Facebook Twitter

¹ბს-264-257(კ-08) 15 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ლ. თ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურის, ლ. თ-ის, ნოტარიუს თამარ ჩამბას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹15-ში მდებარე ფართზე ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წითელდროშოვანი ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის მიერ სამხედრო მოსამსახურე ლ. თ-ე 04.03.1996წ. გაცემული ¹27 ორდერის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობა, 20.07.05წ. უსასყიდლო პრივატიზების ხელშეკრულების (რეგისტრაციის ¹1-3339) ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის გაუქმება, რომლის თანახმად მითითებული საცხოვრებელი ბინა აღირიცხა ლ. თ-ის საკუთრებაში.

სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ დებულება. აღნიშნული დებულების მე-14 და მე-15 პუნქტების თანახმად, იმ სამხედრო მოსამსახურეების სიები, რომლებსაც ეძლევათ ბინები, ორდერის გამოსაწერად უნდა წარედგინოს შესაბამის საქალაქო და რაიონულ ადგილობრივ მმართველობის ორგანოებს, რომლებიც იხილავენ სამხედრო უწყებიდან გადმოცემულ დოკუმენტაციას და ორი კვირის ვადაში გასცემენ შესაბამის ორდერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წითელდროშოვანი ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის უფროსი არ იყო უფლებამოსილი გაეცა ორდერი ლ. თ-ე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

მოსარჩელის მტკიცებით ლ. თ-ან პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, რადგან დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად სამსახურებრივი დანიშნულების ბინა პრივატიზაციას არ ექვემდებარება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ 1996 წლისათვის ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წითელდროშოვანთა ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექპლოატაციო ნაწილის ბალანსზე იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹15-ში მდებარე ფართი. შესაბამისად, საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილი უფლებამოსილი იყო გაეცა ორდერი სამხედრო მოსამსახურე ლ. თ-ზე, რომელიც იმ პერიოდში მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში. “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლო პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში სადავო ფართი აღრიცხული იყო საცხოვრებელ ბინად. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹11 რეგიონალური ბაზა უფლებამოსილი იყო მოეხდინა საცხოვრებელი ბინის უსასყიდლო პრივატიზირება ლ. თ-ზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.06.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 20.07.05წ. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება (რეგისტრაციის ¹1399), არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წითელდროშოვანი ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის მიერ სამხედრო მოსამსახურე ლ. თ-ზე 1996 წლის 4 მარტს გაცემული ორდერის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობის თაობაზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ბათუმში, .... ქ. ¹15-ში მდებარე ¹15 ბინა აღრიცხულია მოქალაქე ლ. თ-ის საკუთრებაში. აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების საფუძველი გახდა 20.07.05წ. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პროვატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე ინფრასტრუქტურის ქ. ბათუმის ¹11 რეგიონალური ბაზის უფროსმა გელა შაინიძემ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ლ. თ-ეს საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹15-ში.

“საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დანიშნულების ბინა არ ექვემდებარება პრივატიზირებას. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 06.09.06წ. ¹3130 წერილით ირკვევა, რომ ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის მასალებში ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი აღრიცხული არ არის. ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წითელდროშოვანი ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის 05.03.96წ. ¹218 ცნობის და ამავე ნაწილის 02.02.96წ. აქტის მიხედვით, ლ. თ-ზე გადაცემული ფართი იყო სარემონტო სამშენებლო სახელოსნოს ნაწილი, არ წარმოადგენდა საუწყებო ბინას და ლ. თ-ეს გადაეცა სამსახურებრივი დანიშნულებით. მითითებული ფართი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის ტერიტორილ სარეგისტრაციო სამსახურში 2005 წლის ივნისში აღირიცხა საცხოვრებელ ფართად სახელმწიფოს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹11 რეგიონალური ბაზის) საკუთრებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹15-ში მდებარე ბინა წარმოადგენდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინას.

სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაშიც, თუ სადაო ფართი არ წარმოადგენდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინას და ის იყო საუწყებო სახლი, მაინც სახეზეა პრივატიზაციის ხელშეკრულების მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 06.09.1993წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტით რეგულირდებოდა რუსეთის ფედერაციის ჯარების სამხედრო მოსამსახურეებისათვის საუწყებო საბინაო ფონდში ბინების მიცემის პირობები. შესაბამისად, “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების გამოყენება პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას შეუსაბამოა მოქმედ ნორმატიულ აქტებთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზის უფროსის გ. გ-ის 16.05.05წ. ¹215 წერილში მითითებულია, რომ ის თანახმაა ლ. თ-ემ ქ. ბათუმში, აჭარის გზატკეცილზე მდებარე ¹15 ბინის პრივატიზება მოახდინოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 06.09.1993წ. ¹603 დადგენილების მიხედვით, რაც, სასამართლოს აზრით, კიდევ ერთხელ ადასტურებს სადაო ფართის პრივატიზირებისას მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების გამოყენების უსწორობას.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით უფლება მიეცათ მოახდინონ მათი უსასყიდლო პრივატიზირება. მითითებული პუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა მოსამსახურეებზე. ლ. თ-ეს არ უმსახურია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალებში. ამავე დებულების მე-18 პუნქტის თანახმად, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ ნორმაში საუბარია მხოლოდ უკვე მიღებულ ბინებზე. დებულება დამტკიცებული იქნა 1993 წელს, მაშინ როცა ლ. თ-ემ ორდერი მიიღო მხოლოდ 1996 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხები დარეგულირებულია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილებით.

