¹ბს-263-249(კ-07) 26 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 24 ნოემბერს ზ. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საკომპენსაციო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წლიდან 2005 წლის თებერვლამდე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, ლოგისტიკის მართვის ცენტრში, საავტომობილო სამმართველოს .... თანამდებობაზე. 2004 წლის იანვარში მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც გახდა II ჯგუფის ინვალიდი. 2005 წლის 25 იანვარს გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალებიდან საექიმო დასკვნის საფუძველზე.
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხემ მასთან არ მოახდინა საბოლოო ანგარიშსწორება. მას მისაღები ჰქონდა ჯილდო – 249,14 ლარი, მივლინების თანხა 98 ლარი და მატერიალური დახმარება – 81,81 ლარი, სულ – 428,95 ლარი, ასევე ¹595 ცნობის საფუძველზე, ფორმის ღირებულება - 897,71 ლარი. ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა მიეცეს ერთჯერადი დახმარება 5 წლის ფულადი სარგოს ოდენობით, სულ-2727 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯილდოს, მივლინებისა და მატერიალური დახმარების – 428,95 ლარის, ფორმის – 897,71 ლარის და ერთჯერადი დახმარების – 2727 ლარის, სულ – 4053.66 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით ზ. ფ-ას სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2006 წლის 2 ივნისს სასამართლო სხდომაზე ზ. ფ-ამ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და უარი განაცხადა ერთჯერადი დახმარების - 5 წლის ფულადი სარგოს – 2727 ლარის ანაზღაურებაზე, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკვე აუნაზღაურა აღნიშნული თანხა. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის, სულ 1326,66 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. @
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 428,95 ლარისა და 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის, 598, 47 ლარის, სულ – 1326,66 ლარის, ზ. ფ-ვის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ზ. ფ-ა სამხედრო სამსახურს გადიოდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - სამხედრო მოსამსახურეს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხევევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები – ასეთი ხასიათის ერთ-ერთი დამატებითი უფლება და გარანტია სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრული სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, ხოლო აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად: ,,მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის სამი წელი, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2005 წლის 25 იანვარს, მან კი 2001, 2002, 2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2005 წლის 24 ნოემბერს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2001 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ივნისის განჩინებით შესწორება იქნა შეტანილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში და ნაცვლად 1326,66 ლარის, მიეთითებინა 1027,42 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განჩინების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, სრულიად უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია საკმარისი მტკიცებულებები. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხსენებული დავალიანების (სანივთე ქონების გაუცემლობა) არსებობა აღიარებულია თავდაცვის სამინისტროს კომპეტენტური პირების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი, ხსენებული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ეკისრებოდა სწორედ თავდაცვის სამინისტროს, რაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ეს დათქმა ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს და არა რეზერვისტს ან გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აღარ ესაჭიროება სამხედრო ფორმის ტანსაცმელი.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ის აუცილებელი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სანივთე ქონების საკუთარი ხარჯებით შეძენის, სამხედრო სამსახურში სანივთე ქონების გამოყენებისა და აუცილებლობის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ საქართველოს 2006 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში არ იყო გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული მიზნებისთვის განსაზღვრული დაფინანსების წყაროები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.