Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-271-264(კ-08) 29 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კ. დ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 14 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-271-264(კ-08) კ. დ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით კ. დ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი). შესაბამისად, კასატორს მიეცა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 117-119).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ კ. დ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2008 წლის 3 აპრილს. საქართველოს ფოსტის 2008 წლის 28 მაისის ¹15-30-253/08 მომართვის თანახმად, კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 9 აპრილს (იხ. ს.ფ. 129), კასატორის სახელზე გაგზავნილი ხარვეზის მითითების შესახებ განჩინების ასლი მისთვის გადასაცემად ჩაჰბარდა მ. კ-ს 2008 წლის 11 აპრილს (იხ. ს.ფ. 126; 129).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის გზავნილი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიეტებს.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება 2008 წლის 24 მარტის განჩინება ჩაბარებულად ითვლება კასატორისათვის, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორმა ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. დ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.კ. დ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.