Facebook Twitter

ბს-258-252(კ-08) 5 ივნისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 2 აგვისტოს ც. ჭ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ოთხსულიან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹...-ში. 1989 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დანგრევისა და იმავე ადგილზე 36-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ასახლებაში მოყოლილი ოჯახებისათვის მშენებარე სახლში საცხოვრებელი ბინების მიღებაზე გარანტიის მიცემის შესახებ. მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ სახლის მობინადრეები გადადიოდნენ დროებით საცხოვრებელ სადგომებში, ხოლო მშენებლობის დამთავრებისას მათ მიეცემოდათ ბინები სულადობის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე სახლმმართველობის კუთვნილ სახლში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სულადობის მიხედვით მიეცა გარანტია იმავე ადგილზე მშენებარე ცხრასართულიან, 36-ბინიან სახლში საცხოვრებელი ბინის მიღების შესახებ. ც. ჭ.-ის ოჯახი შედგებოდა 4 წევრისაგან. ამდენად, მოსარჩელეს მიეცეს გარანტია 3-ოთახიანი ბინის მიღების შესახებ. მოცემული გარანტიის შესრულების მოთხოვნით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს, თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის მის წინაშე ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ, ქ. ზესტაფონში მისი 3-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების დაკისრება მოითხოვა.

მოგვიანებით, მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოპასუხეებისათვის ქ. ზესტაფონში მისი 3-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების ან 3-ოთახიანი ბინის ღირებულების დაკისრება მოითხოვა.

რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებისათვის საცხოვრებელი ბინის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის _ 20 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. ჭ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს მოსარჩელის სასარგებლოდ სამოთახიანი ბინის საბაზრო ღირებულების _ 20 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. სახლი სახლმმართველობის ბალანსზე იმყოფებოდა. აღნიშნულ სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს მიეცათ გრანტია, რომ ისინი ბინებს მიიღებენ ცხრასართულიან, 36-ბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც უნდა აშენებულიყო იმავე ადგილზე. ამორტიზებული საცხოვრებელი სახლის მობინადრე იყო ც. ჭ.-ის ოთხსულიანი ოჯახიც. აღმასკომის გადაწყვეტილებით გაიცა გარანტია ც. ჭ.-ის კეთილმოწყობილი ბინით უზრუნველყოფის შესახებ, რაც არ შესრულებულა. მშენებლობა 1990 წელს დაფინანსების შეწყვეტის გამო დაკონსერვდა, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩნენ ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე ამორტიზებულ ბინაში მცხოვრები მოქალაქეები, მათ შორის _ ც. ჭ.-ის ოჯახიც.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მოსაზრება, რომ მათ მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებიათ, რადგან ხელშეკრულების მხარედ არ გამოდიოდნენ, ამდენად მათზე ვალდებულების დაკისრება არ მომხდარა. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეების მოსაზრება, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო და, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი იყო სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომლის მიერაც ხდებოდა სახელმწიფო საშინაო ვალის დადგენა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი 1989 წელს მოჰყვა ასახლებაში. იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 104-ე, 106-ე, 108-ე მუხლების თანახმად, თუ სახლს ჩამოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, მობინადრეებს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით უნდა მისცემოდათ სხვა კეთილმოწყობილი სადგომი იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის კეთილმოწყობილი ბინის გადაცემის ვალდებულება წარმოეშვა მათი სახლის დანგრევისთანავე. სამოქალაქო კოდექსის ნორმები ითვალისწინებდა ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას და პასუხისმგებლობას ვალდებულებათა დარღვევისათვის, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. თავდაპირველად, ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომმა, შემდეგ მისმა სამართალმემკვიდრეებმა _ ზესტაფონის რაიონის გამგეობამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ არ დააკმაყოფილეს მოსარჩელე საცხოვრებელი ბინით, რის გამოც მოსარჩელის ოჯახმა განიცადა ზიანი, რაც გამოიხატა იმ საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივ დაკარგვაში, რომელშიც ცხოვრობდნენ.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არაჯეროვნად ან არ შეასრულებდა ვალდებულებას, იგი მოვალე იყო კრედიტორისთვის აენაზღაურებინა ამით მიყენებული ზიანი. ზარალად ითვლებოდა კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯები, მისი ქონების დაკარგვა ან გაფუჭება, აგრეთვე შემოსავალი, რომელიც არ მიუღია და რასაც იგი მიიღებდა, თუკი მოვალე ვალდებულებას შეასრულებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად და დაწესებულ ვადაში, ხოლო იმავე კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ცალმხრივი უარი ვალდებულების შესრულებაზე და ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეცვლა არ დაიშვებოდა. მოცემულ შემთხვევაში კი გარიგების ერთ-ერთმა მხარემ _ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომმა, ხოლო შემდეგ მისმა სამართალმემკვიდრეებმა უარი თქვეს ვალდებულების შესრულებაზე, რაც დაუშვებელი იყო.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონი არ აწესრიგებდა იმ ურთიერთობას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წარმოქმნილი იყო მხარეთა შორის. ასევე სარჩელი არ იყო ხანდაზმული, რადგან მხარეთა შორის გარიგება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით. ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე ბინით უნდა დაკმაყოფილებულიყო მშენებლობის დამთავრების შემდეგ. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, რაც მოპასუხეებმა არ შეასრულეს. ამდენად, ვინაიდან მოპასუხეების მხრიდან გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მოსარჩელის სამოთახიანი ბინით დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო, ამიტომ მათთვის აღნიშნულის საკომპენსაციოდ უნდა აენაზღაურებინათ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “ლ.-ის” 2007 წლის 11 სექტემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, იმ დროისათვის ქ. ზესტაფონში, სამოთახიანი ბინის ღირებულება კოსმეტიკური რემონტით, საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, შეადგენდა საშუალოდ 20 000 ლარს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ამასთან, აპელანტებმა მოცემულ საქმეში მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. ჭ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ც. ჭ.-ის სასარგებლოდ 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც იმყოფებოდა სახლმმართველობის ბალანსზე, დაინგრა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის მოსარჩელესაც მიეცა გარანტია, რომ ისინი ბინებს მიიღებდნენ ცხრასართულიან, 36-ბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც უნდა აშენებულიყო იმავე ადგილზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხსენებული გარანტიის საფუძველზე ც. ჭ.-ს წარმოეშვა კანონიერი ნდობა.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მითითება, რომ მას არ გაუცია არანაირი გარანტია მოსარჩელის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის უფლებამონაცვლე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი იყო. აღნიშნული გამომდინარეობდა იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტიდანაც. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურება მხოლოდ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომს არ მიუთითებია კონკრეტული დრო თუ როდის უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად კი, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ იყო განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვეოდა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლებოდა ხანდაზმულად ჩათვლილიყო. ამასთან, აშკარა იყო, რომ ვალდებულება ვეღარ შესრულდებოდა, ამიტომ მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, 20 000 ლარს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის ეს ზიანი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილება ითვალისწინებდა ც. ჭ.-ის ოჯახის დაკმაყოფილებას საცხოვრებელი ფართით მხოლოდ ცხრასართულიანი, 36-ბინიანი სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ. ზემოაღნიშნული ბინის მშენებლობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება არ უკისრია. გარანტია გაცემული ჰქონდა ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომს და არა მუნიციპალიტეტს, რომელზეც არ მომხდარა ამ ვალდებულების გადაკისრება შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემით. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილებით შექმნილი იყო სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს და რომლის მიერაც ხდებოდა სახელმწიფო საშინაო ვალის დადგენა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის ¹108 დადგენილება და “საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა, ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹300 დადგენილება, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოსარჩელისთვის ბინის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ ცნობილი გახდა 1991 წელს, როდესაც ბინის მშენებლობა შეწყდა. სასამართლოს კი 17 წლის შემდეგ მიმართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 2 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 5 ივნისამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.