ბს-268-253(კ-07) 2 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი(მოპასუხე) – ქალაქ ფოთის მერია
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ ა. წ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.06წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. წ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქ. ფოთის მერის 07.08.06წ. ¹474 განკარგულების გაუქმება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლიდან ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მუშაობის პერიოდში არასოდეს მიუღია რომელიმე სახის დისციპლინური სახდელი. 07.08.06წ. ქ. ფოთის მერის ¹474 განკარგულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა სამსახურიდან უკანონოდ.
მოსარჩელის განმარტებით მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად არასწორადაა მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას. ზემოთ მითითებული კანონის 99-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა, რომელიც შეტანილია მის პირად საქმეში. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული. ამასთანავე, განკარგულება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ ყოფილა გატარებული სარეგისტრაციო წიგნში და მიღებულია გაურკვეველ დროს. ¹474 განკარგულებაში მითითებულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის და არა იურიდიული განყოფილების უფროსი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 23.10.06წ. გადაწყვეტილებით ა. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 23.10.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ა. წ-ამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ფოთის მერის 07.08.06წ. ¹474 განკარგულების ბათილად ცნობა, ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამუშაოზე მოწყობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე გათავისუფლების დღიდან, ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციის მიერ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.07წ. გადაწყვეტილებით ა. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 23.10.06წ. გადაწყვეტილება, ა. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მერიის 07.08.06წ. ¹474 განკარგულება, ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციას დაევალა მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. წ-ას სამუშაოზე მოწყობის თაობაზე, ა. წ-ას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური დროის ხელფასი 07.08.06წ. ¹474 განკარგულების გამოცემიდან ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციის მიერ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. წ-ა 2000 წლიდან 2006 წლის 7 აგვისტომდე მუშაობდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ქალაქ ფოთის მერის 07.08.07წ. ¹474 განკარგულებით ა. წ-ა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ტ-ას სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით ა. წ-აზე გაცემული იყო რწმუნება, რომლის თანახმად, იგი პროცესზე წარმოადგენდა დაზარალებულს - ქ. ფოთის მთავრობას. მოპასუხის, ქ. ფოთის მთავრობის წარმომადგენლის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს დაზარალებულად ცნობილმა ა. წ-ამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და განმარტა, რომ განსასჯელ მ. ტ-ას ქმედებას ადგილობრივი ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის დაკითხვის ოქმით, დასტურდება, რომ ა. წ-ა წინასწარი გამოძიების ორგანოების მიერ დაზარალებულის სახით დაიკითხა 13.03.06წ., სადაც ის აღნიშნავს, რომ ქ. ფოთის ადგილობრივ ბიუჯეტზე მიყენებულია მატერიალური ზიანი, თუმცა, რადგანაც ქ. ფოთის მთავრობასთან პოზიცია შეთანხმებული არ ჰქონდა, მისივე ჩვენებით, მან თავი შეიკავა სამოქალაქო სარჩელის წარდგენისაგან. საქმეში არსებული სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ა. წ-ამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ: ,,ის ორგანიზაციაზე მიყენებულ ზარალს ვერ ხედავს". ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 22.05.06წ. დადგენილებით დასტურდება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 13.03.06წ. დადგენილება ა. წ-ას დაზარალებულის წარმომადგენლად ცნობის შესახებ გამოცემული იყო სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმეში პირი გამოდიოდეს დაზარალებულის წარმომადგენლად, აუცილებელია წარმომადგენლობას წინ უსწრებდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 68-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება სახელმწიფოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში ქ. ფოთის მთავრობა არ იყო რა ცნობილი საქმეზე დაზარალებულად, არ არსებობდა ა. წ-ას დაზარალებულის წარმომადგენლად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, დადგენილება ა. წ-ას ქ. ფოთის მთავრობის წარმომადგენლად ცნობის შესახებ გაუქმდა და იმავე დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ იქნა ქ. ფოთის მთავრობა. აღნიშნული დადგენილება იმავე დღეს, ანუ 22.05.06წ. ცნობილი გახდა ქ. ფოთის მთავრობისათვის, რის შემდეგაც დაზარალებულის სახით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ქ. ფოთის მერი ვანო საღინაძე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ა. წ-ას ფაქტობრივად არ გააჩნდა ქ. ფოთის მთავრობის წარმომადგენლობა იგი სასამართლო პროცესზე მონაწილეობას ღებულობდა როგორც ფიზიკური პირი, ანუ ის არ იყო აღჭურვილი ქ. ფოთის მთავრობის წარმომადგენლის უფლებამოსილებით. შესაბამისად, ა. წ-ას ჩვენება არ შეიძლება შეფასდეს როგორც სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რამაც გამოიწვია მისი სამსახურიდან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მცდარია ა. წ-ას გათავისუფლების საფუძვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის მითითება, ვინაიდან დადგენილია, რომ ა. წ-ას მიმართ 2006 წლის 07 აგვისტომდე, დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა არ მოქმედებდა. მითითებული ნორმა არეგულირებს მხოლოდ დისციპლინური ღონისძიებების სხვადასხვა საფეხურს, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის ერთჯერადად უხეშად დარღვევისათვის, მოხელის გათავისუფლებას სამსახურიდან დისციპლინური პასუხისგებლობის მოქმედების გარეშე ითვალისწინებს ზემოთხსენებული კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ. ფოთის მერის მიერ სადავო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაცია დისციპლინურ სახდელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 22.05.06წ. ქ. ფოთის საქალაქო სასამართლომ თავისი დადგენილებით გააუქმა ა. წ-ას დაზარალებულად ცნობის დადგენილება და საქმეში დაზარალებულად ჩაბმულ იქნა ქ. ფოთის მთავრობა. ამდენად, ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციისათვის 22.05.06წ. ცნობილი იყო ა. წ-ას ქმედების თაობაზე და თუ მიიჩნევდა, რომ მან ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, შესაბამისი განკარგულება სახდელის დადების შესახებ უნდა გამოეცა 2006 წლის 22 ივნისამდე, სადავო განკარგულება კი გამოცემულია 2006 წლის 7 აგვისტოს, ანუ გაშვებულია გადაცდომიდან დისციპლინური სახდელის დადების ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო განკარგულების გამოცემისას დაშვებულია ასევე არსებითი ხასიათის დარღვევა, კერძოდ, 07.08.06წ. ¹474 განკარგულების თანახმად, გათავისუფლებულია ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსი ა. წ-ა, მაშინ როდესაც ა. წ-ას დაკავებული ჰქონდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის არ არსებობდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობა, რადგანაც მისი სახელწოდება შეიცვალა ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციის (სამსახურის) იურიდიული განყოფილებით, შესაბამისად ვერ მოხდება ა. წ-ას აღდგენა იმ თანამდებობაზე, რომელზედაც მას არ უმუშავია, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის - მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის - საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა გამოცხადებულიყო სადავო აქტი და მოპასუხეს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ უნდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. წ-ას უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან შესაბამისი ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ ფოთის მერის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა არ გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა. წ-ა ზემოაღნიშნულ პროცესზე მონაწილეობას ღებულობდა, როგორც ფიზიკური პირი და აღნიშნა, რომ ქ. ფოთის მერის 13.03.06წ. ¹167 განკარგულებით ,,ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის ა. წ-ვის რწმუნების მიცემის შესახებ" მიენიჭა უფლებამოსილება წარედგინა ქალაქ ფოთის მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ქალაქ ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მ. ტ-ას მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სხვაგვარად ფოთის საქალაქო სასამართლო არ დაუშვებდა ა. წ-ას სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას დაზარალებული მხარის წარმომადგენლად, ფიზიკური პირის სტატუსით.
