Facebook Twitter

¹ბს-26-26(კ-08) 12 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 7 ნოემბერს ზ. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 7 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო "...-ის" საბაჟო-გამშვებ პუნქტ "...-ის" უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹პ-1983 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ზ. ა.-ის 2005 წლის 4 ოქტომბრის ¹27-01-10/20663 წერილი, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობია.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება უკანონოა, ვინაიდან მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ არის განმარტებული ასევე, თუ რაში გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევა, მოცემული კი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რომლის მიხედვითაც ყველა ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დარღვეულია აგრეთვე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, კერძოდ, აღნიშნულ აქტს არ ახლავს ადმინისტრაციული აქტის გამომცემის ხელმოწერა. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზემოაღნიშნული ბრძანება გამოცემულია მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, რითაც დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹პ-1983 ბრძანების ბათილად ცნობას და საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,...-ის” უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს.-ის სასარჩელო განცხადება დააკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის ¹პ-1983 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.

აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებურად დატოვების მეორე სამუშაო დღიდან, ხოლო ზ. ს.-მ სამსახური თვითნებურად დატოვა და არ ცხადდებოდა ერთი თვის განმავლობაში, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი”. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა მიეთითებინა იმ არსებითი მნიშვნელობის გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, სასამართლოს უნდა განესაზღვრა ის საკითხი, რომ თუ ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო მაინც მივა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, ამ შემთხვევაში რა დროიდან უნდა ამოქმედდეს ახლად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების, თუ ახალი აქტის გამოცემის დღიდან.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

M მეორე აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა იმავე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად ჩაერთო მისი უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 18 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოსაზრებებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.