Facebook Twitter

ბს-278-271(კ-08) 9 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ბ. მ-ის წარმომადგენლის _ გ. ნ-ის განცხადება სარჩელის უკან გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. მ-ემ 04.06.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და მესამე პირის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ..... ქუჩის ¹30-ში და ..... ქუჩის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მყოფ ობიექტებზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დავალება და საკუთრების მოწმობის გაცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.05წ. გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ბ. მ-ემ აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.07წ. განჩინებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.05წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაიზიარა მათი სამართლებრივი შეფასება. საწინააღმდეგო შინაარსის არსებითი ხასიათის არგუმენტები აპელანტს არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კოოპერატივ “.....” მთელი უძრავ-მოძრავი ქონება წარმოადგენდა ბ. მ-ის საკუთრებას. მას შემდეგ, რაც 05.08.96წ. კოოპერატივის წევრობაზე უარი განაცხადა დანარჩენმა ორმა წევრმა, კოოპერატივ “.....” შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა მოწესრიგდა და ჩამოყალიბდა ინდ.მეწარმე “.....”, რომელიც 08.08.96წ. უკვე არსებობდა, მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო კოდი. მას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქონება და კოოპერატივ “....” ქონების ფაქტობრივი მფლობელი გახდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კოოპერატივ “.....” და დღეის მდგომარეობით, ინდ.მეწარმე “.....” შორის სამართლებრივი კავშირი.

ბ. მ-ემ 10.03.08წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კეტოგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.07წ. განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.04.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ბ. მ-ის წარმომადგენელმა გ. ნ-მა 20.05.08წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ბ. მ-ის სასარჩელო განცხადების გამოხმობა, საქმეზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების (განჩინებების) გაუქმება და ბ. მ-ის მის მიერ შეტანილი საბუთების და საქმის მასალების უკან დაბრუნება მოითხოვა.

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო და მესამე პირი ქ. თბილისის მერია დაეთანხმნენ ბ. მ-ის წარმომადგენლის _ გ. ნ-ის მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ბ. მ-ის წარმომადგენლის _ გ. ნ-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს ბ. მ-ის სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას ანძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

ვინაიდან ბ. მ-ემ განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და მის აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო 24.06.08წ. და მესამე პირი ქ. თბილისის მერია 20.06.08წ. წერილებით დაეთანხმნენ, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. მ-ის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე აკმაყოფილებს ზემოღნიშნული ნორმის მოთხოვნას, ბ. მ-ის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს მოსარჩელეს. შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო ინსტანციაში საქმის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. მ-ის წარმომადგენლის _ გ. ნ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.07წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.05წ. გადაწყვეტილება;

3. ბ. მ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, არასაცხოვრებელ ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;

4. ბ. მ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.