართველოში. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ს-ე სამსახურიდან გათავისუფლდა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წლის 22 აპრილს და მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებული იყო 2004 წლის 21 მაისიდან, ანუ მისი დანიშვნის დღიდან გადაეხადა ხელფასი იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საშტატო განრიგით, მოსარჩელეს ასევე უნდა მისცემოდა კომპენსაცია პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით (ს.ფ. 21-23).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მათი განმარტებები იმის შესახებ, რომ პირი შინაგან საქმეთა ორგანოს მოსამსახურედ ითვლებოდა მხოლოდ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე. სწორედ ამ პერიოდში ეძლეოდა მას შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), კადრების განკარგულებაში ყოფნისას კი პირს მხოლოდ 4 თვის განმავლობაში ეძლეოდა კანონით გათვალისწინებული ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ის გარემოება დადგენილად, რომ ნ. ს-ე აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოში მუშაობდა 2004 წლის 21 მაისიდან 2005 წლის 22 აპრილამდე, მაშინ როცა დათხოვნის ბრძანებაში გარკვევით იყო მითითებული, რომ 2004 წლის 21 მაისიდან 2004 წლის 21 სექტემბრამდე ნ. ს-ე იმყოფებოდა კადრების განყოფილების განკარგულებაში.
აპელანტი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ნ. ს-ის მოთხოვნას მიუღებელი ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, რადგან მოსარჩელეს 1998 წლის 14 სექტემბრის შემდეგ არ უმუშავია, ხოლო საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹121 დადგენილებით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებზე დანამატების, კომპენსაციებისა და სხვა სოციალური შეღავათების გაცემა (ს.ფ. 29-30).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და ახალი ხელფასის გათვალისწინებით ფულადი ატესტატის გაცემის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ნ. ს-ის სასარგებლოდ პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით კომპენსაციის გადახდის, საკომპენსაციო ფულადი ატესტატისა და ატესტაციაში გაცემის დღისთვის არსებული თანამდებობრივი სარგოს შეტანის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ბრძანებაში 2004 წლის 21 სექტემბრიდან ნ. ს-ის თადარიგში დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების მე-60 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ასაკის მიღწევა. ნ. ს-ის სამუშაოდან დათხოვნის პერიოდში მოქმედებდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 75-ე მუხლი, რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარება უკანასკნელი ათი თვის ხელფასის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ს-ე წარმოადგენდა “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლით გათვალიწინებული სოციალური შეღავათის მქონე პირს და მისი სარჩელი კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 114-117).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც ნ. ს-ზე კომპენსაციის ანაზღაურება განისაზღვრება 10 თვის ხელფასის ნაცვლად 4 თვის ხელფასის ოდენობით და აღნიშნული კომპენსაციის გაცემა განხორციელდება 2008 წლის 1 იანვრიდან.
კასატორის განმარტებით, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლი სამსახურიდან პენსიის მიღების უფლებით დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლისათვის ითვალისწინებდა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასის გაცემას. აღნიშნულ ნორმაში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად პენსიის მიღების უფლებით დათხოვნილ თანამშრომელს 10 თვის გასასვლელი კომპენსაციის ნაცვლად უნდა აუნაზღაურდეს 4 თვის კომპენსაცია. მითითებული 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებით 2006 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებით აღნიშნული მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვარი, ხოლო 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულებით _ 2008 წლის 1 იანვარი (ს.ფ. 126-127).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის 2005 წლის 22 აპრილის ¹108პ/შ ბრძანებით ნ. ს-ე, კადრების განკარგულებაში მყოფი 2004 წლის 21 მაისიდან 21 სექტემბრამდე, დათხოვნილ იქნა საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2004 წლის 21 სექტემბრიდან, პენსიის მიღების უფლებით. აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იმ გარემოებას, რომ ნ. ს-ე სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის წარმოადგენდა “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათის მქონე პირს, სადავოდ არ ხდის კასატორი. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული საკომპენსაციო თანხის ოდენობას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ მოსარჩელის დათხოვნის მდგომარეობით _ 2004 წლის 21 სექტემბრისათვის “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულების საფუძველზე უკვე მოქმედებდა შეცვლილი რედაქციით და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული იყო ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 4 თვის ხელფასის ანაზღაურება. ამდენად, მოსარჩელეს პენსიის მიღების უფლებით სამსახურიდან დათხოვნის გამო ერთდროული დახმარების სახით უნდა ანაზღაურებოდა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი.
საკასაციო სასამართლოს არ იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულების მოთხოვნიდან გამომდინარე, ნ. ს-ის მიმართ კომპენსაციის გაცემა უნდა შეჩერდეს 2008 წლის 1 იანვრამდე. მართალია, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებით 2006 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებით აღნიშნული მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვარი, ხოლო 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულებით _ 2008 წლის 1 იანვარი, მაგრამ ნ. ს-ის დათხოვნის მდგომარეობით _ 2004 წლის 21 სექტემბერს _ მითითებული 75-ე მუხლი წარმოადგენდა მოქმედ ნორმას და მისი შემდგომი შეჩერება მოსარჩელის მიმართ გავლენას ვერ იქონიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც ნ. ს-ის სარჩელი კომპენსაციის გაცემის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს უნდა დაევალოს ნ. ს-სათვის უკანასკნელი 4 თვის ხელფასის ოდენობით ერთდროული დახმარების გაცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ს-ის სარჩელი ერთდროული დახმარების გაცემის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. აჭარის ა/რ-ის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს დაევალოს ნ. ს-სათვის უკანასკნელი ოთხი თვის ხელფასის ოდენობით ერთდროული დახმარების გაცემა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.