Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-273-258(კ-07წ.) 18 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლოა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 23 მარტს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-273-258(კ-07), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებაზე, გ. ჩ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ /იხ.ს.ფ. 1/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. შესაბამისად, მხარეს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივრი 2 (ორი) ასლითურთ კასაციის მიზეზის მითითებით განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში /იხ.ს.ფ. 61-62/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ განუსაზღვრა გონივრული ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნა 2007 წლის 30 მარტს და ჩაბარდა 2007 წლის 2 აპრილს /იხ.ს.ფ. 63-64/, წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის ხარვეზი მხარის მიერ შევსებული არ იქნა _ კასატორს საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი 2 (ორი) ასლითურთ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საპროცესო ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონიმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, განსაზღვრულ დროში საპროცესო მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საპროცესო კოდექსის 396.1. “ე” მუხლი კასატორს ავალდებულებს საკასაციო სასამართლოს წარუდგინოს საკასაციო საჩივარი სამართლებრივი საფუძვლების აღნიშვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ შესრულებული არ არის. ამასთან, კასატორ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობით საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ მოუმართვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, მე-12, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.