Facebook Twitter

¹ბს-269-254(კ-07) 26 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 1 მაისს ნ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყოფილ საგანგებო ლეგიონში მუშაობდა მისი ჩამოყალიბების დღიდან. აღნიშნული ორგანიზაცია ლიკვიდირებულ იქნა და 2003 წლის ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქრთველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად.

მოსარჩელის განმარტებით, მისი სახელფასო დავალიანება შეადგენდა 655, 42 ლარს, რის თაობაზეც მან მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, საიდანაც აცნობეს, რომ ,,2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულია წინა წლების დავალიანებების დაფარვა. ამასთან, დავალიანება გაიცემოდა ფინანსთა სამინისტროში შემუშავებული რიგითობის გათვალისწინებით, მაგრამ აღნიშნული დავალიანება დღემდე არ მიუღია.

აღნიშნულიდან გამომდიანრე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების - 655,42 ლარისა და მითითებულ თანხაზე ყოველთვიური პროცენტის ანაზღაურება.

2006 წლის 16 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ნ. ლ-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მიუღებელი სახელფასო დავალიანების სახით 655,42 ლარის დაკისრება.

მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 655,42 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორედ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-14 და 37-ე მუხლები, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 და 96-ე მუხლები, ვინაიდან ეს ნორმები არ არეგულირებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის წესს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სპეციალური ნორმით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, ანუ საქართველოს ,,2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

საქართველოს უზენესი სასამართლოს ადმინისტრციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 30 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 13 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.