Facebook Twitter

ბს-262-255(კ-08) 18 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) – ჯ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 30 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ჯ. ტ-ემ მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიმართ და მოითხოვა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მომსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანების 30-ე პუნქტის შესაბამისად, მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელესთან საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, ჯ. ტ-ე 1989 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში, რუსეთ-საქართველოს გაერთიანებულ სასაზღვრო ჯარში, რის გამოც სამხედრო ნაწილის მიერ 1996 წლის 6 აპრილს გამოეყო სამხედრო ნაწილის საბინაო ფონდში რიცხული ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹94ა-ში მდებარე ბინა ¹22 სამ სულზე. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ბინის მის მფლობელობაში გამოყოფა, რადგან აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში მუშაობის 14 წლის უწყვეტი სტაჟი (იხ. ს.ფ. 1).

ჯ. ტ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

ჯ. ტ-ე ოჯახთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ ეკუთვნის საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანებულების შესაბამისად, ბინის პრივატიზების განხორციელება, რადგან აღნიშნული ბრძანებულება გამოცემულია მოსარჩელესთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ (იხ. ს.ფ. 15).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე ჯ. ტ-ე 1994 წლიდან მუშაობდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებში, კერძოდ, საქართველოში დისლოცირებულ ¹..... სამხედრო ნაწილში ზემდეგად, საიდანაც საკუთარი განცხადებით დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში 2000 წლის 30 მარტს. მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინა ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹49ა-ში მდებარე ბინა ¹22. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების სამმართველოდან გასვლის შემდეგ სამსახურებრივი დანიშნულების ბინები გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი და ჯ. ტ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან იმ საფუძვლით, რომ ჯ. ტ-ეს ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოეყო, შემდეგ მან საკუთარი სურვილით მიატოვა სამხედრო სამსახური, ხოლო ბინა აღნიშნული დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 18 მაისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, თუმცა არ აღსრულებულა მოსარჩელის მიერ ახალი სარჩელის აღძვრამდე.

საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანება მოპასუხეს ავალდებულებს სადავო ბინა გადასცეს ჯ. ტ-ეს, რადგანაც იგი არეგულირებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მათ შორის, ბინით უზრუნველყოფის საკითხებს, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნულ სისტემაში არ უმუშავია.

აღნიშნული ბრძანების 30-ე პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს წინაშე ან ნამსახურევი აქვთ უწყვეტი 10 კალენდარული წელი და სამსახურებრივი დანიშნულებით მიიღეს ბინები, მათზე პრივატიზაციის უფლებას შეიძენენ კანონის შესაბამისად, ხოლო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. ტ-ე არ შედიოდა აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ პირთა წრეში.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხეს ჯ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა და მისი უარი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებაზე უკანონოდ ვერ ჩაითვლება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ გულისხმობს, მაგრამ ამავე კოდექსის 33.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას ქმედების დავალდებულების თაობაზე, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები (იხ. ს.ფ. 65-68).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ტ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან დაირღვა სსსკ-ის 393.2 მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანებულების 30-ე პუნქტი. აპელანტმა ასევე მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ¹603 დადგენილების მე-18 და მე-19 პუნქტებზე (იხ. ს.ფ. 71-72).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ჯ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ტ-ესა და მისი ოჯახის წევრებს სამხედრო გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, 1999 წელს გადაეცა გამოთავისუფლებული სამსახურებრივი ბინა, რომელიც ირიცხება აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე და მისი გამოყენება სამსახურებრივი დანიშნულებით სამმართველოში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების დასაკმაყოფილებლად ხდება. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ტ-ე 1994 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების ¹...... სამხედრო ნაწილში ზემდეგის წოდებით, საიდანაც საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2000 წლის 30 მარტს იქნა დათხოვნილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ტ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა მის მიერ დაკავებული ბინიდან, იმ საფუძვლით, რომ მას თავის დროზე ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოეყო. ჯ. ტ-ემ საკუთარი სურვილით მიატოვა სამხედრო სამსახური, ხოლო ბინა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ჯ. ტ-ზე ვერ გავრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანებულება, რადგან იგი ამ ნორმატიული აქტის სუბიექტს არ წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 137-140).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ტ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტის 1993 წლის ¹603 დადგენილების მე-18-19 მუხლები, რომელთა საფუძველზეც მოპოვებული აქვს პრივატიზაციის უფლება, რადგან წარმოადგენს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სუბიექტს.

