Facebook Twitter

¹ბს-26-26(კ-07) 4 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 24 ივნისს ვ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და დავალიანების _ 2722,7 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების ¹..... ნაწილში .... წოდებით, ...., საიდანაც 2005 წლის 17 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, გათავისუფლების დროს კი არ მიუღია გასასვლელი ერთჯერადი დახმარება _ 585 ლარი, სახელფასო დავალიანება _ 1279,54 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია _ 858,16 ლარი. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული დადასტურებული და აღიარებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹.... ნაწილის მიერ 2005 წლის 6 აპრილის, იმავე წლის 28 მარტისა და 2005 წლის 11 აპრილის ¹116 ცნობებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით საქმე ვ. ჯ-ის სარჩელის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1279,54 ლარის, გასასვლელი ერთჯერადი დახმარების _ 585 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 858,16 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სანივთე ქონების კომპენსაციისა და გასასვლელი ერთჯერადი დახმარების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა, რადგან 2005 წლისათვის, როდესაც მოხდა ვ. ჯ-ის სამსახურიდან დათხოვნა, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე, იმავე ბრძანებულების 331-ე, 34-ე და 35-ე პუნქტების მოქმედება შეჩერებული იყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებულ ბრძანებულებაში ნათლად იყო მითითებული, რომ დასახელებული პუნქტების მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას _ 2006 წლის 27 ივნისისათვის ზემოაღნიშნული პუნქტები კვლავ მოქმედებდა და საქალაქო სასამართლომ სრულიად მართებულად დააკისრა მოპასუხეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა მოსარჩელეზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2005 წლის 6 აპრილს გაცემული ¹109 ცნობით თავად აღიარებდა, რომ ვ. ჯ-ს სამსახურიდან წასვლისას არ აუღია გასასვლელი ერთჯერადი დახმარება _ 585 ლარი, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სამმართველოს მიერ 2005 წლის 11 აპრილს გაცემული ¹120 ცნობის მიხედვით, ვ. ჯ-ს მისაღები ჰქონდა სანივთე ქონების კომპენსაცია _ 858,16 ლარი, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ხსენებული განჩინების გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დათქმა, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ეხება მხოლოდ მოქმედ და არა გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აღარ ესაჭიროება სამხედრო ფორმის ტანსაცმელი.

კასატორი აღნიშნავს, რომ ერთჯერად გასასვლელ დახმარებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტი და არასწორად განმარტა აღნიშნული ბრძანებულების 611-ე პუნქტი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და ამ ნაწილში არასწორად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან დასახელებულ ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების თანახმად (611-ე პუნქტი) საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. კასატორი მიუთითებს, რომ იმ დროისათვის, როდესაც დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ბრძანებულების ის პუნქტი, რომელიც ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემას აწესებს, არ მოქმედებდა, რის გამოც იგი ვერ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც მის იურიდიულ ძალაში შესვლამდე _ 2006 წლის 1 იანვრამდე წარმოიშვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 4 აპრილამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების შემდეგ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების მიღება. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.