ბს-274-259(კ-07) 6 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. წ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 თებერვალს ჯ. წ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვა საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹პ-209 და 2006 წლის 16 იანვრის ¹გან-22 ბრძანებების ბათილად ცნობა, ...-ის თანამდებობაზე აღდგენა, უკანონო თანამდებობრივი დაქვეითების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის, წინა წლებში მიუღებელი ხელფასის, სახელფასო დანამატისა და მიუღებელი საშვებულებო დახმარების ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992 წლიდან 2001 წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში წამყვან და მთავარ ინსპექტორად. 2001 წლის ნოემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უშუალო დაფინანსებითა და მონაწილეობა-ზედამხედველობით ჩატარდა საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეთა ტესტირება-ატესტაცია, რომლის შედეგების საფუძველზე ჯ. წ.-ე დაინიშნა და 2004 წლის 25 აგვისტომდე მუშაობდა წამყვან და ...-ად. საქართველოს კონტროლის პალატაში ახლად დანიშნული ხელმძღვანელობის მიერ 2004 წლის აგვისტოში ჩატარებულ იქნა ე.წ. კლასიკური ფორმით ზეპირი გამოცდა _ ატესტაცია, რის შესახებაც მოსარჩელისათვის არ წარუდგენიათ წერილობითი დოკუმენტი. აღნიშნული ატესტაციის შემდეგ, 2004 წლის 25 აგვისტოს ¹პ-209 ბრძანების პირველი პარაგრაფის საფუძველზე, ჯ. წ.-ე გათავისუფლებულ იქნა საქართველოს კონტროლის პალატის მე-2 დეპარტამენტის ...-ის თანამდებობიდან და იმავე ბრძანების მე-2 პარაგრაფით დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის ... სექტორის დეპარტამენტის ...-ის მოვალეობის შემსრულებლად.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹პ-209 ბრძანებას საფუძვლად არ ედო ატესტაციის შედეგები და იგი მიღებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის დარღვევით, რადგან მოსარჩელე სამუშაოზე მიღებული იყო განუსაზღვრელი ვადით და მისი დაქვეითებით _ მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანით დაირღვა მისივე შრომის პირობები, ვინაიდან ჯ. წ.-ს ამის შესახებ თანხმობა არ განუცხადებია.
მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული უკანონო ქმედებით საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და უხეშად დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე, 79-ე მუხლებისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს კონტროლის პალატის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹პ-209 ბრძანების უკანონობას ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ მასში საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-281 ბრძანებით შეტანილ იქნა არსებითი ცვლილება.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 იანვრის ¹გან-22 ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, იყო უკანონო და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. საქართველოს კონტროლის პალატაში საჯარო მოხელეთა ატესტაცია ჩატარდა 2005 წლის 28-29 ივლისს, 26 აგვისტოს და 28 ოქტომბერს. მოსარჩელემ ატესტაციაში ვერ მიიღო მონაწილეობა, ვინაიდან 2005 წლის 27 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ასევე 23 აგვისტოდან 31 აგვისტომდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რის შესახებაც წინასწარ იყო გაფრთხილებული კონტროლის პალატის ხელმძღვანელობა, რაც დადასტურებულია საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 8 აგვისტოს ¹შ-133 და იმავე წლის 5 სექტემბრის ¹შ-153 ბრძანებებით, ამასთან, 2005 წლის 29 აგვისტოს ¹შვ-220 ბრძანებით ჯ. წ.-ე 30 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო, რაც შეეხებოდა 2005 წლის 28 ოქტომბერს დამატებით რამდენიმე მოხელისათვის პერსონალურად დანიშნულ ატესტაციას, მისი ჩატარების თარიღი და ადგილი მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო.
მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ ჯ. წ.-ს გაშვებული ჰქონდა 2004 წლის 25 აგვისტოს ¹პ-209 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით, ისე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ვადები, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ამასთან, მოსარჩელის თანამდებობრივ დაქვეითებას საფუძვლად დაედო არა დისციპლინური სახდელი, როგორც ამას თვითონ ჯ. წ.-ე აცხადებდა, არამედ რეორგანიზაცია და შტატების შემცირება.
