ბს-256-250(კ-08) 5 ივნისი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ღ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ღ.-მ 2006 წლის 18 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ზარალის, კერძოდ, 100000 (ასი ათასი) დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარში ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
სპს სამეცნიერო ცენტრ “...-ს”, 2002 წელს 379 კვ.მ ფართის ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ...-ის ქ. ¹7/2ა, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, დადებული ჰქონდა ყადაღა. სპს "...-ს" 2002 წლისათვის არანაირი საგადასახადო დავალიანება არ გააჩნდა, სპს-ს ქონებას შეცდომით დაედო ყადაღა სულ სხვა ორგანიზაციის დავალიანების გამო. მიუხედავად არაერთი მიმართვისა საგადასახადო ინსპექციამ შეცდომით დადებული ყადაღა არ მოხსნა და იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით იქნა მოხსნილი. მოსარჩელე თვლის, რომ ამით შეილახა მისი უფლებები და მიადგა ზარალი, რადგან ვერ გაიმარჯვა ტენდერში, ვერ მიიღო გრანტი და შელახული იქნა მისი რეპუტაცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ღ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2002 წლის 2 აპრილისა და 2 ივლისის განცხადებების საფუძველზე სპს ,,...-ს" ქონებაზე განხორციელებული იქნა იპოთეკისა და გირავნობის უფლებები და ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში ...-ის ქ. ¹7/2ა-ში მდებარე სპს სამეცნიერო ცენტრ ,,...-ს" 379 კვ.მ ფართის უძრავ ქონებას. სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ აღნიშნული ყადაღა დადებული იქნა შეცდომით, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მოიხსნა და მითითებული ქონება გათავისუფლდა უკანონოდ დარეგისტრირებული უფლებისაგან.'
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა საქმიანი რეპუტაციის შელახვის საფუძველზე, თუმცა საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტს, ისევე როგორც ზიანის მიყენებას, ვერ ადასტურებს. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1008-ე მუხლი და მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქონებაზე ყადაღის არსებობა შეიტყო 2002 წელს, ამიტომ მან გაუშვა მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ღ.-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ბ. ღ.-ის შვილი გ. ღ.-ე, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა აპელანტის გარდაცვალების მოწმობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა და სააპელაციო პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებით შეაჩერა ბ. ღ.-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე განახლდა წარმოება და ბ. ღ.-ის უფლებამონაცვლედ ჩაება მისი შვილი გ. ღ.-ე, რომელმაც მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არ არის უტყუარად დადგენილი, რომ 2004 წლამდე აპელანტისათვის ოფიციალურად ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო ცნობილი ზემოაღნიშნული უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო განცხადების და სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან, ასევე საქმის სააპელაციო წესით განხილვისას გ. ღ.-გან მიღებული ახსნა-განმარტებებით ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელისათვის რაიმე მორალური და ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასარჩელო განცხადება არ არის ხანდაზმული, ამიტომ ამ სასამართლოს უნდა გაეუქმებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიეღო ახალი გადაწყვეტილება (განჩინება); ამის მიუხედავად სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე1" ქვეპუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში არასწორად მიუთითა ის გარემოება, რომ გ. ღ.-მ ვერ დაადასტურა მორალური და ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, უდავოდაა დადგენილი, რომ საგადასახადო ინსპექციამ მოსარჩელის მიმართ განახორციელა უკანონო მოქმედება, რისთვისაც კანონის თანახმად ეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მან 2004 წელს შეიტყო, უძრავ ქონებას ყადაღა ფარულად რომ ჰქონდა დადებული. ყადაღის დადების შედეგად კი მას შეეზღუდა ისეთი უფლებები, როგორიცაა უძრავი ქონების გაყიდვის, გაქირავების, დაგირავების, იპოთეკის, თხოვების, პროდუქციის რეალიზაციის, საგრანტო განაცხადებში მონაწილეობის მიღების; ასევე ინვესტორთან ვერ გააფორმა ხელშეკრულება, ბანკიდან ვერ შეძლო სესხის აღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.