სასამართლოს მითითებით, 20.07.2005წ. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო 70-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია მართლსაწინააღმდეგო გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს.

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წითელდროშოვანთა ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექპლოატაციო ნაწილის მიერ სამხედრო მოსამსახურე ლ. თ-ზე 04.03.1996წ. გაცემული ¹27 ორდერის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობის მოთხოვნა. სასამართლოს მითითებით, სადავო ფართი წარმოადგენდა ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების კუთვნილებას. შესაბამისად საბინაო-საექპსლოატაციო ნაწილი უფლებამოსილი იყო მოეხდინა ლ. თ-ზე ფართის დროებით სარგებლობაში გამოყოფა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება მოითხოვა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ. თ-აც, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.12.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ლ. თ-ემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში განჩინების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების აზრით გაურკვეველია თუ რატომ მიიჩნია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინა სამსახურებრივი დანიშნულების ბინად, რომლის პრივატიზება არ დაიშვება, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წითელდროშოვანთა ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის 05.03.1996წ. ¹218 ცნობის და ამავე ნაწილის მიერ 02.02.1996წ. აქტის თანახმად, ლ. თ-ზე გადაცემული ფართი სარემონტო სამშენებლო სახელოსნოს წარმოადგენდა. სადავო ფართი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საცხოვრებელ ფართად, ხოლო ყოფილ ტექაღრიცხვის მასალებში იგი რეგისტრირებული არ არის. ორდერის გაცემის დროისათვის საცხოვრებელი სახლი აღრიცხული არ იყო, მაგრამ 16.09.1999წ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებისაგან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ამიერკავკასიაში რუსეთის ძალების ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის საავტომობილო სარემონტო სახელოსნოს გადაცემის აქტით სხვა უძრავ ქონებასთან ერთად სამმართველოს გადაეცა 150 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული გარემოება მტკიცდება აგრეთვე 12.06.02წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ფოთის რეგიონალური საბინაო საექსპლოატაციო ნაწილის ბალანსზე რიცხული ¹14 სამხედრო ქალაქის ინფრასტრუქტურის ¹3 რეგიონალურ ბაზაზე გადაცემის და შეაბამისად 20350 სამხედრო ნაწილზე დამაგრების აქტით.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილების მე-18 პუნქტის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს უფლება მიეცათ მოეხდინათ მხოლოდ უკვე დაკავებული ბინების პრივატიზება, ხოლო ლ. თ-ეს ბინაზე ორდერი გაიცა 1996 წელს. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მტკიცებულების სახით წარდგენილი ლ. თ-ის სახელზე 1993 წელს გაცემული დროებითი ორდერი, რომლის შემდეგაც 1996 წელს გაიცა მუდმივი სარგებლობის ორდერი. კასატორების აზრით, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დადგენილება ვრცელდება 1993 წლამდე გაცემულ ორდერებზე. დადგენილებას აქვს დროებით ხასიათი და მოქმედებს მანამ, სანამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო შენაერთები, ხოლო რუსეთის სამხედრო შენაერთებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს 2007 წელს.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დებულების მე-18 პუნქტის თანახმად ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობენ სამხედრო შენაერთებში უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესით. მითითებული დებულებით რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის წესები, ხოლო პრივატიზაციის პირობები განისაზღვრებოდა იმ დროისათვის მოქმედი “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹107 დადგენილებით, რომლის შესაბამისადაც გაფორმებულ იქნა 20.07.05წ. საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. კასატორების მითითებით, დადგენილი წესის დაცვით პრივატიზაცია ნიშნავს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის ანუ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹107 დადგენილების შესაბამისად პრივატიზირებას.

27.03.07წ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ¹198 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაევალა თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელ ბინებზე სამომხმარებლო ორდერების მუდმივი ორდერით შეცვლა და ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ნებართვის გაცემა, შესაბამისად ლ. თ-ზე ¹27 ორდერი არის გაცემული მუდმივი სარგებლობის უფლებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. თ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. თ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. თ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფის ბათუმის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ლ. თ-ეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.