კასატორის მითითებით, 2007 წლის დეკემბერში მიმართა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციას, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ შსს სასაზღვრო პოლიცია მზადაა დაადასტუროს, რომ 1993 წლის ¹603 დადგენილების მე-18 პუნქტის თანახმად მოპოვებული აქვს პრივატიზაციის უფლება, რაც, კასატორის მოსაზრებით, ფაქტობრივად სასარჩელო მოთხოვნის აღიარებაა (იხ. ს.ფ. 150-158).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/ /იხ. ს.ფ. 197-200/.

მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს წარმომადგენელმა არ ცნო ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჯ. ტ-ის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ჯ. ტ-ესა და მისი ოჯახის წევრებს სამხედრო გარნიზონის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე, 1999 წელს გადაეცათ გამოთავისუფლებული სამსახურებრივი ბინა, რომელიც ირიცხება აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე და მისი გამოყენება სამსახურებრივი დანიშნულებით სამმართველოში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების დასაკმაყოფილებლად ხდება. ჯ. ტ-ე 1994 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების ¹....... სამხედრო ნაწილში ზემდეგის წოდებით, საიდანაც საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2000 წლის 30 მარტს იქნა დათხოვნილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი და ჯ. ტ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან იმ საფუძვლით, რომ ჯ. ტ-ეს ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოეყო, შემდეგ მან საკუთარი სურვილით მიატოვა სამხედრო სამსახური, ხოლო ბინა აღნიშნული დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 18 მაისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, თუმცა არ აღსრულებულა მოსარჩელის მიერ ახალი სარჩელის აღძვრამდე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ჯ. ტ-ზე ვერ გავრცელდება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანება, რამდენადაც იგი არ არის ამ კანონქვემდებარე აქტის მოქმედების სუბიექტი; მითითებული ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი არეგულირებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მათ შორის, ბინით უზრუნველყოფის საკითხებს, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენს აღნიშნულ სისტემაში დასაქმებულ პირს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანების 30-ე პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს წინაშე ან ნამსახური აქვთ უწყვეტი 10 კალენდარული წელი და სამსახურებრივი დანიშნულებით მიიღეს ბინები, მათზე პრივატიზაციის უფლებას შეიძენენ კანონის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ტ-ე არ წარმოადგენს იმ პირს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის ¹397 ბრძანების 30-ე პუნქტის მოქმედება, ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის დავალდებულება დადოს მასთან პრივატიზაციის ხელშეკრულება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების 1-ლი თავის მე-2 პუნქტისა და მე-3 თავის მე-14 პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებების საბინაო ფონდში, აგრეთვე სახელმწიფო საბინაო ფონდში სამხედრო უწყებათა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობიდან ბინებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით, ამასთან გენერლებს და ადმირალებს ბინები ეძლევათ უვადო სარგებლობის (დამქირავებლის) უფლებით, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას ბინები ეძლევათ სამსახურებრივი დანიშნულებით. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.

ზემოაღნიშნული დებულების მე-5 თავის მე-18 და მე-20 პუნქტების თანახმად კი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს (მოქალაქეებს), რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ, მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესების დაცვით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებების დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შეუნარჩუნდებათ დაკავებულ საცხოვრებელ ფართობზე ცხოვრების უფლება (დამქირავებლად.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დებულების მე-5 თავის მე-18 და მე-20 პუნქტები ვრცელდება არა სამსახურებრივ, არამედ საუწყებო ბინებზე, მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში კასატორი ჯ. ტ-ე ითხოვს სწორედ სამსახურებრივი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების მოპასუხისათვის დავალებას.

საკასაციო სასამართლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-5 თავის მე-17 პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ სამსახურებრივი ბინის პრივატიზაცია დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი ბინის მიღებიდან და პირის სამხედრო ნაწილში სამსახურიდან გასულია სულ ცოტა ათი წელი. ამასთან, აღნიშნული 2 პირობა ერთდროულად უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, ჯ. ტ-ე 11 წელი მსახურობდა სამხედრო სამსახურში, თუმცა მას სამსახურებრივი ბინა გადაეცა 1999 წელს, რის გამოც მას სადავო ბინის პრივატიზაციის უფლება არ მოუპოვებია. ამასთან, სადავო ბინა იმყოფება აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე და მისი გამოყენება სამსახურებრივი დანიშნულებით სამმართველოში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების დასაკმაყოფილებლად უნდა განხორციელდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.