მოპასუხის მტკიცებით, ასევე არ არსებობდა 2006 წლის 16 იანვრის ¹გან-22 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ჯ. წ.-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2006 წლის 12 იანვრიდან ატესტაციის შედეგების საფუძველზე, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად. 2005 წლის 28 ოქტომბერს ჯ. წ.-ე სხვა მოხელეებთან ერთად დაექვემდებარა ატესტაციას, რის თაობაზეც შესაბამისი ბრძანების გაცნობის საშუალება მოსარჩელეს ჰქონდა, რადგან ხსენებული ბრძანება საქართველოს კონტროლის პალატის ყველა სართულზე გამოკრული იყო საჯაროდ გასაცნობად. 2005 წლის 24 სექტემბრიდან (შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ) მოსარჩელე ყოველდღე ცხადდებოდა სამსახურში, რაც დასტურდებოდა 2005 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ტაბელით. გარდა ამისა, 2005 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს კონტროლის პალატის კადრების სამმართველოს მიერ შედგენილი ოქმით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე გაეცნო ბრძანებას, მაგრამ გაცნობის ხელმოწერით დადასტურებაზე უარი განაცხადა. მოპასუხე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევდა 2001-2005 წლების მიუღებელი საშვებულებო დახმარების მოთხოვნას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე, რადგან აღნიშნულ კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით ხსენებული მუხლი ამოღებულ იქნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით ჯ. წ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ 2004 წლის 25 აგვისტოს ¹პ-209 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. წ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2006 წლის 16 იანვრის ¹გან-22 ბრძანება; საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჯ. წ.-ის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ...-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა ჯ. წ.-სათვის იძულებით განაცდური ხელფასისა და 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 966,37 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. წ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად, ატესტირებას ექვემდებარებოდა მოხელე 3 წელიწადში ერთხელ. იმავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები წარმოადგენდენ საჯარო მოსამსახურეებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჯ. წ.-ე, როგორც საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელი, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ატესტირებას ექვემდებარებოდა 3 წელიწადში ერთხელ. ჯ. წ.-მ ბოლო ატესტაცია გაიარა 2001 წელს და შესაბამისად, 2005 წელს იგი კვლავ დაექვემდებარა ატესტირებას.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯ. წ.-ე მოსალოდნელი ატესტაციის თაობაზე 2005 წლის 16 ივნისს გაფრთხილებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დაცვით, ხოლო განმეორებითი ატესტაციის ჩატარების თაობაზე მისი ერთი თვით ადრე გაფრთხილების მიზანი, რომ მოხელეს ჰქონოდა საკმარისი დრო მოსალოდნელი ატესტირებისათვის მოსამზადებლად, მოცემულ შემთხვევაში შესრულებული იყო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მოსალოდნელი ატესტაციის შესახებ გაფრთხილებულ იქნა მხოლოდ 4 დღით ადრე, საქართველოს კონტროლის პალატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებით დადგენილი წესის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ განაცხადა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 24 ოქტომბრის ¹ბ-1/58 ბრძანებას ხელი არ მოაწერა იმ მოტივით, რომ ხსენებული ბრძანება მიაჩნდა უკანონოდ, თუმცა, ჯ. წ.-ს აღნიშნული ბრძანება არ გაუსაჩივრებია და არც საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის უცნობებია ტესტირებაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. შესაბამისად, ტესტირებაზე მისი გამოუცხადებლობა შეფასდა არასაპატიოდ, ხოლო ტესტირების შედეგი _ უარყოფითად, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ჯ. წ.-ის გათავისუფლების ბრძანება გამოცემული იყო კანონდარღვევით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რითაც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. წ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის რიგი მუხლები და ,,კონტროლის პალატის მუშაკთა ატესტირების შესახებ” დებულების ნორმები.
კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 7 ივნისის ¹45-ორგ ბრძანებით გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა და საკადრო რეზერვში ჩარიცხულ პირთა ატესტაციის სიაში სწორად იყო შეყვანილი ჯ. წ.-ე.
კასატორის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე მუხლის თანახმად, ატესტირებას არ ექვემდებარება მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. იგივეა მითითებული ,,კონტროლის პალატის მუშაკთა ატესტირების შესახებ” დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამსახურში განსაზღვრული ვადით მიღებულად ითვლება არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად დანიშნული ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პირი და თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ჯ. წ.-ე არ ექვემდებარებოდა ატესტაციას და მის მიმართ 2005 წლის 7 ივლისის ¹45-ორგ ბრძანების არსებობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატის ადმინისტრაციისათვის კარგად იყო ცნობილი ის გარემოება, რომ ჯ. წ.-ე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, არ შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა ატესტაციას, რის გამოც მან 2005 წლის 30 ივნისს გამოსცა საქართველოს კონტროლის პალატის ¹პ-281 ბრძანება 2004 წლის 25 აგვისტოს ¹პ-209 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატის ... სექტორის დეპარტამენტის ...-ად.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 30 ივნისის ¹პ-281 ბრძანების კანონიერად ცნობის შემთხვევაშიც კი, იგი არ შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა ატესტაციას, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ექვს თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ტესტირების გამოცხადებისას მოსარჩელე არ მიეკუთვნებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხვს. იმავე კანონის მე-8 და 23-ე მუხლების თანახმად, იგი იყო მხოლოდ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი. როგორც მოხელე, ჯ. წ.-ე საქართველოს კონტროლის პალატაში მუშაობდა 2005 წლის 30 ივნისიდან. ასეთ ვითარებაში მასზე უნდა გავრცელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და იგი შეიძლებოდა ატესტირებას დაქვემდებარებოდა მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ.
კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგოა სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელობის მხრიდან ჯ. წ.-ის მიმართ დაცული იყო ატესტირების თაობაზე ერთი თვით ადრე გაფრთხილების ვადა. აღნიშნული ვადა სასამართლომ დაიანგარიშა 2005 წლის 16 ივნისს პირველი ატესტაციის თაობაზე მოსარჩელის გაფრთხილებიდან და მიიჩნია, რომ 2005 წლის 28 ოქტომბერს ჩასატარებელ ატესტაციაზე არ იყო საჭირო 4 დღეზე მეტი ხნით ადრე გაფრთხილება, ვინაიდან დაცული იყო გაფრთხილების მიზანი და მოსარჩელეს საკმარისი დრო ჰქონდა ტესტირებისათვის მოსამზადებლად. ამგვარი დასკვნა სააპელაციო სასამართლომ გააკეთა საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის არასწორი განმარტების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. წ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 2 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 6 ივნისამდე.
2007 წლის 17 აპრილს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მოსაზრება წარადგინა ჯ. წ.-მ და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
2007 წლის 18 აპრილს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარადგინა საქართველოს კონტროლის პალატამ და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. წ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. წ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.