ბს-275-260(კ-07) 21 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი(მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ ბ. ყ.-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.07წ. განჩინება
დავის საგანი _ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
05.07.06წ. ბ. ყ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის სანივთე ქონების კომპენსაციის - 494.56 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 28.07.01წ. დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ¹1930 ბრძანების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნია სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება. სამინისტროს საფინანსო სამსახურის მუშაკები პერიოდულად, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით ჰპირდებოდნენ დავალიანების ანაზღაურებას, რაც მისთვის ზაკ-ის მე-9.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციისადმი ნდობის საფუძველს წარმოადგენდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 12.06.06წ. საფინანსო სამსახურმა ¹9/1918 წერილით სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის გაცემაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელის მითითებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მას სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.10.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სანივთე კომპენსაციის _ 494.56 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2001 წლის 28 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბ. ყ.-ის მიმართ გააჩნია სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 494.56 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის მიერ 28.06.06წ. ¹696 გაცემული ცნობით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია ბ. ყ.-ს აუნაზღაუროს სანივთე ქონების კომპენსაცია 494.45 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის 14.06.05წ. და 28.06.06წ. ცნობებით აღიარებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, ,,სამხედრო სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დათქმა ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს და არა რეზერვისტს ან გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აღარ ესაჭიროება სამხედრო ფორმის ტანსაცმელი.
კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და იგი არ შეიძლება ვალის აღიარებად ჩაითვალოს. ამდენად, ბ. ყ.-ის დავალიანება სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულია. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სანივთე ქონების შეძენისა და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში არ იყო გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მიზნებისთვის განსაზღვრული დაფინანსების წყაროები, რის გამოც შეუძლებელია დაკისრებული ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 12.04.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენისათვის. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მოსაზრება. ბ. ყ.-ის აზრით, საკასაციო საჩივარი არ უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად დაშვებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.05.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და განხილული იქნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ბ. ყ.-ი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2001 წლის 28 ივლისამდე. მის მიმართ კასატორს გააჩნია 494.56 ლარის ოდენობით სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კარონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამასი ფულადი კომპენსაცია. აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე კასატორი ვალდებული იყო ბ. ყ.-სთვის აენაზღაურებინა სანივთე ქონების ღირებულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით.
საქმეში დაცულია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის 28.06.06წ. ¹696 და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 14.07.05წ. ¹9/2020 პასუხები ბ. ყ.-ის განცხადებებზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მითითებული დოკუმენტები საინფორმაციო ხასიათის ცნობებია და ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებული არ არის მხოლოდ ბ. ყ.-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არსებული დავალიანება. მათში გამოხატულია სამინისტროს ნება, მიცემულია დაპირება, რომ სამომავლოდ, შესაბამისი დაფინანსების არსებობისას სამინისტრო დავალიანების საკითხს განიხილავს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტი, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისა და მისი თავიდან ათვლის საფუძველია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. ყ.-მ სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს 05.07.06წ. მიმართა, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისთვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულ სამწლიან ვადაში, რის გამოც ბ. ყ.-ის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის და სანივთე ქონების კომპენსაცია ექვემდებარება ანაზღაურებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გადაწყვეტილი სადავო სამართალურთიერთობა, კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.07წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.