Facebook Twitter

¹ბს-260-246(კ-07) 24 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 თებერვალს რ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2003 წელს ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ხოლო 2005 წლის 11 მაისს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან.

მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო აენაზღაურებინა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოების (334 ლარის) ხუთმაგი ოდენობით, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და 331-ე პუნქტების ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგრამ მას მოთხოვნაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ დახმარების გაცემა შეჩერებული იყო 2006 წლამდე.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ ბრძანებულებაში კონკრეტულად არ არის მითითებული, გასასვლელი კომპენსაციის გაცემა უნდა განხორციელდეს თუ არა 2004-2005 წლებში დათხოვნილ პირებზე. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც ანალოგიურად კრძალავდა გასასვლელი ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებზე, შრომითი უფლებების დარღვევისა და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით იურიდიულად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებული გასასვლელი დახმარების (334 ლარის) ხუთმაგი ოდენობის _ 1670 ლარის ანაზღაურება.

მოგვიანებით რ. გ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ, ვინაიდან მისი ყოველთვიური სახელფასო დავალიანება შეადგენდა 250 ლარს, შესაბამისად ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებული გასასვლელი დახმარების (250 ლარის) ხუთმაგი ოდენობის _ 1250 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით რ. გ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 1250 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ვინაიდან მოსარჩელე რ. გ-ა 2005 წელს იქნა დათხოვნილი შეიარაღებული ძალების რიგებიდან, მის მიმართ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედება ვერ გავრცელდება, რადგან აღნიშნული პუნქტი ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც მიმდინარე წელს წარმოიქმნება. A

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილ იქნენ 2006 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია ის ფაქტობვრივი გარემოებაც, რომ აღნიშნული სახის ასიგნებანი სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის დაფიქსირებული და შეუძლებელია 2006 წლის 1 იანვრამდე დათხოვნილ პირებზე ასეთი სახის ერთჯრადი გასასვლელი დახმარების გაცემა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 29 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.