კასატორის განმარტებით, 03.07.07წ. საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობაზე მიუხედავად მათი წარმოშობის დღისა. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება ძალადაკარგულ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 134-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად ქალაქ ფოთის მერს ა. წ-ა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა იმ მომენტისათვის, როცა მან ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, ანუ 23.05.06წ. ამასთან, ა. წ-ა 2006 წლის 24 მაისიდან უკვე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის 30.11.06წ. ¹3/47 დადგენილების შესაბამისად, ლიკვიდირებულია ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატი და ამდენად არ არსებობს სამართალმემკვიდრე სამსახური და შესაბამისი თანამდებობა, სადაც მოხდება ა. წ-ას აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.04.07წ. განჩინებით ქ. ფოთის მერიის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოსადგენად. ა. წ-ამ წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.08.07წ. განჩინებით ქ. ფოთის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ა. წ-ა 2000 წლიდან 2007 წლის 7 აგვისტომდე მუშაობდა ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ქ. ფოთის მერის 07.08.06წ. ¹474 განკარგულებით ა. წ-ა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მ. ტ-ას მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვისას ა. წ-ას, როგორც ქ. ფოთის მთავრობის წარმომადგენლის, მიერ მიცემული ჩვენება, რომლის დროსაც დაზარალებულად ცნობილმა ა. წ-ამ გადაამეტა უფლებამოსილებას და აღნიშნა, რომ განსასჯელის ქმედებას ადგილობრივი ბიუჯეტისათვის ზიანი არ მიუყენებია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 07.08.06წ. ¹474 განკარგულებით გათავისუფლებულია ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის უფროსი ა. წ-ა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტში «ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის უფროსის» მითითება წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას. აღნიშნული დასტურდება სადავო აქტის დასახელებითაც, კერძოდ ქ. ფოთის მერის 07.08.06წ. ¹474 განკარგულება გამოცემულია ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის ა. წ-ას განთავისუფლების შესახებ(ს.ფ. 4).
დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ა. წ-ა მონაწილეობას ღებულობდა ფიზიკური პირის სახით და ქ. ფოთის მთავრობის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არ იყო აღჭურვილი. სააპელაციო პალატის მიერ მითითებული ფაქტი დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გათვალისწინებისა და შესაბამის მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, საქმეში დაცულია ქ. ფოთის მერის 13.03.06წ. ¹167 განკარგულება, რომლითაც ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმართველობის აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსს ა. წ-ას მიეცა რწმუნება ქ. ფოთის მთავრობის ინტერესების წარმოსადგენად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ქ. ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. დაზარალებულად ცნობის 13.03.06წ. დადგენილებით დაზარალებულად არის ცნობილი ქ. ფოთის მერიის წარმომადგენელი მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ა. წ-ა. დაზარალებულის დაკითხვის 13.03.06წ. ოქმში დაზარალებულის სახით დაკითხული ა. წ-ა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქ. ფოთის მერიისაგან მიიღო რწმუნებულება წარმოედგინა დაზარალებულის სახით ქ. ფოთის მთავრობა(ს.ფ. 29). სასამართლო დაკითხვის ოქმში, რომელიც საფუძვლად დაედო ა. წ-ას მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, მითითებულია ასვე რომ იკითხება დაზარალებულის წამომადგენელი ა. წ-ა (ს.ფ. 31). ფოთის საქალაქო სასამართლოს 22.05.06წ. დადგენილებით გაუქმდა 13.03.06წ. დადგენილება ა. წ-ას დაზარალებულის წარმომადგენლად ცნობის შესახებ და აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა ქ. ფოთის მთავრობა. განიმარტა, რომ წარმომადგენლობას წინ უნდა უსწრებდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 68-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად გამოტანილი დადგენილება სახელმწიფოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ(ს.ფ. 33-34).
იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის სასამართლოს მოსაზრება სადავო აქტის გამოცემისას შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით გამოცემის თაობაზე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს 25.05.06წ. შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო დისციპლინური სამართალდარღვევა ჩადენილი იქნა 22.05.006წ., ხოლო ა. წ-ასა და ქ. ფოთის მთავრობას შორის 2006 წლის 8 აგვისტომდე არსებობდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 25.05.06წ. შრომის კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ძველი შრომის კანონთა კოდექსის ნორმათა გავრცელების შესაძლებლობაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობზე, რომ «ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ» ორგანული კანონისა და თვითმმართველი ქალაქი ფოთის 30.11.06წ. ¹3/47 დადგენილების შესაბამისად ლიკვიდირებული იყო ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმართველობის აპარატი და არ არსებობდა მისი სამართალმემკვიდრე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ» ორგანული კანონით დადგინდა «ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონით განსაზღვული ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმართველი ერთეულის ლიკვიდაცია და განისაზღვრა მათი სამართალმემკვიდრე ორგანოები. აღნიშნული კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი არის იმ ქალაქის სამართალმემკვიდრე, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედის რაიონის შემადგენლობაში. ამდენად, კასატორი თვითმართველი ქალაქ ფოთის მერია წარმოადგენს ფოთის ადგილობრივი თვითმართველობისა და მისი აპარატის უფლებამონაცვლეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ფოთის მერის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.07წ. გადაწყვეტილება;
2. საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულსაქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.