¹ბს-271-256(კ-07) 23 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ-ის, გ. დ-ისა და ა. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 19 აპრილს ნ. ხ-მა, გ. დ-მა და ა. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მიუღებელი ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 4 თვის ხელფასის _ თითოეულისათვის 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ა. ლ-ეE და გ. დ-ი 2005 წლის 27 სექტემბერს დაითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ხოლო ნ. ხ-ი _ 2005 წლის 1 დეკემბერს.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 75-ე მუხლის შესაბამისად, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება, შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვილი იყო პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით ეძლეოდა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი, ხოლო პენსიის გარეშე დათხოვნისას (უარყოფითი მოტივით დათხოვნის შემთხვევის გარდა) _ გამოსასვლელი დახმარება უკანასკნელი 2 თვის ხელფასის ოდენობით.
მოსარჩელეებს, ზემოხსენებული დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, არ მიუღიათ ერთდროული დახმარება 4 თვის ხელფასის ოდენობით, რის თაობაზეც მათ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 და 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებებით “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო 2007 წლის 1 იანვრამდე.
მოსარჩელეებმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უარი უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებით “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერდა ჯერ 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებით _ 2007 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრიდან 23 იანვრამდე პერიოდში ხსენებული დებულების 75-ე მუხლი მოქმედებდა, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მათთვის ერთდროული დახმარება 4 თვის ხელფასის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის, გ. დ-ისა და ა. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწაყვეტილება ნ. ხ-მა, გ. დ-მა და ა. ლ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით ნ. ხ-ის, გ. დ-ისა და ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ხ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის ასეულის (ესკორტი) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2005 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო გ. დ-ი და ა. ლ-ეEიმავე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ 2005 წლის 27 სექტემბრიდან.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 75-ე მუხლში, რომელიც ითვალისწინებდა დათხოვნილ პირთა შეღავათებს, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის ¹213 ბრძანებულებით შევიდა ცვლილება, კერძოდ _ შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვილი იყო პენსიის მიღების უფლებით, ერთდროული დახმარების სახით ეძლეოდა უკანასკნელი 4 თვის ხელფასი, ხოლო პენსიის გარეშე დათხოვნისას _ გამოსასვლელი დახმარება უკანასკნელი 2 თვის ხელფასის ოდენობით. აღნიშნული ნორმის მოქმედება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹624 ბრძანებულებით შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2006 წლის 23 იანვრის ¹61 ბრძანებულებით მითითებული ნორმის მოქმედება შეჩერდა 2007 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის ¹681 ბრძანებულებით შეჩერდა 2008 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტების სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში და მათ მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროსაც “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 75-ე მუხლის მოქმედება შეჩერებული იყო და იგი სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღების დროსაც შეჩერებული იყო, სარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება ნ. ხ-მა, გ. დ-მა და ა. ლ-ემ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ხ-ის, გ. დ-ისა და ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 23 მაისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის, გ. დ-ისა და ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-ის, გ. დ-ისა და ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.